ამ გვიანი ბურთის წყალობით, სემ ელარდაისის დებიუტი წარმატებული გამოდგა და მან გამარჯვებით დაიწყო. თუმცა, მიუხედავად ამისა და იმ უპირატესობისა, რომელსაც ინგლისელები ფლობდნენ, ისევ ბევრი კითხვის ნიშანი გაჩნდა და ნაკრების თამაშმა დიდი აღფრთოვანება ვერ გამოიწვია.
რუნის პოზიცია
ყველაზე მეტს უეინ რუნიზე და მის ახალ ამპლუაზე საუბრობენ. ელარდაისის მიდგომის შესახებ ალბათ იცით, როი ჰოჯსონისგან განსხვავებით, იგი კატეგორიულად მიიჩნევს, რომ ფეხბურთელმა ნაკრებშიც იმავე 30 წლის რუნიმ ნაკრებში თავისი 116-ე მატჩი ჩაატარა და ამ მხრივ, ყველაზე გამორჩეული მინდვრის მოთამაშე გახდა. მასზე მეტჯერ "ლომების" ღირსება მხოლოს მეკარე პიტერ შილტონმა დაიცვა. ექსკაპიტანმა 125-ჯერ ჩაიცვა ნაკრებისთვის ხელთათმანები. შეგახსენებთ იმასაც, რომ რუნიმ ბობი ჩარლტონსაც გადაასწრო და ინგლისის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია.
ამასობაში, 66 წლის შილტონი მიიჩნევს, რომ უეინს სანაკრებო კარიერა ევრო 2016-ის მერე უნდა დაესრულებინა და იფიცება, ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ჩემი რეკორდის გაუმჯობესებასთან არის ახლოსო.
"ვფიქრობ, რომ ის თავდამსხმელია. ამ პოზიციაზე აღარ თამაშობს, არადა, ამპლუით რუნი თავდამსხმელია. თითქოს, განგებ და ხელოვნურად ვცდილობთ, მას გუნდში ადგილი გამოვუძებნოთ. თუმცა იგი ნახევარმცველი არ არის და არც არასდროს იქნება.
კი, უეინი პასების დარიგებას ცდილობს ხოლმე და ზოგჯერ გამოსდის, მაგრამ ვერ ვიტყოდი, რომ ძალიან სასარგებლოა. ჩემი აზრით, ევროპის ჩემპიონატის მერე ნაკრებიდან უნდა წასულიყო. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ მან შესაძლოა, ჩემი რეკორდი გააუმჯობესოს. ამისგან ძალიან შორს ვარ. თუ იგი ამ რეკორდს გააუმჯობესებს და თან კარგად ითამაშებს, მხოლოდ გამიხარდება" - განაცხადა შილტონმა.
"მე ვითამაშე ახალ პოზიციაზე და ამ ამპლუაში დავეხმარე ნაკრებს მოგებაში. ამ თემაზე რატომღაც, ძალიან ბევრს ლაპარაკობენ, ზედმეტსაც" - აღნიშნა რუნიმ.
ბევრს უჩნდება კითხვა იმის თაობაზეც, თუ რატომ ტვირთავენ ასე რუნის, როდესაც 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის იგი შესაძლოა, შესაბამის ფიზიკურ კონდიციაში აღარ იყოს და ძირითად შემადგენლობაში ვეღარ მოხვდეს. თუმცა თავად უეინი დარწმუნებულია, რომ ჯანზე იქნება, ხოლო იმის შესახებ განცხადება, რომ 2018 წლის მუნდიალის მერე იგი ნაკრებიდან წავა, ცოტა ხნის წინათ ისედაც გააკეთა.
თავისი მოსაზრება "ბლექბერნის", "ნორვიჩისა" და "სელტიკის" ყოფილმა თავდამსხმელმა კრის სატონმაც გამოთქვა, რომელსაც ნაკრებში მხოლოდ ერთხელ აქვს ნათამაშები.
"რუნის სიღრმიდან თამაში იწვევდა იმას, რომ მთელი შეხვედრის განმავლობაში ჰარი კეინი იზოლირებული გახლდათ და ეს მის თამაშს კლავდა. რუნი ვერ ადგება და თავისით ვერ აირჩევს, სად ითამაშოს, ეს ამხანაგური შეხვედრა და ვინმესადმი მიძღვნილი შეხვედრა ხომ არ არის, რომლის შედეგსაც მნიშვნელობა არ აქვს. უეინი მშვენიერი მეპასეა და ტექნიკაც აქვს, მაგრამ თუ თამაში ჰარი კეინის ძლიერ მხარეებზე არ მიდის და მას გადაცემებით ვერ ამარაგებენ, მთელი გუნდი გასაჭირშია" - განაცხადა სატონმა.
კეინსაც მოხვდა
ამ საკითხზე ცოტა უცნაური განცხადება გააკეთა თავად ელარდაისმა - მე ვერ ვეტყვი რუნის, სად და როგორ ითამაშოს, მან ეს უკეთ იცის და, რაც უნდა, ის უნდა აკეთოს, მინდორზე როგორც საჭიროდ ჩათვლისო. ეს, ცოტა არ იყოს, წინააღმდეგობაში მოდის მის წინა განცხადებებთან. "დიდმა სემმა" ერთი ის კი დაამატა, ვიცოდით, რუნის სიღრმიდან რომ უნდა ეთამაშა, მაგრამ რეალობაში ზედმეტად სიღრმეში მოუხდა თამაში, მთლად ასეც არ ველოდითო.ჰარი კეინი კი მართლაც ვერ აჩვენებს იმ თამაშს, რომელსაც წინა სეზონში მიგვაჩვია. იგი ევრო 2016-ზეც უფერული იყო და ნაკრებში 22 მაისის მერე არ გაუტანია, როდესაც თურქეთთან ამხანაგურ შეხვედრაში გამოიჩინა თავი. ისიც გვახსოვს, რომ ჰოჯსონმა მას თავიდან კუთხურების შესრულება დაავალა, რასაც ნეგატიური გამოხმაურება ჰქონდა. როგორც ჩანს, ეს თავად კეინსა და ახალ მწვრთნელსაც არ ჰყოფნით სასაცილოდ.
"ჩავაწვდი ხოლმე თუ არა ისევ კუთხურებს? სავარაუდოდ, არა. სემ ელარდაისთან ერთად ამ თემაზე ბევრი ვიცინეთ და ვიხუმრეთ. თუმცა ფაქტია, რომ ასეთი რამ მოხდა და მიწევდა ხოლმე ჩაწოდება. ახლა კი მიხარია, რომ კუთხურებისას საჯარიმოში ვარ და იმედია, გოლების გატანაც გამომივა. რასაკვირველია, ზაფხულის ფიასკო ყველამ განვიცადეთ, მაგრამ ეს ფეხბურთია და ასეთი მომენტები ფსიქოლოგიურად გტეხს და ამავდროულად, გაძლიერებს" - თქვა "ტოტენჰემის" ფორვარდმა.
აქვე იმის გახსენებაც შეგვიძლია, რომ კეინმა წინა სეზონიც მძიმედ დაიწყო და პირველ 6 ტურში გოლი ვერ გაიტანა, მაგრამ საბოლოოდ, 25 ბურთით ინგლისის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
"დავამტკიცე, რომ სკეპტიკოსები ცდებოდნენ. ახლა ხალხმა ისევ დაიწყო ლაპარაკი, ეს ფეხბურთის შემადგენელი ნაწილია და არ მაწუხებს, რადგან ამ მითქმა-მოთქმას დიდ ყურადღებას არ ვაქცევ და საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული ვარ" - დაამატა კეინმა.
ფაქტები
* სემ ელარდაისმა სადებიუტო მატჩში იმარჯვა, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი გახდა ზედიზედ მე-9 მწვრთნელი, რომელმაც ინგლისის ნაკრებში დებიუტი მოგებით აღნიშნა.* უეინ რუნიმ ნაკრებში 116-ე მატჩი ჩაატარა და ამ მხრივ, მხოლოდ პიტერ შილტონს ჩამორჩება. ლეგენდარული მეკარის აქტივში 125 შეხვედრაა. 53 გოლით რუნი ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია.
* ინგლისმა ევროპისა თუ მსოფლიოს შესარჩევი ეტაპის მიჯრით მე-13 მატჩი მოიგო.
* ინგლისელებმა სლოვაკეთის კარისკენ 20-ჯერ დაარტყეს, აქედან 5-ჯერ ზუსტად. სლოვაკეთმა ინგლისის კარისკენ მხოლოდ ერთხელ და ისიც არაზუსტად.
* ბოლო 2 ურთიერთშეხვედრაში ინგლისმა სლოვაკეთის კარისკენ 49-ჯერ დაარტყა და მხოლოდ 1 გოლი გაიტანა - 95-ე წუთზე.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"