პრემიერლიგის პირველი მსხვერპლი და პირველი ამერიკელი

AutoSharing Option
როგორც მოსალოდნელი იყო, "სუონსიმ" ფრანჩესკო გვიდოლინი მოხსნა და მის ნაცვლად კლუბის მთავარ მწვრთნელად ამერიკის ნაკრების ყოფილი თავკაცი ბობ ბრედლი დანიშნა.

იტალიელმა წინა სეზონში "თეთრი გედების" გადარჩენა და მათთვის პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნება კი მოახერხა, მაგრამ ახალი სეზონი "ლიბერთი სტედიუმის" ბინადრებისთვის მძიმედ დაიწყო - ნორმალური თამაშის მიუხედავად, მათ პირველი ტურის მერე არ მოუგიათ და 7 ტურის მერე მე-17 ადგილზე არიან.

58 წლის ბრედლის რაც შეეხება, აშშ-ის ნაკრების დატოვების შემდეგ ის ეგვიპტეს ედგა სათავეში, მერე იყო ნორვეგიული "სტაბეკი" და ბოლოს "ლე ავრი". სწორედ
ფრანგული კლუბიდან გადაბარგდა იგი "სუონსიში". ის, რომ უელსური კლუბის უფროსობამ ბრედლიზე შეაჩერა არჩევანი, გასაკვირი არც არის, რადგან "სუონსის" სათავეში ახლა ამერიკელი ინვესტორები გამოჩნდნენ - კლუბს ახლა სტივ კაპლანი და ჯეისონ ლევინი ფლობენ და მათ პრეზიდენტმა ჰიუ ჯენკინსმაც აუბა მხარი.

ეს ადამიანები შთაბეჭდილებების ქვეშ მოექცნენ იმიტომაც, რომ ბრედლი მებრძოლი ხასიათით გამოირჩევა. მაგალითისთვის, ის ეგვიპტის ნაკრების მწვრთნელად იმ ტრაგედიის და პრობლემური პერიოდის მიუხედავად დარჩა, რომელიც 2012 წელს "პორტ სედზე" დატრიალდა და ამას 74 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი ეგვიპტემ შესანიშნავად დაიწყო, ბრედლის "ამერიკელი ფარაონიც" შეარქვეს. თუმცა, საბოლოოდ, ნაკრები პლეი ოფის მესამე რაუნდში განასთან დამარცხდა. შეგახსენებთ, რომ სწორედ განას ემსხვერპლა ბრედლის გაწვრთნილი ამერიკაც 2010 წლის მუნდიალზე, უაღრესად დრამატულ მატჩში. ბრედლის ყველაზე კარგ პერიოდადაც სწორედ ეროვნული ნაკრების გაწვრთნა რჩება.

მან 2009 წლის კონფედერაციათა თასზე აშშ ფინალში გაიყვანა და გზად ევროპის მოქმედი ჩემპიონი ესპანეთის ნაკრები ჩამოიშორა, რომელსაც 35-მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა. შემდეგ კი კარგად ათამაშა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზეც და დიდ წარმატებამდე ცოტა დააკლდა.

სხვათა შორის, გვიდოლინის გაშვებას კარგი თვალით არ უყურებს ფანების გაერთიანება, რომელიც კლუბის აქციების 21%-ს ფლობს. ისინი იტალიელი ტაქტიკოსისადმი სიმპათიით იყვნენ განწყობილნი და ისიც ეწყინათ, რომ ნორმალურად არავინ არაფერს არ დაეკითხათ.

გვიდოლინს თან გაჰყვნენ მისი შტაბის წევრები - დიეგო ბორტოლუცი, გაბრიელე ამბროზეტი და კლაუდიო ბორდონი. შეგახსენებთ იმასაც, რომ კიდევ ერთი კანდიდატი რაიან გიგზი გახლდათ, მაგრამ მისი გამოუცდელობისა და ამერიკელი ინვესტორების ფაქტორის გათვალისწინებით, არჩევანი ბრედლიზე გაკეთდა.

"ძალიან გაგვიჭირდა ამ გადაწყვეტილების მიღება, რადგან ფრანჩესკო შესანიშნავი სპეციალისტია და ყველაფერს აკეთებდა კლუბის კეთილდღეობისთვის, მაგრამ ცხადი გახდა ისიც, რომ ცვლილება იყო საჭირო. ბობ ბრედლი ძალიან გამოცდილი მწვრთნელია, როგორც საკლუბო, ასევე სანაკრებო დონეზე. მას აქვს ლიდერის თვისებები და ჩვენს კრიტერიუმებს ბოლომდე აკმაყოფილებს" - თქვა ჯენკინსმა.

ბრედლის დებიუტი სანაკრებო პაუზის მერე, 15 ოქტომბერს "არსენალთან" საგარეო შეხვედრაში შედგება და ამერიკელს თავიდანვე მძიმე გამოცდის ჩაბარება მოუწევს. გვიდოლინი კი გახდა პირველი მწვრთნელი, რომელიც მიმდინარე პრემიერლიგიდან დაითხოვეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული