ვის აქვს ბოდიში მოსახდელი - პეპს, ტურეს, სელიუკს თუ ყველას ერთად

AutoSharing Option
ხოსეპ გვარდილას თქმით, იაია ტურე იქამდე აღარ ითამაშებს, სანამ ბოდიშს არ მოიხდის მისი აგენტის მიერ გაკეთებული კომენტარის გამო. პეპი ბოდიშის უშუალოდ კოტდივუარელის აგენტისგან დიმიტრი სელიუკისგანაც ელის.

33 წლის ნახევამრცველს ამ სეზონში "სიტის" მაისურით მხოლოდ ერთი შეხვედრა აქვს ჩატარებული და გვარდიოლამ იგი ჩემპიონთა ლიგის განაცხადში არ შეიყვანა. სელიუკმა სწორედ ამ თემაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი კლიენტი მწვრთნელის გადაწყვეტილებამ გაანადგურა - ეს უსამართლო საქციელია და გვარდიოლამ ტურეს ბოდიში უნდა მოუხადოს თუ "სიტი" ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებსო.

"იაიამ ბოდიში უნდა მოიხადოს, წინააღმდეგ
შემთხვევაში, იგი არ ითამაშებს. თუ მას პრობლემა აქვს, შეუძლია ეს გუნდის შიგნით გაარჩიოს და კლუბში ესაუბროს ადამიანებს" - თქვა პეპმა, რომელიც "ბარსელონას" თავკაცობდა, როდესაც 2010 წელს კატალონიელებს ტურე "მანჩესტერ სიტის" მიჰყიდეს.

არ დააყოვნა სელიუკის პასუხმაც: "გვარდიოლა ჩემგან ბოდიშს ელის? ჰაჰ! მე ამის გაკეთებას არ ვაპირებ. უპირველეს ყოვლისა, მე შემიძლია ვილაპარაკო ის, რაც მინდა. მერე მეორე, გვარდიოლა ვერ გადაწყვეტს, როდის ვილაპარაკო და როდის არა, როდის მოვიბოდიშო და როდის არა.

ვფიქრობ, რომ ბოდიში მას აქვს მოსახდელი - მანუელ პელეგრინის, ჯო ჰარტისა და იაიას წინაშე. ინგლისში ჯენტლმენობის ტრადიციები ჯერ არ გადაშენებულა.

ვფიქრობ, მას კოლეგები ხელს არ უნდა ართმევდნენ მას მერე, რაც გვარდიოლა პელეგრინის ზურგს უკან ბინძურ თამაშებს მიმართავდა. ვინ არის გვარდიოლა რომ მას ბოდიში მოვუხადო? სუპერმწვრთნელი? მე მას ძალიან კარგად ვიცნობ და დამიჯერეთ - ის სუპერმწვრთნელი არ არის".

თავად ფეხბურთელი ამ საკითხზე არ საუბრობს, მან ჟურნალისტებთან სულ სხვა თემაზე ილაპარაკა და დაადასტურა, რომ სანაკრებო კარიერას ასრულებს.

"ჩემთვის ამ გააწყვეტილების მიღება ერთ-ერთი ურთულესი გახლდათ ცხოვრებაში. 14 წლის განმავლობაში ნაკრებში ვთამაშობდი და ვფიქრობ, ახლა სწორი დროა ამ ნაბიჯის გადასადგმელად" - განაცხადა ტურემ.

აქვე ვთქვათ ისიც, რომ დღეს "სუონსისთან" ლიგის თასის შეხვედრაში შესაძლოა, პირველი მატჩი ჩაატაროს "ქალაქელთა" ბელგიელმა კაპიტანმა ვენსან კომპანიმ. მან ტრავმა მოიშუშა და "ბორნმუთთან" წინა ტურის შეხვედრის განაცხადშიც იყო, მაგრამ გვარდიოლამ იგი არ ათამაშა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული