"მანჩესტერ სიტი": როგორ გუნდს აშენებს პეპი?

AutoSharing Option
პეპ გვარდიოლას გუნდში მისვლის შემდეგ "მანჩესტერ სიტი" შეუჩერებელია. ჩემპიონთა ლიგაში იქნება თუ პრემიერლიგაში, ინგლისური კლუბი ყველაფერს იგებს. ეს კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რომ თანამედროვე ფეხბურთში მწვრთნელის ფაქტორს უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

მწვრთნელ ხოსეპ გვარდიოლას ჩვენ "ბარსელონადან" და "ბაიერნიდან" ვიცნობთ. რა თქმა უნდა, ინგლისში პეპი ყველაფერ ახალს ვერ მოიგონებს და გამოიყენებს იმ გამოცდილებას, რომელიც ამ ორი გუნდის გაწვრთნის დროს მოაგროვა.

უფრო "ბაიერნი", ვიდრე "ბარსელონა"...
მაინც, რომელს უფრო ჰგავს გვარდიოლას ფორმაციის "სიტი", "ბაიერნს" თუ "ბარსელონას"? დაკვირვებული თვალი უმალ შენიშნავს, რომ მსგავსება "ბაიერნთან" უფრო მეტია. რა
გვაძლევს ამის თქმის საფუძველს? შევეცდებით, ქვემოთ ჩვენი ნათქვამი ფაქტებით გავამყაროთ.

ვისაც გვარდიოლას მიერ გაწვრთნილი "ბაიერნის" თამაში ახსოვს, ერთ რამეში უნდა დაგვეთანხმოს - გუნდი ძალიან ხშირად მიმართავდა ერთ საფეხბურთო ხრიკს. გვარდიოლას მითითებით ფეხბურთელთა დიდი ნაწილი თავს იყრიდა მინდვრის კონკრეტულ მონაკვეთზე. იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ეს იყო ერთადერთი პლაცდარმი შეტევის გასავითარებლად.

ამ დროს პეპი საქმეში რთავდა მოულოდნელობის ეფექტს. ბურთი გადადიოდა მინდვრის შედარებით ხალვათ მხარეს. ამ დროს განსაკუთრებული როლი ეკისრებოდა გერმანული კლუბის ესპანელ ლეგიონერს, ჩაბი ალონსოს. სწორედ ის ასრულებდა პასს, რომლის შემდეგაც "ბაიერნის" შეტევები სრულიად ახალ ვექტორს იღებდა.

დღეს "სიტი" ჯიუტად ცდილობს იმავეს გაკეთებას, რასაც არცთუ დიდი ხნის წინ წარმატებით აკეთებდნენ გერმანელები. ახალი ტაქტიკური ელემენტი უცბად არ იხვეწება. რა თქმა უნდა, მისი ბოლომდე დახვეწა გარკვეულ დროს მოითხოვს. "სიტის" არ ჰყავს თავისი ჩავი, მაგრამ ინგლისელები თავისას არ იშლიან და არცთუ იშვიათად გამოსდით კიდეც.

გვარდიოლამ "სიტიში" "ბაიერნიდან" კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შტრიხი მიიტანა. ვგულისხმობთ, ე.წ. ცრუ ფლანგებით თამაშს. ვერ ვიტყვით, რომ ამ ეტაპზე ექსპერიმენტმა ბოლომდე გაამართლა.

თუ ბევრისათვის გასაკვირად, გაელ კლიშიმ შესანიშნავად აუღო ალღო ნოვაციას, ბაკარი სანიასათვის ეს ტაქტიკური სიახლე აბსოლუტური აბრაკადაბრა აღმოჩნდა. და მაინც, უნდა ველოდოთ, რომ გვარდიოლა ამ კუთხით მომავალშიც იმუშავებს გუნდთან.

"სიტის" ჰყავს ისეთი მცველები, რომლებიც გვარდიოლას საშუალებას მისცემენ, არაერთი ტაქტიკური სიახლე დაამუშაოს. სხვა საქმეა, საბოლოოდ დაცვის რომელ ვარიანტს აირჩევს პეპი.

პრესინგი და ერთი მუშტი
პეპ გვარდიოლას ერთი ციტატა: "თუ შენ გინდა, რომ ბევრი შეუტიო, თავი მაგრად უნდა დაიცვა. შეტევაში ძალიან ბევრი რამ ეფუძნება ფეხბურთელის ინდივიდუალურ შესაძლებლობებს. დაცვაში მომატება კი განსაკუთრებული მუშაობის გარეშე შეუძლებელია".

ამ ციტატიდანაც მშვენივრად ჩანს, რამხელა მნიშვნელობას ანიჭებს გვარდიოლა საკუთარი კარის დაცვას. კარის უსაფრთხოება კი პრესინგიდან იწყება. გვარდიოლასათვის პრესინგი ყოველთვის იყო განსაკუთრებული იარაღი.

პეპი ახალდანიშნული იყო "ბაიერნის" მთავარ მწვრთნელად, როცა გუნდის ჰოლანდიელი ლიდერი არიენ რობენი ამბობდა:

"რა თქმა უნდა, გუნდში გვარდიოლას მოსვლამ მოიტანა გარკვეული სიახლეები. უპირველეს ყოვლისა, ეს გახლავთ პრესინგის თვისობრივად ახალი ვარიანტი. ცხადია, ჩვენ პრესინგს ვიყენებდით ჰაინკესის დროსაც, მაგრამ მას შემდეგ, რაც "ბაიერნში" მოვიდა გვარდიოლა, პრესინგს ვთამაშობთ გაცილებით "ზემოდან". არ შეიძლება, მწვრთნელს არ დაეთანხმო. "ბაიერნს" აქვს იმის კლასი, რომ სწორედ ასე ითამაშოს. ეს არის ის ელემენტი, რამაც თვისობრივად ახალ დონეზე უნდა გაგვიყვანოს", - ამბობდა მაშინ რობენი.

ახლა მოვუსმინოთ "მანჩესტერ სიტის" ფრანგ მცველს, გაელ კლიშის, ვინც გვარდიოლას სამწვრთნელო მეთოდებზე საუბრობს:

"გვარდიოლას უნდა, რომ "სიტიმ" შემტევი ფეხბურთი ითამაშოს. ის ყველა ფეხბურთელს გამორჩევით უხსნის, თუ როგორ უნდა იმოქმედოს შეტევისა თუ დაცვის დროს. პირადად მე სრულებით ახალი წარმოდგენა შემექმნა თუნდაც ფლანგელი მცველების მოქმედებაზე.

გვარდიოლას მთავარი პლუსი ისაა, რომ ის თითოეულ ფეხბურთელს აძლევს საშუალებას, ბოლომდე ჩაწვდეს ამ შესანიშნავი თამაშის საიდუმლოს. პრესინგი იქნება თუ სხვა სათამაშო ელემენტები, პეპს ყველაფერზე თავისი დასაბუთებული აზრი ექნება.

ყველაფრიდან ჩანს, რომ მას "სიტიში" დიდი გარდაქმნები აქვს ჩაფიქრებული და ჩვენ, ფეხბურთელები ნებისმიერ შემთხვევაში მის გვერდით ვართ. რა თქმა უნდა, გვექნება სირთულეები, მაგრამ ჩვენ ეს არ გვაშინებს", - კლიშის ოპტიმიზმს ვერაფრით დაუწუნებს კაცი.

რაც მთავარია, პეპმა უკვე შეძლო და ერთ მუშტად შეკრა გუნდი, სადაც არაერთი ვარსკვლავია. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, რადგან "სიტიში" ყოველთვის შეიმჩნეოდა ფეხბურთელების განცალკევება. ზოგს მოსწონდა ოდინდელ დამრიგებელთა მეთოდები, ზოგს კი არა.

გვარდიოლას საფეხბურთო ინტელექტი კი იმდენად განსაკუთრებულია, რომ ის ყველა ფეხბურთელს უსპობს სეპარატისტულად აზროვნების საშუალებას. აქ ჯო ჰარტი გამონაკლისია. ჰარტს ყიდიან. ჯო გაბრაზებულია.

ითამაშეთ, როგორც გრანდმა უნდა ითამაშოს!
პეპ გვარდიოლას ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა "სიტის" ფეხბურთელებისადმი ასეთია: მათ უნდა ითამაშონ ისე, როგორც ნაღდ გრანდს შეჰფერის. ბოლო წლების განმავლობაში "სიტის" სულ შესანიშნავი შემადგენლობა ჰყავდა, გრანდივით თამაშს კი ვერა და ვერ ახერხებდა.

სწორედ ამ მომენტზე ამახვილებს ყურადღებას "სიტის" ერთ-ერთი ლიდერი, ბელგიელი ვარსკვლავი კევინ დე ბრუინი.

"ჩვენ გვარდიოლამ უნდა გვასწავლოს ისე თამაში, როგორც ნაღდი გრანდები თამაშობენ. აქ, უპირველეს ყოვლისა, მე ვგულისხმობ სათამაშო ფილოსოფიას. ზუსტად ისეთს, როგორიც ჰქონდა ესპანელი სპეციალისტის მიერ გაწვრთნილ სხვადასხვა გუნდს, "ბაიერნს" და "ბარსელონას".

ჩვენ შეგვიძლია ისევე ვითამაშოთ, როგორც ამას ისინი აკეთებდნენ. ჩვენ ვალდებულნიც კი ვართ, რომ ეს გავაკეთოთ. გვარდიოლას მთავარი ამოცანა სწორედ ესაა", - ამბობს დე ბრუინი.

ახლა მოვუსმინოთ რაჰიმ სტერლინგს. საერთოდ, იამაიკელ-ინგლისელი პეპის ერთ-ერთ მთავარ აღმოჩენად იქცა "სიტიში".

"ჩვენ ყველამ ვიცით, რომ გამარჯვებულის მენტალიტეტის მქონე მწვრთნელთან ვმუშაობთ და ეს გვაძლიერებს. რა თქმა უნდა, ყველა მატჩში მიზნად გვაქვს გამარჯვება. სხვანაირად ვერაფრით იქნება, როცა გვარდიოლას ხელმძღვანელობით გადიხარ მინდორზე", - ამბობს სტერლინგი.

"რა იყო აქამდე "სიტის" მთავარი პრობლემა? რა თქმა უნდა, ეს იყო საკუთარი ძალების ნაკლები რწმენა. ახლა ამ კუთხით ყველაფერი კარგადაა. ჩვენ უკვე ვიცით, როგორ უნდა ვითამაშოთ იმისათვის, რომ ნებისმიერ მატჩში ფავორიტებად მოგვნათლონ", - ეს უკვე "სიტის" არგენტინელი შემტევის, კუნ აგუეროს სიტყვებია.

"სიტიში" ისეთი კონტინგენტია თავმოყრილი, რომელსაც მართლაც შეუძლია ასე თამაში და ტიტულების მოგება. დანარჩენი მომავლის საქმეა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული