პრემიერლიგა. V ტური: იქნებ, ფერგიუსონი დაბრუნდეს... [VIDEO]

AutoSharing Option
* სტარტის შემდეგ ეს იყო პრემიერლიგის ყველაზე შედეგიანი ტური - 10 მატჩში ბურთი 36-ჯერ აღმოჩნდა ბადეში, რაც საშუალოდ თამაშში 3,6 გოლია.
* "ლივერპულმა" "ჩელსისთან" ბოლო 9 გასვლითი მატჩიდან 5 მოიგო.
* ანტონიო კონტემ, როგორც მწვრთნელმა, პირველი საშინაო მატჩი წააგო 2013 წლის იანვრის შემდეგ, რამაც მთელი 30 მატჩი მოიცვა.
* "მანჩესტერ სიტიმ" მოიგო სეზონის პირველი 8 მატჩი (ყველა ტურნირის ჩათვლით). ბოლოს, ოდნავ უკეთესი მიღწევა (9 მატჩი, 9 მოგება) ჰქონდა "ჩელსის" 2005/06 წლების სეზონში.

...მუდმივი პრესინგი და მუდმივი საფრთხე მეტოქის კარზე -
ასეთი გუნდია იურგენ კლოპის "ლივერპული" და ამ სტილში ითამაშა პარასკევს "სტემფორდ ბრიჯზეც". თუ რამ დაღუპავს ექსცენტრული გერმანელი სპეციალისტის გუნდს ამ სეზონში, "ბარნლის" მსგავსი ჩავარდნებია (0:2 მეორე ტურში), თორემ აგერ, ლონდონიდან უკვე მე-7 ქულა წამოიღო - პირველ ტურში "არსენალს" 4:3 მოუგო, მერე 1:1 ითამაშა "ტოტენჰემთან", ხოლო პარასკევს 2:1 სძლია "ჩელსის".

სხვათა შორის, კლოპის თავკაცობით "წითლებმა" აქ შარშანაც გაიმარჯვეს (3:1) და ისევე, როგორც მაშინ, ახლანდელი 3 ქულაც სრულიად დამსახურებული იყო.

"ლივერპული" უკვე პირველ ტაიმში დაწინაურდა ორი ბურთით და ამან "ჩელსი" შოკში ჩააგდო. მიუხედავად იმისა, რომ ანტონიო კონტეს შეგირდები ბევრს ეცადნენ თამაშის გადარჩენას, დიეგო კოშტას საპრესტიჟო გოლის გარდა, სხვა არგუმენტი ვერ გამონახეს.

სტუმრებმა კი პირველ ტაიმში მოპოვებული დიდი მატერიალური უპირატესობა ჭკვიანურად შეინარჩუნეს და კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ამ სეზონში, თუ რამ გაუთვალისწინებელი არ მოხდა ან უიღბლობამ არ დარია ხელი, უთუოდ ტიტულისთვის იბრძოლებენ, ძალიან ძნელი იქნება, მაგრამ მაინც...

აქ ვიღაც შეგვახსენებს, რომ "ჩელსის" არ ჰყავდა ჯონ ტერი, რამაც დაცვას სოლიდურობა მოაკლო. კი ბატონო, მაგრამ სამაგიეროდ, "ლივერპულმა" ტრავმირებული რობერტო ფირმინოს გარეშე ითამაშა, ხოლო ეს ის ფორვარდია, წინა ტურში "ლესტერი" რომ აიკლო...

გუნდიც ეს არის - თუ არ არის დამრტყმელი ფორვარდი, მაშინ თამაშს ან მცველი "გააკეთებს" ან ნახევარმცველი. ამიტომაც უნდა შევაქოთ ხორვატი დეიან ლოვრენი, ვინც 2014 წლის შემდეგ პირველი გოლი გაიტანა (ახლო მანძილიდან კოუტინიოს პასით) პრემიერლიგაში, მაგრამ მარტო ეს არა - თავისი უშუალო მოვალეობაც ჩინებულად შეასრულა. ან რით იყო ნაკლები კაპიტანი ჯორდან ჰენდერსონი? ფანტასტიკური შორეული დარტყმით პატარა შედევრი რომ შექმნა?..

ახლა კი დროა, მწვრთნელებს მოვუსმინოთ და პირველი სიტყვა დამარცხებულს მივცეთ. კონტემ ასე შეაფასა თამაში:

"უცნაურად გავუშვით გოლები და განსაკუთრებით - პირველ ეპიზოდში. როცა დიდი გუნდი ხარ, მუდმივად კონცენტრირებული უნდა იყო და ასეთ სიტუაციაში მეტოქე მეთვალყურის გარეშე არ უნდა დატოვო... კარგი იყო ის, რომ ჩემი ფეხბურთელები პირველი ტაიმის შემდეგ არ გატყდნენ და მეორე ნახევარში იბრძოლეს, გოლიც გავიტანეთ და კიდევ უნდა გაგვეტანა... მაგრამ უკეთესი მეორე ტაიმი ოდნავადაც არ იძლევა დამშვიდების საბაბს. წინ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს. სეზონიც გრძელია, ყველაფრის გამოსწორება შეიძლება".

კლოპი კი, ცხადია, მეცხრე ცაზე იყო: "პირველივე წუთებიდან შესანიშნავად ვითამაშეთ და დავიმსახურეთ კიდეც ის ორი გოლი. სწრაფად ვმოძრაობდით, სწრაფად ვაზროვნებდით... მოკლედ, თამაში სასიამოვნო საყურებელი იყო და ამით ძალიან ბედნიერი ვარ, მაგრამ უკეთ უნდა ვისწავლოთ სათამაშო გეგმის შესრულება. მეორე ტაიმში გაგვიჭირდა და რაღაც შეცდომებიც დავუშვით, მაგრამ ეს ნორმალურია ისეთი მეტოქის წინააღმდეგ, როგორიც დღეს გვყავდა".
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

* * *
"ბორნმუთი" ყველაზე ძლიერი გუნდია მათ შორის, ვისაც აქამდე ვეთამაშეთო, - თქვა პრესკონფერენციაზე პეპ გვარდიოლამ. რა თქმა უნდა, ეს იყო კენჭი ჟოზე მოურინიოს ბოსტანში - წინა კვირას ხომ მანჩესტერული დერბი ვნახეთ...

ასეა თუ ისე, "სიტი" უდანაკარგოდ მიჰქრის. კელეჩი იჰეანაჩომ გუნდს სერხიო აგუეროს დისკვალიფიკაცია არ აგრძნობინა. 19 წლის ნიგერიელმა ყმაწვილმა ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა, თან საგოლე პასიც მიითვალა და სეზონის სტარტიდან ეს მაჩვენებელი სამამდე გაზარდა.

ბრწყინვალე ფორმაშია კევინ დე ბრუინიც - ასევე 2 გოლი და 3 საგოლე პასი. ის "სიტის" ლიდერად იქცა. ბელგიელის გავლენა თამაშის მსვლელობაზე, ტემპზე თუ შეტევის მიმართულებაზე, ძალიან დიდია.

ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ ერთი რამ მაინც ვერ გავიგეთ ამ ბოლო თამაშიდან - როცა შენი გუნდი 4:0-ს იგებს და საფინალო სასტვენამდე წუთებიღა რჩება, როგორ უნდა მოახერხო, რომ მსაჯს თავი გააგდებინო? შეიძლება, ბორნმუთელი ადამ სმიტი ამ ეპიზოდში სულაც არ იყო უმანკო კრავი, მაგრამ "სიტის" ესპანელ შემტევ ნოლიტოს რომ არაფერში სჭირდებოდა სიტუაციის გამწვავება, ესეც ფაქტია.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

* * *
ჩემპიონი ნელ-ნელა იქოქება. შუა კვირაში კლაუდიო რანიერის შეგირდებს წარმატებული დებიუტი ჰქონდათ ჩემპიონთა ლიგაში, დაამარცხეს (3:0) რა სტუმრად "ბრიუგე", შინ დაბრუნებულებმა კი სამი უპასუხო გოლი მიართვეს "ბარნლისაც" და ცოტა უკეთ რომ გაესწორებინათ მიზანი, იქნებ ერთი ამდენიც გაეტანათ.

გვერდს ვერ ავუვლით ალჟირელი ისლამ სლიმანის შთამბეჭდავ დებიუტს - ამ ზაფხულს 29 მილიონ გირვანქად ნაყიდმა 28 წლის ფორვარდმა ჯერ პირველი ტაიმის ბოლოს დაჰკრა ზუსტი თავური, ხოლო მერე იგივე გაიმეორა მეორე ნახევარის დასაწყისში.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

* * *
არსენ ვენგერი ძალიან გაბრაზებულა ალექსის სანჩესზე, კაცზე, ვინც "ჰალს" ორი გოლი გაუტანა და "არსენალის" ზედიზედ მესამე გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო.

მაშ, რამ გააბრაზა მოსიე არსენი? საქმე ისაა, რომ პირველი ტაიმის მიწურულს ჩილელმა ვერ გაიტანა პენალტი ("ჰალის" მეკარე ელდინ იაკუპოვიჩმა იყოჩაღა), რომელიც... თურმე მას არ უნდა დაერტყა. ყოველ შემთხვევაში, ასე ბრძანა ვენგერმა ნამატჩევს.

აქვე, ერთი საინტერესო სტატისტიკაც: სანჩესი პირველი არსენალელი გახდა, ვინც პრემიერლიგაში ერთზე მეტი პენალტი (ამ შემთხვევაში - ორი) დაარტყა და ერთიც ვერ გაიტანა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

* * *
შაბათის სხვა მატჩებიდან აღსანიშნავია "ევერტონის" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება. რონალდ კუმანის ბიჭები თითქოს, გამოაცოცხლა მეკარე მაარტენ სტეკელენბურგის ავტოგოლმა, რასაც მალევე მოჰყვა გარეთ ბერის (მე-600 მატჩი ჩაატარა პრემიერლიგაში) ზუსტი დარტყმა მახვილი კუთხიდან და მერე ყველაფერი თავის ადგილას დადგა.

"ვესტ ბრომვიჩმა" პირველი მატჩი ჩაატარა და ახალი ჩინელი ინვესტორის ხელში და ტრავმებისგან განახევრებულ "ვესტ ჰემს" 4:2 მოუგო. მიუხედავად დიდი სირთულეებისა, სლავენ ბილიჩის შეგირდებმა თითქმის უიმედოდ წაგებული (0:3) პირველი ტაიმის შემდეგ თავი გამოიდეს, მაგრამ სანუგეშოდ ის თუ ეყოფათ, რომ დიდი ანგარიშით მარცხს გადაურჩნენ.

მასპინძელთაგან დუბლი შეასრულა "ტოტენჰემისგან" კლუბისთვის სარეკორდო 13 მილიონ ფუნტად ნაყიდმა ნასერ ჩადლიმ - სწორედ 27 წლის ბელგიელი იყო "ვესტ ბრომვიჩის" 4 გოლის თავი და ბოლო.

* * *
კვირას "მანჩესტერ იუნაიტედმა" ზედიზედ მეორე მატჩი წააგო, ხოლო თუ ევროპალიგასაც მივათვლით, უკვე - მესამე. ჩანს, ჟოზე მოურინიომ ჯერჯერობით, ვერ მოარგო გასაღები გუნდს, რომელიც ძალიან სწორხაზოვნად და უკბილოდ თამაშობდა მოკრძალებულ "უოტფორდთან". ასე ელოდა ყველა, რომ ლუი ვან გაალი ნელა-ნელა მოატრიალებდა "იუნაიტედს", მაგრამ...

"იქნებ, ფერგიუსონი დაბრუნდეს", - მომესმა მიმოხილვის წერისას გვერდით მჯდომი მეგობრისგან. ზუსტად მოარტყა! სათაურადაც ივარგა და საბოლოო წერტილის დასასმელადაც.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

პრემიერლიგა. V ტური
16 სექტემბერი
ჩელსი-ლივერპული 1:2
გოლები: 0:1 ლოვრენი (17), 0:2 ჰენდერსონი (36), 1:2 დიეგო კოშტა (61)
ჩელსი (4-1-4-1): კურტუა - ივანოვიჩი, კეჰილი, დავიდ ლუიზი, ასპილიკუეტა - კანტე - ვილიანი (84. მოზესი), ოსკარი, მატიჩი (84. ფაბრეგასი), აზარი (84. პედრო) - დიეგო კოშტა.
ლივერპული (4-3-3): მინოლე - კლაინი, მატიპი, ლოვრენი, მილნერი - ლალანა, ჰენდერსონი, ვინალდუმი (90. სტიუარტი) - მანე, კოუტინიო (82. ლუკას ლეივა), სტარიჯი (57. ორიჯი).
გაფრთხილება: ვილიანი (45) - ლუკას ლეივა (88)
კუთხური: 6-4; ჯარიმა: 6-13; თამაშგარე: 6-2; კარში დარტყმა: 12-13 (4-5); ბურთის ფლობა: 53%-47%.
მაყურებელი: 41 514

17 სექტემბერი
ჰალი-არსენალი 1:4
გოლები: 0:1 ალექსის სანჩესი (17), 0:2 უოლკოტი (55), 1:2 სნოდგრასი (79-პენ), 1:3 ალექსის სანჩესი (83), 1:4 ჯაკა (90)
ჰალი (4-3-3): იაკუპოვიჩი - ალ მუჰამადი, ლივერმორი, კ. დევისი, რობერტსონი - ჰადლსტოუნი (58. მეისონი), კლუკასი, მეილერი - სნოდგრასი, დიომანდი (42. მაგუაირი), ა. ერნანდესი (77. მბოკანი).
არსენალი (4-2-3-1): ჩეხი - ბელერინი, მუსტაფი, კოშელნი, მონრეალი - კოკელენი, კასორლა (67. ჯაკა) - უოლკოტი (88. პერესი), იოზილი, ივობი (77. ელნენი) - ალექსის სანჩესი.
გაფრთხილება: - კასორლა (34), ჩეხი (78)
გაძევება: ლივერმორი (40. ჰალი)
გამოუყენებელი პენალტი: ალექსის სანჩესი (41. არსენალი)
კუთხური: 2-4; ჯარიმა: 9-12; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 6-24 (2-9); ბურთის ფლობა: 39%-61%.
მაყურებელი: 22 536

ლესტერი-ბარნლი 3:0
გოლები: 1:0 სლიმანი (45), 2:0 სლიმანი (48), 3:0 მი (78-საკ. კარში)
ლესტერი (4-4-2): ცილერი - სიმპსონი, მორგანი, ჰუთი, ფუხსი - ოლბრაიტონი, დრინკუოტერი (79. ე. კინგი), ემეტრი, მაჰრეზი (85. დ. გრეი) - სლიმანი, ვარდი.
ბარნლი (4-5-1): ჰეტონი - ლოუტონი, ტ. კინი, მი, უარდი - არფილდი (57. გუდმუნდსონი), დეფური (64. უოკსი), მერნი, ჰენდრიკი, ბოიდი - ა. გრეი (79. ბემფორდი).
გაფრთხილება: - ლოუტონი (88)
კუთხური: 7-1; ჯარიმა: 10-9; თამაშგარე: 2-4; კარში დარტყმა: 14-7 (6-2); ბურთის ფლობა: 58%-42%.
მაყურებელი: 31 916

სიტი-ბორნმუთი 4:0
გოლები: 1:0 დე ბრუინი (15), 2:0 იჰეანაჩო (25), 3:0 სტერლინგი (48), 4:0 გიუნდოგანი (66)
სიტი (4-2-3-1): ბრავო - სანია, ოტამენდი (52. სტოუნზი), კოლაროვი, კლიში - ფერნანდინიო, გიუნდოგანი (72. სანე) - სტერლინგი, დე ბრუინი (75. ალექსის გარსია), ნოლიტო - იჰეანაჩო.
ბორნმუთი (4-5-1): ბორუცი - სმიტი, ფრენსისი, კუკი, დენიელსი - იბე (46. უილსონი), უილშირი (69. გოსლინგი), სურმენი, არტერი, სტანისლასი (74. გრეიდელი) - ჯ. კინგი.
გაფრთხილება: ოტამენდი (24) - სმიტი (86)
გაძევება: ნოლიტო (86. სიტი)
კუთხური: 5-5; ჯარიმა: 8-11; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 20-6 (12-2); ბურთის ფლობა: 64%-36%.
მაყურებელი: 54 335

ვესტ ბრომვიჩი-ვესტ ჰემი 4:2
გოლები: 1:0 ჩადლი (8-პენ), 2:0 რონდონი (37), 3:0 მაკკლინი (44), 4:0 ჩადლი (56), 4:1 ანტონიო (61), 4:2 ლანძინი (65-პენ)
ვესტ ბრომვიჩი (4-2-3-1): ბ. ფოსტერი - დოუსონი, მაკოული, ევანსი, გალოუეი (68. ნიომი) - დ. ფლეტჩერი, იაკობი - ფილიპსი, ჩადლი (75. მორისონი), მაკკლინი - რონდონი (87. რობსონ-კანუ).
ვესტ ჰემი (4-2-3-1): ადრიანი - ნორდტვეიტი, კოლინზი, ოგბონა, მასუაკუ (77. ე. ფლეტჩერი) - ნოუბლი (46. ფეგული), კუიატე - ანტონიო, ლანძინი, პაიე - ძაძა (46. კალერი).
გაფრთხილება: დოუსონი (43), ნიომი (86) - ფეგული (86)
კუთხური: 2-6; ჯარიმა: 14-6; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 8-23 (6-5); ბურთის ფლობა: 29%-71%.
მაყურებელი: 22 209

ევერტონი-მიდლსბრო 3:1
გოლები: 0:1 სტეკელენბურგი (21-საკ. კარში), 1:1 ბერი (24), 2:1 კოულმენი (42), 3:1 ლუკაკუ (45)
ევერტონი (4-2-3-1): სტეკელენბურგი - კოულმენი, იაგიელკა, ბეინსი - გუეიე, ბერი (90. ქლევერლი) - მირალასი (72. დეულოფეუ), ბარკლი, ბოლასი - ლუკაკუ (66. ე. ვალენსია).
მიდლსბრო (4-2-3-1): ვალდესი - ბარაგანი, აიალა, გიბსონი, ფრენდი - დე როონი, ფორშოუ (84. კლეიტონი) - ნსუე (59. ნაჯენტი), რამირესი (70. ფიშერი), დაუნინგი - ნეგრედო.
გაფრთხილება: სტეკელენბურგი (22), ბერი (45) - აიალა (37)
კუთხური: 6-3; ჯარიმა: 5-15; თამაშგარე: 4-3; კარში დარტყმა: 11-7 (6-0); ბურთის ფლობა: 52%-48%.
მაყურებელი: 39 704

18 სექტემბერი
უოტფორდი-მანჩესტერი 3:1
გოლები: 1:0 კაპუ (34), 1:1 რაშფორდი (62), 2:1 სუნიგა (83), 3:1 დინი (90-პენ)
უოტფორდი (3-4-1-2): გომეში - კეტკარტი, პრიოდლი, ბრიტოსი - იანმაატი (51. ამრაბატი), ბეჰრამი, კაპუ (82. სუნიგა), ჰოლებასი - პერეირა - იგალო (90. საჩისი), დინი.
მანჩესტერი (4-2-3-1): დე ხეა, ა. ვალენსია (62. მატა), ბაილი, სმოლინგი, შოუ (85. დეპაი) - ფელაინი, პოგბა - მარსიალი (38. იანგი), რუნი, რაშფორდი - იბრაჰიმოვიჩი.
გაფრთხილება: ბრიტოსი (77), ჰოლებასი (77), დინი (86) - პოგბა (75), ფელაინი (88), დეპაი (89), რუნი (90)
კუთხური: 5-7; ჯარიმა: 14-19; თამაშგარე: 0-2; კარში დარტყმა: 10-15 (5-2); ბურთის ფლობა: 40%-60%.
მაყურებელი: 21 118

კრ. პალასი-სტოკი 4:1
გოლები: 1:0 ტომკინსი (9), 2:0 დანი (11), 3:0 მაკარტური (71), 4:0 თაუნსენდი (75), 4:1 არნაუტოვიჩი (90)
კრ. პალასი (4-2-3-1): მანდანდა - ჯ. უარდი, დანი, ტომკინსი (46. დელენი), კელი (75. თაუნსენდი) - ლედლი (78. ფლამინი), მაკარტური - ზაჰა, პუნჩეონი, თაუნსენდი - კ. ბენტეკე.
სტოკი (4-2-3-1): გივენი - გ. ჯონსონი, შოუკროსი, ქემერონი, მარტინს ინდი - უელანი, ალენი - უოლტერსი, კრკიჩი (68. დიუფი), არნაუტოვიჩი - ბონი.
გაფრთხილება: მაკარტური (60), პუნჩეონი (77) - არნაუტოვიჩი (71)
კუთხური: 10-5; ჯარიმა: 15-9; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 14-11 (8-4); ბურთის ფლობა: 57%-43%.
მაყურებელი: 23 781

საუთჰემპტონი-სუონსი 1:0
გოლი: 1:0 ოსტინი (64)
საუთჰემპტონი (4-1-2-1-2): ფ. ფოსტერი - სედრიკი, ფონტე, ვან დიიკი, ბერტრანდი - რომეუ - კლასი (54. ჰოიბერგი), ს. დევისი - ტადიჩი (81. მარტინა) - ლონგი (54. ოსტინი), რედმონდი.
სუონსი (4-3-3): ფაბიანსკი - ნაფტონი, ფერნანდესი, ამატი, კინგსლი (46. რანხელი) - კი (66. მონტერო), კორკი (82. ბასტონი), ფერი - ბეროუ, სიგურდსონი, ფერნანდო ლორენტე.
გაფრთხილება: ლონგი (41) - ნაფტონი (89)
კუთხური: 7-1; ჯარიმა: 14-9; თამაშგარე: 5-1; კარში დარტყმა: 19-9 (6-3); ბურთის ფლობა: 53%-47%.
მაყურებელი: 29 087

ტოტენჰემი-სანდერლენდი 1:0
გოლი: 1:0 კეინი (59)
ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი - უოლკერი, ალდერვეირელდი, დაიერი (77. ბ. დევისი), ვერტონგენი - დემბელე (74. ლამელა), ვანიამა - სისოკო, ალი, სონი - კეინი (87. იანსენი).
სანდერლენდი (4-3-3): პიკფორდი - დენაიერი (90. მაკნეირი), ლ. კონე, ჯილობოჯი, მანკილიო - ნდონგი, კირხჰოფი (79. ხაზრი), კეტერმოლი - იანუზაი, პიენაარი (63. უოტმორი), დეფო.
გაფრთხილება: ბ. დევისი (84) - მანკილიო (44), დენაიერი (57), კეტერმოლი (62), ნდონგი (65), იანუზაი (81), იანუზაი (90), ჯილობოჯი (90)
გაძევება: იანუზაი (90. სანდერლენდი)
კუთხური: 14-1; ჯარიმა: 7-16; თამაშგარე: 0-0; კარში დარტყმა: 31-6 (9-2); ბურთის ფლობა: 74%-26%.
მაყურებელი: 31 251

ბომბარდირები: 5 - დიეგო კოშტა (ჩელსი), ანტონიო (ვესტ ჰემი); 4 - იბრაჰიმოვიჩი (მანჩესტერი), კაპუ (უოტფორდი), ლუკაკუ (ევერტონი).

მომდევნო ტური
24 სექტემბერი:
მანჩესტერი-ლესტერი, ბორნმუთი-ევერტონი, ლივერპული-ჰალი, მიდლსბრო, სტოკი-ვესტ ბრომვიჩი, სანდერლენდი-კრისტალ პალასი, სუონსი-მანჩესტერ სიტი, არსენალი-ჩელსი

25 სექტემბერი:
ვესტ ჰემი-საუთჰემპტონი

26 სექტემბერი:
ბარნლი-უოტფორდი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული