ჟოზე ლუი ვან მოურინიო: "იუნაიტედის" მწვრთნელი უკვე ქილიკის საგნად იქცა

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედი" არ არის რიგითი გუნდი და როცა ის ათ დღეში ზედიზედ სამ თამაშს აგებს, ბუნებრივია, ეს უმალ მთავარი სალაპარაკო თემა ხდება...

14 წლის შემდეგ...
ჟოზე მოურინიოს კოშმარული დეკადა მანჩესტერული დერბით დაიწყო, ევროპალიგაზე "ფეიენოორდთან" წაგებით გაგრძელდა და "უოტფორდთან" მარცხით დასრულდა... მაგრამ ერთი წუთით - დასრულდა თუ..?

ბოლოს, როცა ესოდენ მოკლე პერიოდში მოურინიოს მსგავსი ჩავარდნა ჰქონდა, მარტო ფეხბურთი კი არა, სამყაროც კი სხვანაირი იყო. მაშინ ლეო მესის ჯერ არავინ იცნობდა; ეს ის დროა, როცა ბრაზილიის ნაკრები "იმ" რონალდოსთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონობისთვის ემზადებოდა,
როცა "ფეისბუქი" და "ტვიტერიც" კი არ არსებობდა და როცა ჩვენს მობილურ ტელეფონებს შავ-თეთრი ეკრანი ჰქონდათ...

მოკლედ, იდგა 2002 წლის თებერვალი. მოურინიომ ის-ის იყო ჩაიბარა კრიზისში მყოფი "პორტუ" და ერთ თვეში, 8-დღიანი ინტერვალით, ზედიზედ 3 მატჩი წააგო. მაგრამ ამ სამიდან 2 მარცხი (და ორივე მინიმალური სხვაობით) იწვნია "რეალისგან", რომელმაც გაზაფხულზე ჩემპიონთა ლიგის ის გათამაშება ტრიუმფით დაასრულა...

ჟოზე და ლუი
...მაგრამ დღეს მოურინიო სხვა სიტუაციაშია. მთელი ინგლისი მწვავედ რეაგირებს ამგვარ კრიზისებზე, ბჭობს და, რა თქმა უნდა, ქილიკობს კიდეც...

მაგალითად, ლეგენდარულმა ფორვარდმა გარი ლინეკერმა, რომელიც დღეს ექსპერტად მუშაობს, შეახსენა მოურინიოს, რომ ზედიზედ 3 მატჩი ლუი ვან გაალსაც წაუგია, მაგრამ არა - 10 დღეში.

ახლა ციფრებს გადავხედოთ. გასულ სეზონში ვან გაალის "იუნაიტედს" 5 ტურის შემდეგ დღევანდელზე ერთით მეტი ქულა ჰქონდა. საერთოდაც, ჰოლანდიელთან მოურინიოს შედარების თემაზე ძალიან პოპულარულია "ტვიტერზე", სადაც ფოტომონტაჟიც დაიდო - ორი მწვრთნელის ფიზიონომიის სინთეზმა შვა ახალი ტიპაჟი: "ჟოზე ლუი ვან მოურინიო".

პორტუგალიელს არ ინდობს ჟურნალისტი ტომ უილიამსი: "ახლა მოურინიოს ბევრი ესვრის ქვას, მაგრამ რეალურად ის თავის გრაფიკს უსწრებს. როგორ? მაგალითად, ასე - ჩვეულებრივ, მას ორი სეზონი სჭირდება იმისთვის, რომ გუნდი დაანგრიოს. ახლა კი სულ რაღაც 10 დღეც ეყო ამისთვის".
როგორია?

ვინ არის განტევების ვაცი?
როცა მოურინიოს უჭირს, ის ყოველთვის პოულობს განტევების ვაცს. თუნდაც ახლა, ამ სამი წაგების შემდეგ არც ერთ შემთხვევაში ხელიდან არ გაუშვა შანსი, თემიდის მსახურნი დაედანაშაულებინა.

მოდით, ამოვკრიბოთ ფრაზები ბოლო სამი პრესკონფერენციიდან. "მანჩესტერ სიტისთან" წაგების შემდეგ მან თქვა, რომ "გამოცდილმა არბიტრმა მარკ კლატენბურგმა ორი უხეში შეცდომა დაუშვა"...

"ფეიენოორდთან" მარცხის მერე: "მეტოქემ გოლი თამაშგარე მდგომარეობიდან გაგვიტანა"...

და ბოლოს, "უოტფორდთან" ფიასკოს მიზეზიც მსაჯობა ყოფილა: "არსებობს ეს ფაქტორიც. მაგრამ მე მათი კონტროლის მექანიზმი არ მაქვს".

მაგრამ მსაჯების განქიქებით "იუნაიტედის" თამაშის ხარიხსი უკეთესი არ გამხდარა და არც გახდება - ეს არის ფაქტი, რომელსაც ვერსად გავექცევით.

და რატომ მხოლოდ მსაჯები? "უოტფორდთან" მატჩის შემდეგ მოურინიომ მეორე გოლში ღიად დაადანაშაულა მარცხენა მცველი ლუკ შოუ, რომელმაც ხელი არ შეუშალა ხუან სუნიგას, როცა ეს უკანასკნელი ბურთს საჯარიმოში აწვდიდა. ჟოზემ შოუ ამ ეპიზოდიდან ორიოდ წუთში შეცვალა და მერე სათადარიგოთა სკამზე გაურჩია საქმე...

Sportall.Ge

ხუთი ნაბიჯი
საინტერესო ანალიზი გააკეთა "დეილი მეილმა". პოპულარული გამოცემა მოურინიოს სთავაზობს ხუთპუნქტიან რეცეპტს, რამაც გუნდის მინი-კრიზისიდან გამოყვანას უნდა შეუწყოს ხელი.

პირველია უეინ რუნის ფაქტორი. სეზონის დაწყების წინ მოურინიომ ლამის დასცინა ვან გაალს, რომლის დროსაც რუნი მოედნის სიღრმიდან თამაშობდა. ჟოზეს აზრით კი კაპიტანს ყველაზე მეტად შეეფერება კლასიკური "9" ან "10" ნომრის პოზიცია, ვიდრე "6" ან "8".

და რას ვხედავთ დღეს? იმას, რომ რუნი აბსოლუტურად ამოვარდნილია ყველანაირი სქემიდან, ის არ ემორჩილება არანაირ გეგმას და თამაშობს ისე და იქ, როგორც და სადაც სურს.

მოურინიო არ მიეკუთვნება იმ მწვრთნელებს, "თავისუფალი მხატვრები" გულზე რომ ეხატებათ. ის უმკაცრესი სათამაშო დისციპლინისა და ჩარჩოების მოყვარულია. მაშ რატომ ხდება სხვანაირად რუნის შემთხვევაში? ხომ არ ერიდება მწვრთნელი წონიან ფიგურასთან კონფლიქტს სათამაშო პოზიციის გამო?..

სხვათა შორის, ამასწინათ ინგლისის ნაკრების მწვრთნელმა სემ ელარდაისმაც დაიჩივლა, რომ ვერ შეძლო რუნის გაკონტროლება...

როგორც ჩანს, რუნისთვის კონკრეტული პოზიციის შერჩევა, თუნდაც ეს ფორვარდის როლი იყოს, ერთგვარ გამოწვევად იქცევა მოურინიოსთვის.

მეორე. უნდა დალაგდეს დაცვის ცენტრალური ზონა. "იუნაიტედს" აქ ყოველთვის ჰყავდა გამოკვეთილი და პატივსაცემი ფიგურები - მარტინ ბუჩანი, გორდონ მაკქუინი, გარი პალისტერი, სტივ ბრუსი, იააპ სტამი, რონი იონსენი, რიო ფერდინანდი, ნემანია ვიდიჩი...

ვინ არის დღეს ჟოზეს იმედი? კრის სმოლინგს ჰქონდა და ჯერ კიდევ აქვს პოტენციალი, მაგრამ ამით "მანჩესტერი", ჯერჯერობით, ვერ ხეირობს. სმოლინგმა შეცდომები დაუშვა "უოტფორდთან" მატჩშიც - თუნდაც იმ ეპიზოდში, როცა კარიდან გამოსულ დავიდ დე ხეას შეუშალა ხელი და იქვე, ცარიელი კარის წინ, მეტოქის შემტევი მარტო დატოვა...

ერიკ ბაილი? ეს ბიჭი 30 მილიონ ფუნტადაა ნაყიდი "ვილიარეალისგან" და მოურინიო მასზე დიდ იმედებსაც ამყარებს. "განსაკუთრებულმა" დაცვის ცენტრში რამდენიმე ვარიანტიც გამოსცადა და აღმოჩნდა, რომ სტატისტიკურად, ყველაზე უკეთ ბაილისა და დელეი ბლინდის ტანდემი გამოიყურებოდა. ამიტომ, ჯობია მოუმ ამ წყვილს გამოუცხადოს ნდობა.

მესამე აუცილებლობა. როცა "იუნაიტედი" დიდი გუნდი იყო, მეტოქეს ბოლო წამამდე უკანკალებდა ფეხები. ბოლოს დროს კი ის ვეღარ სცემს შიშის ზარს მოწინააღმდეგეებს. მას უფრო ხშირად უწევს რეაგირება მოვლენებზე, ვიდრე თავად უნდა იყოს ამ მოვლენების ინსპირატორი.

მეოთხე ნაბიჯი ზემოთ უკვე ვახსენეთ და ამაზე სხვა გამოცემებიც ამახვილებენ ყურადღებას - ჟოზემ ნაკლებად უნდა ეძებოს დამნაშავეები სხვაგან და არაფრის დიდებით უნდა "გააშავოს" შეგირდები საჯაროდ, ჟურნალისტების თვალწინ...

და მეხუთე - ფაქტია, პოლ პოგბა, ზაფხულის მთავარი სატრანსფერო გმირი, ჯერჯერობით ვერ ამართლებს მასზე გაცემულ ავანსებს. კითხვებია მის პოზიციასთან დაკავშირებითაც. იმავე "უოტფორდთან" მატჩში "მანჩესტერის" ნახევარდაცვა გაცილებით უკეთესი გახდა მეორე ტაიმში, როცა მოუმ პოგბა სიღრმეში დასწია და მარუან ფელაინისთან ახლოს დააყენა...

დასკვნის სახით კი ვთქვათ, რომ ზედიზედ 3 მარცხი ჯერ არ არის კატასტროფა. ვერც იმას ვიტყვით, რომ "იუნაიტედი" გამოუვალ კრიზისშია. ეს უფრო წინა კრიზისული პერიოდია, რომელიც მოურინიომ, რაც შეიძლება, მალე უნდა დაასრულოს და საამისოდ, ეჭვი არ არის, საკუთარი რეცეპტიც ექნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
საერთოდ რატო მოიყვანეს რაა არასდროს არ მომწონდა ეს მწვრთნელი არაფრით იმედია იზამს რამე ხეირიანს მაგრამ რამე არ გვინდა ჩვენ
dato
02:08 21-09-2016
0
ღირსია მანჩესტრერიც და ჟოზეც რაც ჭირთ... შვაინშტაიგერს როგორც ექცევიან მაგიტომ
effe
12:56 20-09-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული