ტოტენჰემი-სიტის გამოხმაურება: "სიტის" "დეზების" სინდრომი

AutoSharing Option
AUTO PLAY
* პეპ გვარდიოლამ ჩემპიონატის პირველი მატჩი წააგო მარტში "მაინცთან" მარცხის მერე, როდესაც მისი "ბაიერნი" სენსაციურად დაეცა - 1:2.

* ჰონ მინ სონმა ბოლო 8 პრემიერლიგურ მატჩში 7 გოლში მიიღო მონაწილეობა - 6 გაიტანა, 2-ჯერ საგოლე პასი გააკეთა.

* ალექსანდრ კოლაროვის ავტოგოლამდე "სიტი" ამ სეზონში ჩემპიონატის მატჩს არც ერთხელ არ აგებდა.

* საინტერესოა, რომ "ტოტენჰემმა" "სიტისთან" მატჩებში ზედიზედ მესამე პენალტი გააცუდა. ერიკ ლამელამდე ეს რობერტო სოლდადომ და ჯერმინ დეფომ "მოახერხეს".

* "სიტის" არასოდეს მოუგია პრემიერლიგური მატჩი, რომელსაც პირველი ტაიმის მერე ორი
ან მეტბურთიანი სხვაობით აგებდა - 1 ფრე, 48 წაგება.

* "ტოტენჰემს" პრემიერლიგის ისტორიაში 7 ტურის მერე 17 ქულა აქამდე არასოდეს ჰქონია. ეს კლუბის საუკეთესო სტარტია.

* "დეზებმა" მიყოლებით მე-3 მატჩი მოუგეს "სიტის".

მანჩესტერული დერბის მერე "სიტის" "ტოტენჰემთნ" პირველი სერიოზული გამოცდა ჰქონდა. მეტიც, გუნდების ამჟამინდელ სათამაშო ფორმას თუ გავითვალისწინებთ, ეს ალბათ, ამ დროისთვის ხოსეპ გვარდიოლას მთავარი გამოცდა იყო, რადგან "დეზები" ჩინებულ ფორმაში არიან და... პეპი ჩაიჭრა, მან… ეს გამოცდა ვერ ჩააბარა.

მაურისიო პოჩეტინომ ჰარი კეინის არყოფნაში იგი ვინსენტ იანსენით არ ჩაანაცვლა და გამოკვეთილი ფორვარდის გარეშე ითამაშა. სამაგიეროდ, წინა ხაზზე გაუთავებლად მოძრაობდნენ სწრაფი და ტექნიკური ფეხბურთელები - ერიკ ლამელა, დელე ალი, კრისტიან ერიკსენი და ჰონ მინ სონი. მათ ზურგს ორი "მონსტრი" - მუსა სისოკო და ვიქტორ ვანიამა უმაგრებდა.

დიდებულად ითამაშეს ფლანგის მცველებმაც - კაილ უოკერმა და დენი როუზმა. მეკარე უგო ლორისი და ცენტრალური მცველები - ტობი ალდერვეირელდი და იან ვერტონგენი კი "ქალაქელებმა" ბევრჯერ ვერ შეაწუხეს. პოჩეტინომ ტაქტიკური დუელი მოიგო.

იცოდა, რა შეიძლებოდა მომხდარიყო, გვარდიოლამაც დაამძიმა ნახევარდაცვა და ფერნანდინიოსთან ერთად მინდორზე მისი თანამემულე ფერნანდოც გამოიყვანა. "სიტის" ამან ვერ უშველა და პეპისთვის ალბათ ყველაზე მტკივნეული ის გახლდათ, რომ ცენტრი ვერ მოიგო, რაც მნიშვნელოვანი გახლდათ.

"სიტიმ ორი გოლი პირველსავე ტაიმში გაუშვა, მაგრამ თამაშში დაბრუნების ერთი-ორი მომენტი მაინც ჰქონდა. სერხიო აგუეროსა და შეცვლაზე შემოსულ კელეჩი იჰეანაჩოს შეეძლოთ გატანა. თუმცა ობიექტურად მანჩესტერელებს ქულაც არ ეკუთვნოდათ და სამართალმა იზეიმა კიდეც. ერიკ ლამელას პენალტი რომ გაეტანა ან "დეზებს" სხვა მომენტები გამოეყენებინათ, სხავობა უფრო დიდიც იქნებოდა.

დავინახეთ ისიც, რომ კევინ დე ბრუინი "სიტისთვის" ჰაერივით საჭირო ვინმეა და ექიმებმა თუ არ იჯადოქრეს და ბელგიელი დროულად არ ჩააყენეს მწყობრში, პეპს ყოფილ კლუბ "ბარსელონასთან" კარგი დღე არ დაადგება და შესაძლოა, სხვა მატჩებშიც გაუჭირდეს, კალენდარი რთულია. სხვათა შორის, ისევე, როგორც "ტოტენჰემის", რომელსაც ახლა მიჯრით 4 საგარეო მატჩი ელოდება.

"ქალაქელებმა" დაცვაში ბევრი შეცდომა დაუშვეს და განსაკუთრებით, ალექსანდრ კოლაროვმა შესცოდა, რომლის უცნაურმა ავტოგოლმაც "ტოტენჰემს" ანგარიში გაახსნევინა და მეტი თავდაჯერება მისცა. სერბის სუსტმა თამაშმა ძალიან უარყოფითი გამოხმაურება გამოიწვია და ბევრი ფანი თუ ექსპერტი უკვე პირდაპირ ამბობს, რომ კოლაროვი "სიტის" მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს და გვარდიოლამ სასწრაფოდ უნდა იფიქროს მის ჩანაცვლებაზე.

ხანდახან წაგებაც კარგია
"ეს ძალიან რთული მატჩი იყო. ვიცოდით, რომ ასე იქნებოდა. "ტოტენჰემი" ბოლო სამი წელია, შესანიშნავი გუნდია და იბრძვის, იზრდება, პროგრესირებს. რიგ ეპიზოდებში ვაგვიანებდით, ბევრი მომენტი ვერ შევქმენით. მეტოქემ ბევრ ასპექტში გვაჯობა.

თუმცა, არ დაგვავიწყდეს, რომ ჯერ მხოლოდ ოქტომბერია და ამ მოკლე დროში ჩვენ ბრწყინვალე მატჩების ჩატარება მოვასწარით. მე აქ ჯერ ახალი ვარ და ყველაფერს ახლა ვიწყებთ. მთლიანობაში, ამ მონაკვეთს ძალიან კარგად შევაფასებდი, მაგრამ მეტია საჭირო და მუშაობა უნდა გავაგრძელოთ, ეს მარტივია. არასოდეს მიფიქრია, რომ არცერთ მატჩს არ წავაგებდით, ამის წარმოდგენაც კი შეუძლებელია. ეს ნორმალური პროცესია და ხანდახან მარცხდები, ამას კი იმაში დახმარება შეუძლია, რომ მოუმატო" - თქვა გვარდიოლამ.

მაურისიო პოჩეტინო: "ეს დიდებული გამარჯვებაა, უაღრესად ძლიერი გუნდის წინააღმდეგ. ძალიან ბედნიერი ვარ. ყოველთვის გვაქვს გეგმა და ზოგჯერ ის ამართლებს, ზოგჯერ - ნაკლებად. "სიტი" ძალიან ძლიერი კლუბია და მანჩესტერელებთან თამაში ურთულესია, მაგრამ ჩვენ ეს კარგად გამოგვივიდა.

ბევრი რამ ფსიქოლოგიურ მზაობასა და თავდაჯერებაზეა დამოკიდებული. ჩვენ ამ გზას უნდა მივყვეთ და თუ სანაკრებო პაუზის მერეც ასევე გავარძელებთ, ამ შემართებით, ამ აგრესიითა და ამ თავდაჯერებით, ყველაფერი გაგვიადვილდება. გუნდური, სრულყოფილი თამაში იყო, მაგრამ სატურნირო ცხრილისთვის ყურებას ჯერ ნუ დავიწყებთ, რადგან ძალიან ადრეა, თანაც, ჩვენ ჯერ კიდევ საკუთარი ფილოსოფიის ჩამოყალიბების პროცესში ვართ".

"ტოტენჰემი" ერთადერთ გუნდად რჩება მიმდინარე პრემიერლიგაში, რომელიც ჯერ არ დამარცხებულა. სამაგიეროდ, "დეზებმა" ჩემპიონთა ლიგაზე მოასწრეს წაგება (შინ "მონაკოსთან").

პოჩეტინო ლამელას დასჯის?
მატჩში კიდევ ერთი გამოსარჩევი მომენტი გავიხსენოთ: პენალტის დანიშვნის შემდეგ ლამელამ სონს ბურთი გამოგლიჯა. მათ ცოტა ხანი იჭიდავეს, კორეელის ხვეწნა-მუდარამაც არ გაჭრა და ჭირვეულმა არგენტინელმა თავისი კი გაიტანა, მაგრამ პენალტი - ვერა.

კაპიტანი უგო ლორისი ამ დროს ვერ ჩამოირბენდა, თანაგუნდელებიც არ ჩაერივნენ და მართალია, თამაშის მერე პოჩეტინომ ამ ინციდენტზე არ ისაუბრა, მაგრამ საყვედურს ლამელას აუცილებლად ეტყოდა, რომელიც გვარიანად მორჯულებული ჰყავს, მაგრამ როგორც ჩანს, ბოლომდე მაინც ვერა. მაურისიო კი მკაცრი კაცია, რა ბედი ეწია ანდროს თაუნსენდს, ესეც გვახსოვს.

მას დისციპლინა უყვარს და მიუხედავად ლამელას ტალანტისა და იმისა, რომ იგი პოჩეტინოს თანამემამულეა და მწვრთნელი ერიკს კარგი თვალით უყურებს, ფეხბურთელს სიტუაციის არევის უფლებას არ მისცემს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული