უეინ რუნი - ბექჰემის რეკორდზე მონადირე

AutoSharing Option
ინგლისის ნაკრების მთავარი მეგოლე უეინ რუნი სანაკრებო კარიერას 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შემდგომ დაასრულებს. თავისი გადაწყვეტილების შესახებ 30 წლის ფეხბურთელმა ფანებს სპეციალურ პრესკონფერენციაზე ამცნო და ამის შესახებ ჩვენ უკვე ვწერდით.

ეს მისი პირველი კომენტარები გახლდათ მას მერე, რაც სემ ელარდაისმა რუნი კაპიტნად დატოვა. შეგახსენებთ, რომ ლივერპულში დაბადებულმა ექსევერტონელმა, რომელიც საბოლოო ჯამში "მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდად იქცა, ინგლისის ღირსება ჯერჯერობით, 115-ჯერ დაიცვა და 52 გოლიც გაიტანა, რაც სარეკორდო მაჩვენებელია, მან სერ ბობი ჩარლტონს გადაუსწრო.

"რუსეთის მუნდიალს დიდი შემართებით ველოდები, მაგრამ ამავდროულად, ეს
დამშვიდობების დროც იქნება, მსოფლიოს ჩემპიონატის მერე სანაკრებო კარიერას დავასრულებ. გადაწყვეტილება უკვე მიღებული მაქვს. იქამდე კიდევ 2 წელია. პროფესიონალურ დონეზე თამაში 16 წლის ასაკში დავიწყე, ხოლო 17 წლისამ უკვე ნაკრებშიც ვითამაშე. 14 წელი დიდი დროა… 2018 წლის მუნდიალისთვის 34-ის ვიქნები. ფანტასტიკური სანაკრებო კარიერა მაქვს, ყოველი წუთით სიამოვნება მივიღე და დარჩენილი წუთებითაც ვისიამოვნებ" - აღნიშნა რუნიმ.

გოლების რეკორდზე ვთქვით და კვირას "შრეკი", ალბათ, კიდევ ერთ სანაკრებო რეკორდს დაამყარებს, თუ იგი მუნდიალის შესარჩევი ეტაპის მატჩში სლოვაკეთის წინააღმდეგ ითამაშებს, მინდვრის ფეხბურთელებს შორის ნაკრებში ყველაზე მეტი მატჩი ექნება ჩატარებული, გადაასწრებს რა დევიდ ბექჰემს.

"რუსეთი ჩემი ბოლო შანსი იქნება იმისა, რომ ინგლისის ნაკრებთან ერთად რამე მოვიგო. იმედი მაქვს, ამ ორი წლის განმავლობაში მაქსიმალურად ვისიამოვნებ. ვიმედოვნებ, სანაკრებო კარიერას მაჟორულ ნოტზე ჩავამთავრებ" - ამბობს რუნი.

აღვნიშნოთ ისიც, რომ ჟოზე მოურინიო რუნის თავდამსხმელების უკან ათამაშებს და ეს იმას ნიშნავს, რომ იგი ნაკრებშიც ამ პოზიციაზე გვევლინება, რადგან სემ ელარდაისის მიდგომით ფეხბურთელი ნაკრებშიც იმავე ამპლუაში უნდა მოგვევლინოს. ბუნებრივია, რუნის ამ საკითხზეც ჰკითხეს…

"რასაკვირველია, ეს მწვრთნელის გადასაწყვეტია. რეალურად ჩვენ ამ თემაზე ჯერ არ გვისაუბრია, ეს ალბათ, ახლა მოხდება, ამ დღეებში. მზად ვარ ვითამაშო, როგორც ნახევარმცველად, ასევე ათ ნომრად ან ფორვარდად, როგორც ნაკრებს დასჭირდება" - თქვა რუნიმ.

ინგლისის ნაკრებს 2009 წლის მერე საკვალიფიკაციო ეტაპების მატჩი არ წაუგია, მაგრამ ფინალურ სტადიაზე იმას ვეღარ ახერხებს ხოლმე, რასაც "ლომებისგან" ელიან. შეძლებს თუ არა სიტუაციის შეცვლას "დიდი სემი", საკითხავია. ვიცით, რომ მას გრანდში არასოდეს უმუშავია და მუდამ აუტსაიდერების თავკაცი გახლდათ.

"ინგლისს ყოველთვის კარგი ფეხბურთელები ჰყავს, მაგრამ რაღაც გვაკლდება ხოლმე. ელარდაისმა იცის, თავისი გუნდებისგან ის შედეგი როგორ მიიღოს, რომელიც სურს და დიდი იმედი მაქვს, ეს ნაკრებშიც გამოუვა" - დაამატა რუნიმ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული