სკანდალის კვალდაკვალ: 55 ათასი ჰასელბანკს, 5 ათასი რაიტს, 20 პროცენტი ჩელინოს...

AutoSharing Option
ინგლისურ ფეხბურთში მომხდარი სკანდალი დიდ მიწისძვრას შეიძლება შევადაროთ, რასაც კარგა ხნის განმავლობაში მოსდევს შედარებით ნაკლები სიძლიერის ბიძგები. ამ დროს ყველაზე დიდი დარტყმა ეპიცენტრში ფიქსირდება და სემ ელარდაისიც, თავისი სამსახურებრივი სტატუსითა და ფიზიკური გაბარიტებით, ზუსტად შეეფერება "ეპიცენტრის" როლს...

სემ ელარდაისის საქმით ინგლისმა პირველი, დიდი შოკი უკვე მიიღო და ახლა უკვე "მომზადებული" ხვდება ნაკლებად წონიანი ფიგურების მხილებას. როგორც ითქვა, არსებობს მასალები 8 მოქმედ და ყოფილ მწვრთნელზე, ისევე, როგორც საკლუბო ჩინოსნებზე. აგერ, გუშინ რამდენიმე მათგანი უკვე გამოააშკარავეს კიდეც და ამაზე ცოტა ქვემოთ ვისაუბრებთ.

მანამდე კი ვთქვათ სკანდალის სხვა შესაძლო შედეგებზე. არ არის გამორიცხული, ინგლისში დაწყებული მხილების პროცესი გადამდები აღმოჩნდეს ევროპის ბობოლა საფეხბურთო ქვეყნებისთვის, სადაც, სრულიად შესაძლებელია, ანალოგიურ კორუფციულ სქემებს არანაკლები გასაქანი ჰქონდეს.

ეგრეთ წოდებული "ატკატების" ფორმულა ძალიან მარტივია და ამაზე საქართველოშიც ბევრი გვსმენია აქაურ საფეხბურთო "მოღვაწეებზე". თუმცა ესეც ვაღიაროთ - ჩვენი მედია არ არის საკმარისად ძლიერი და დაცული, ასეთი სკანდალები რომ გამოამზეუროს...

თუმცა ინგლისის მაგალითმა შეიძლება ის შედეგიც გამოიღოს, რომ მედიისგან ესტაფეტა პირდაპირ იმ ორგანოებმა მიიღონ, რომელთაც ამგვარი საქმეების გახსნა უშუალოდ ევალებათ.

მაგრამ ინგლისურმა ფეხბურთმა ყველაზე მტკივნეული დარტყმა შეიძლება სპონსორებისა და ტელეკონტრაქტების გაუქმებისგან მიიღოს. ამ ეტაპზე ეს შეიძლება არ არის მოსალოდნელი, მაგრამ კორუფციის მასშტაბები თუ გაიზარდა, იმავე სპონსორებისგან ამას რაღაც რეაქცია აუცილებლად მოჰყვება და ეს იქნება გამოუსწორებელი ზიანი, რაც ფინანსურად თითქოს ყველაზე გამართულ სტრუქტურას სრულიად საწინააღმდეგო რეალობაში გადაიყვანს.

ეს არ არის მხოლოდ ჩვენი ვერსია - ინგლისში დღეს სწორედ ამის ეშინიათ ყველაზე მეტად და ზოგიერთ გამოხმაურებაში ეს ღიადაც იკითხებოდა.

გამოსავლის ძიებაში
სკანდალს ანალიტიკური წერილი მიუძღვნა "ტელეგრაფის" მიმომხილველმა რობერტ ბარინგტონმა. ის ურჩევს ინგლისის საფეხბურთო საზოგადოებას, სირაქლემის პოზაში არ ჩადგეს და პრობლემას თვალებში შეხედოს.

მიმომხილველი ჯერ საფეხბურთო ასოციაციას ამათრახებს და "შეშინებულ კურდღელს" ადარებს, მაშინ, როცა პირიქით უნდა ყოფილიყო. ამ დროს კი, ასოციაცია ჩადგა მოპასუხის როლში და არ აღმოაჩნდა ანტიკრიზისული გეგმა.

შემდეგ ბარინგტონი ლაპარაკობს "დაუსჯელობის სინდრომზე" და მაგალითად მოჰყავს ელარდაისის ჩანაწერის ის ეპიზოდი, როცა ინგლისის ნაკრების აწ უკვე ყოფილი მწვრთნელი რიხით ლაპარაკობს საკუთარ შესაძლებლობებზე - თუ როგორ მარტივად მოაგვარებს საქმეს კანონისთვის გვერდის ავლით.

"განა ცუდია, გყავდეს წარმატებული მწვრთნელი? ეს პროფესიული მხარეა, მაგრამ ვინ ზრუნავს პირად ეთიკაზე? განა ჩვენ წინააღმდეგნი ვიქნებით, თუ მოვიგებთ ჩაწყობილ თამაშს და ამას მხოლოდ მოგვიანებით გავიგებთ? ვინ ზრუნავს ინგლისური ფეხბურთის სახეზე? ვინ აძლევს მაგალითს ახალგაზრდა ფეხბურთელებს? ვინ ფიქრობს სპონსორების შენარჩუნებაზე და ჩვენს იმიჯზე მაშინ, როცა მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობის ინტერესს ვიცავთ?" - წერს ბარინგტონი და იქვე აღნიშნავს, რომ ის, რაც ამ დღეებში ზედაპირზე ამოტივტივდა, მხოლოდ წვერია იმ აისბერგისა, რომელსაც კორუფცია ხრავს.

ის ვერ ხედავს, რომ საფეხბურთო ასოციაციას, კულტურის, სპორტისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების დეპარტამენტს რაღაც "რეცეპტი" ჰქონდეს. ამიტომ ის საზოგადოებას თავის გზას სთავაზობს:

1) სპორტი უნდა შეტანილ იქნას მთავრობის ანტიკორუფციულ სტრატეგიაში;

2) ეს არ არის მხოლოდ საფეხბურთო ასოციაციის მიერ მოსაგვარებელი პრობლემა - ამაში კიდევ უფრო დიდი როლი უნდა ითამაშოს კულტურის, სპორტისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების დეპარტამენტმა;

3) საფეხბურთო ასოციაციამ, იმავე კულტურის, სპორტისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების დეპარტამენტთან ერთად, უნდა დაიწყოს დამოუკიდებელი და გამჭვირვალე გამოძიება ინგლისურ ფეხბურთში სხვა, შესაძლოა კორუფციული ფაქტების გამოსააშკარავებლად.

პერსონები და ფაქტები
"ქუინზ პარკის" მთავარი მწვრთნელი ჯიმი ფლოიდ ჰასელბანკი კორუფციული სკანდალის ერთ-ერთ ფიგურანტად დასახელდა. "ტელეგრაფის" ინფორმაციით, წარსულში ჰოლანდიის ნაკრებისა და "ჩელსის" ფორვარდი 55 ათასი ფუნტის საფასურად მავან პერსონებს უკანონო ტრანსფერების (რასაც თავად "ქუინზ პარკი" გეგმავდა) განხორციელებაში ეხმარებოდა.

კლუბმა უმალ გააკეთა ამაზე განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ჰასელბანკს სრული ნდობა აქვს ხელმძღვანელობისგან, თუმცა იქვე იღებენ ვალდებულებას, შიდა მოკვლევა აწარმოონ.

არადა, 44 წლის ჰასელბანკმა აღიარა, რომ მიიღო გარკვეული ფულადი ჯილდო, ოღონდ არა მოთამაშეთა უკანონო ყიდვა-გაყიდვაში, არამედ სინგაპურში ფეხბურთის თემაზე ჩატარებული "ლექციისთვის":

"ჩემი ადვოკატების საშუალებით უკვე ვუპასუხე ბრალდებებს, - ამბობს ჰასელბანკი. - მე მომმართეს ბატონმა მაკგერვიმ და ქალბატონმა ნიუელმა, რომელთაც მედიაში აგენტებად მოიხსენიებენ.

გარკვეული ანაზღაურების საფასურად, მათ შემომთავაზეს სინგაპურში სიტყვით გამოსვლა საფეხბურთო თემაზე. არ მესმის, ამაში რა პრობლემას ხედავენ? მე არავისთვის არანაირი დაპირება არ მიმიცია, მათ შორის, არც იმ ფეხბურთელის შეძენაზე, რომელთაც მაკგერვისა და ნიუელის კლიენტებად ასახელებენ. არ ვიკადრებდი, შემეთავაზებინა "ქუინზ პარკის" ხელმძღვანელობისთვის ფეხბურთელების ყიდვა პირადი გამორჩენის მიზნით. ასე რომ, ჩემ მიმართ ყოველგვარ ბრალდებას კატეგორიულად უარვყოფ".

მაშინ, როცა "ქუინზ პარკმა" საჯაროდ დააფიქსირა ჰასელბენკის მიმართ ნდობა, ჩემპიონშიპის ბინადარ "ბარნსლის" მესვეურებმა მთავარი მწვრთნელის ასისტენტ ტომი რაიტს დროებით (შიდა გამოძიების მიმდინარეობის პერიოდში) შეუჩერეს უფლებამოსილება. 50 წლის რაიტი "ტელეგრაფის" მიერ სკანდალის ერთ-ერთ მონაწილედ სახელდება.

არსებული ინფორმაციით, მან 5 ათასი ფუნტი მიიღო ჟურნალისტისგან (რომელიც აზიელ ბიზნესმენად წარუდგა), ცალკეულ ფეხბურთელთა ტრანსფერებში დახმარებისთვის.

"ტელეგრაფის" მახეში გაება "ლიდსის" მფლობელი მასიმო ჩელინოც. გამოცემას ხელთ აქვს ფაქტი იმის თაობაზე, რომ 60 წლის იტალიელმა თანხმობა განაცხადა კლუბის აქციათა 20 პროცენტის გაყიდვაზე (რა თქმა უნდა, პირადი ინტერესებიდან გამომდინარე), ფიფასა და ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის წესების იგნორირებით. ახლა ვნახოთ, რა წერია "ლიდსის" ოფიციალურ განცხადებაში:

"ვიდრე წერილს გამოაქვეყნებდა, გამოცემამ გვთხოვა, მისტერ ჩელინოსთვის რამდენიმე კითხვა დაესვა. საპასუხოდ, ჩვენ მოვითხოვეთ იმ სტენოგრამული ჩანაწერის სრული ასლი, ასევე, აუდიო და ვიდეოჩანაწერები, რის გამოქვეყნებასაც გამოცემა აპირებდა. ამაზე უარი მივიღეთ, ამიტომ ჩვენი პასუხიც ნეგატიური იყო. მოგვიანებით, ჩვენ მედიაში ვნახეთ ეს "მტკიცებულებები".

იქ არსად ჩანს, რომ მისტერ ჩელინო აპირებდა საფეხბურთო ასოციაციის წესების იგნორირებას. პირიქით, ის, რაც ჩელინომ მათ შესთავაზა, სწორედაც რომ შესაბამისობაშია ასოციაციის წესებთან, რადგან ერთადერთი მხარე, რომელსაც უფლება აქვს, მიიღოს სარგებელი ტრანსფერებისგან, არის კლუბი.

თუ რომელიმე კომპანია აბანდებს ინვესტიციებს კლუბში და ამავე დროს, აქვს ამ ოპერაციიდან სარგებლის მიღების უფლება, ის რისკავს შესაძლო დანაკარგების გამო და ეს სრულიად ნორმალურია. ეს არ არის წინადადება იმაზე, რომ წესებს გვერდი აუარო, ეს სწორედაც ზუსტი ახსნაა იმისი, თუ როგორ იმოქმედო დადგენილი წესების ფარგლებში და ეფექტურად მართო კლუბი".

და ბოლო აბზაცი, რომელიც ზემოთ ხსენებულ პერსონებს არ ეხება: არალიცენზირებულმა იტალიელმა აგენტმა პინო პალიარამ, რომელმაც წინა დღეს "დაახეთქა" - ათ მწვრთნელს ვუხდიდი ქრთამს ამა და ამ მომსახურებაშიო, გუშინ ფირფიტა გადააბრუნა და "სანს" უთხრა - ვიხუმრე, არავისთვის არაფერი გადამიხდია, მათ შორის, არც - ელარდაისისთვის. ეს ყველაფერი მოვიგონეო...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ატკატები ტრანსფერებიდან,სადაც არ უნდა იყოს ეს; ინგლისში,თუნდაც საქართველოში ჩემი აზრით დღევანდელ ფეხბურთში ეს არ წარმოადგენს კორუფციაზე სამსჯელო მთავარ თემას.ჯერ კიდევ ვერავინ ბედავს ხმამაღალ საუბარს ტოტალიზატორების ამაზრზენ როლს მსოფლიო ფეხბურთის ნელ-ნელა მოკვდინებაში.
sake
09:56 01-10-2016
0
ოჰ ოჰ ოჰ,,,,ალბათ საქართველოში რეებს ჩადიან
Vova
15:46 30-09-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული