ინგლისურ პრესასაც ახალი მიზეზი მიეცა და არნახული კამათი მიდის, თუ ვინ უნდა გახდეს ნაკრების ახალი მწვრთნელი, რომელიც "დედოფლის არმიას" 2018 წელს ცხენზე ამხედრებული გაუძღვება რუსეთისკენ.
როგორც იცით, ამჟამად დროებით მწვრთნელად 21-წლამდელთა ნაკრების თავკაცი გარეთ საუთგეიტი დაინიშნა, რომელიც ამბიციურია და ვნახოთ, როგორ წარმოაჩენს თავს კიდევ დარჩენილ
ალან პარდიუ
ასაკი: 55 წლის
ეროვნება: ინგლისელი
ამჟამინდელი სამსახური: "კრისტალ პალასი"
ბევრი ფავორიტად სწორედ პარდიუს მიიჩნევს. იგი ამჟამად პრემიერლიგაში მომუშავე ყველაზე წარმატებული ინგლისელი მწვრთნელია, რადგან მისი "არწივები" მე-8 ადგილზე არიან. თუმცა რამდენიმე თვის წინათ თავად ამბობდა, რომ ინგლისის ნაკრების მწვრთნელობისთვის მზად არ არის, მაგრამ იქნებ ახლა აზრი შეიცვალა?
შედეგები: ელარდაისისა არ იყოს, ტიტულები არც მას მოუგია. "ვესტ ჰემში", "ჩარლტონსა" და "ნიუკასლში" არაეფექტური მუშაობის გამო მას ამ პოსტების დატოვება მოუხდა. მისმა ამჟამინდელმა კლუბმა "პალასმა" კი წინა სეზონის პირველი წრე კარგად ჩაატარა, მაგრამ მეორე პირწმინდად ჩააგდო და მხოლოდ 2 მატჩი მოიგო. თუმცა პარდიუმ გუნდი ასოციაციის თასის ფინალში გაიყვანა, სადაც ცოტა დააკლდა "მანჩესტერის" დამარცხებამდე.
ტაქტიკა: პარდიუს 4-3-3-ით თამაში უყვარს. მის სქემაში ყოველთვის უნდა იყოს ერთი გამორჩეული და მრავალმხრივი ნახევარმცველი.
ფეხბურთელებთან ურთიერთობა: "პალასის" ყოფილი ფორვარდი დუაით გეილი იხსენებს, თუ რამხელა ეფექტი მოახდინა გუნდში მისლვიდან მცირე ხანში პარდიუმ. მან კლუბს ზედიზედ სამი მატჩი მოაგებინა და უმალვე გამოიყვანა კრიზისიდან. "მან თავდაჯერება შეგვმატა, ყველას ინდივიდუალურად ესაუბრებოდა, ამხნევებდა, ენერგიული და ემოციური იყო" - იხსენებს გეილი.
პრობლემა ისაა, რომ მყისიერი ეფექტის მოხდენა მისტერ ალანს მართლაც კარგად გამოსდის, მაგრამ მერე "ჩერდება" ხოლმე...
სტივ ბრიუსი
ასაკი: 55 წლის
ეროვნება: ინგლისელი
ამჟამინდელი სამსახური: "ასტონ ვილა"
კანდიდატი "დიდი სემის" დანიშვნამდეც არაერთი გახლდათ, მაგრამ ფეხბურთის ასოციაცია გადაწყვეტილების მიღებამდე ერთადერთ ადამიანს გაესაუბრა - სწორედ ბრიუსს. ამ სეზონის დაწყების წინ იგი თავისი ინიციატივით წამოვიდა "ჰალიდან", რადგან კლუბის უფროსობამ ტრანსფერებთან დაკავშირებით მისი მოთხოვნები არ დააკმაყოფილა. მას მერე ბრიუსი უმუშევარი იყო, მაგრამ ოთხშაბათს "ასტონ ვილაში" დაინიშნა.
შედეგები: პრემიერლიგაში მისი მოგებათა საშუალო მაჩვენებელი 28,1%-ია, რაც პარდიუსა და ელარდაისის შედეგზე დაბალია. თუმცა ბრიუსმა ორ-ორჯერ აღაზევა უმაღლეს ლიგაში "ბირმინგემი" და "ჰალი". გარდა ამისა, "ვეფხვები" 2014 წელს ასოციაციის თასის ფინალში გაიყვანა.
ტაქტიკა: ბოლო პერიოდში ბრიუსის ფავორიტი განლაგება 3-5-2 გახლდათ. ამ სისტემაში მშვენივრად იგრძნობდნენ თავს ინგლისელთა შეტევაზე ორიენტირებული ფლანგის მცველები - უოკერი, როუზი, შოუ, ბერტრანი…
ფეხბურთელებთან ურთიერთობა: როგორც ცნობილია, ბრიუსს ახლო და უშუალო ურთიერთობა აქვს თავის ფეხბურთელებთან. "ვეფხვების" ყოფილმა მეკარე სტივ ჰარპერმა ერთხელ ის სერ ბობი რობსონს შეადარა.
ედი ჰაუ
ასაკი: 38 წლის
ეროვნება: ინგლისელი
ამჟამინდელი სამსახური: "ბორნმუთი"
ჰაუმ "ალუბლებთან" ერთად ზედა ლიგის საგზური სამჯერ მოიპოვა. იგი არცთუ უსაფუძვლოდ ითვლება ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ინგლისელ სპეციალისტად, მაგრამ აქვს კი საკმარისი გამოცდილება?
შედეგები: "ბორნმუთთან" ერთად მისი მიღწევა მართლაც შთამბეჭდავია. თანაც, გასათვალისწინებელია ის მწირი რესურსი, რომელიც ამ კლუბს აქვს. ყველაფერთან ერთად, ჰაუმ კლუბის სათამაშო სტილი არ შეცვალა და შემტევ ფეხბურთზე უარი არც ელიტაში თქვა.
ტაქტიკა: ჰაუს ელარდაისისგან რადიკალურად განსხვავებული სტილი აქვს. იგი აქცენტს ბურთის ფლობაზე, პასებით თამაშსა და გამოხატულად შემტევ ფეხბურთზე აკეთებს. "დიდ სემთან" საერთო კი სიჯიუტე და საკუთარი ფილოსოფიის რწმენა აქვს. "ისეთი ფეხბურთელის დამატების წინააღმდეგი ვარ, რომელიც შეიძლება კარგი მოთამაშეა, მაგრამ გუნდის სათამაშო სტილში ვერ ჯდება", - აღნიშნავს ჰაუ.
მართალია, მისი სათამაშო სტილი მიმზიდველია, მაგრამ არა უნაკლო: ედის გუნდი ძალიან ბევრ გოლს უშვებს.
ფეხბურთელებთან ურთიერთობა: ამ ფრონტზე მას პრობლემები ნაკლებად აქვს. ჰაუს მოთამაშეებთან უშუალო ურთიერთერთობა აქვს. უყვარს დეტალებზე ყურადღების გამახვილება.
"მიმაჩნია, რომ მოთამაშეებს ხშირად სჭირდებათ შექება. თუნდაც წვრილმანი დეტალები არ უნდა დატოვო უყურადღებოდ. ჩემთვის ნაცნობია სიტუაცია, როდესაც ბოლომდე იხარჯები და იმედი გაქვს, რომ ეს დაგიფასდება, მაგრამ არავინ არაფერს გეუბნება. ამიტომაც ფეხბურთელებს ყოველთვის ვაქებ და ვამხნევებ, როდესაც ისინი ამას იმსახურებენ" - თქვა ჰაუმ.
გარეთ საუთგეიტი
ასაკი: 46 წლის
ეროვნება: ინგლისელი
ამჟამინდელი სამსახური: ნაკრების დროებითი მწვრთნელი; 21-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელი.
2013 წლიდან მოყოლებული, ის ინგლისის 21-წლამდელთა ნაკრებს უდგას სათავეში. ბოლო ორ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე მან ნაკრები ჯგუფიდან ვერ გაიყვანა, მაგრამ ენთუზიაზმით აგრძელებს მუშაობას. ყველა ახალგაზრდას საუთგეიტის ხელში გაუვლია, რაც მისი უპირატესობაა, რადგან ინგლისის ნაკრებში გაახალგაზრდავების პროცესი მიმდინარეობს.
შედეგები: მწვრთნელობა მან "მიდლსბროში" დაიწყო 2006 წელს. იქ მან პოსტი სტივ მაკლარენისგან გადაიბარა და მიუხედავად იმისა, რომ გამოცდილება არ ჰქონდა, კლუბი ორი სეზონის განმავლობაში პრემიერლიგაში დატოვა. შემდეგ "რივერსაიდის" ბინადრები მაინც გავარდნენ და საუთგეიტი 2009 წლის ოქტომბერში გაუშვეს.
ტაქტიკა: 2012 წლიდან ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის ტექნიკურ დირექტორად დენ ეშვორტი მუშაობს, რომელსაც გარეთთან ახლო ურთიერთობა აქვს და ისინი ერთმანეთს კარგად უგებენ. ეშვორტს სურს, რომ ასაკობრივმა ნაკრებებმა 4-3-3-ით ითამაშონ და ახალგაზრდები ამ სისტემას შეეჩვიონ - ბურთის ფლობაზე და სწრაფ კონტრშეტევებზე აგებული ფეხბურთი. ბევრი ინგლისში ამას სკეპტიკურად უყურებს, მაგრამ საუთგეიტი მსგავსი ფილოსოფიის მიმდევარი და გამტარებელია.
გლენ ჰოდლი
ასაკი: 58 წლის
ეროვნება: ინგლისელი
ამჟამინდელი სამსახური: საფეხბურთო მიმომხილველი
1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მისი ინგლისი მშვენივრად გამოიყურებოდა. არგენტინასთან უიღბლობა და პენალტებში წაგება რომ არა (ასევე მისი უცნაური კომენტარები უნარშეზღუდულ ადამიანებზე), ახლა შესაძლოა, იმაზე ესაუბრა, როგორ მოაგებინა ინგლისს დიდი ტიტული და არა უბრალოდ მატჩები მიმოეხილა. მისი განწყობა ცნობილია: "თუ ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია შემეხმიანება, გასაუბრებაზე უარს არ ვიტყვი, რადგან ვერც ერთი ამაყი ინგლისელი ვერ იტყვის ამაზე უარს".
შედეგები: როგორც აღვნიშნეთ, ბოლო 20-25 წლის განმავლობაში მას ალბათ, ყველაზე საინტერესო ნაკრები ჰყავდა.
ტაქტიკა: იგი შემტევი ფეხბურთის მქადაგებელია, რომელსაც უყვარს სისტემები, რომელთა მარტივად გადაწყობაც შეუძლია. ამჟამად, ინგლისის ნაკრებში რამდენიმე ისეთი ყაიდის ფეხბურთელია, რომელიც მის სქემაში მშვენივრად ჩაჯდებოდა. სხვათა შორის, ჰოდლის მოგებათა პროცენტული მაჩვენებელი ნაკრებში 60,7%-ია, რაც მესამე საუკეთესო შედეგია ფაბიო კაპელოსა და სერ ალფ რამსეის შემდეგ.
ფეხბურთელებთან ურთიერთობა: ჰოდლი ფეხბურთელებთან ურთიერთობასა და მათ განწყობას ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა.
იურგენ კლინსმანი
ასაკი: 52 წლის
ეროვნება: გერმანელი
ამჟამინდელი სამსახური: აშშ-ის ნაკრები
კანდიდატებს შორის სანაკრებო დონეზე მუშაობის ყველაზე დიდი გამოცდილება სწორედ კლინსმანს აქვს. მართალია, გერმანელის ხილვა "ლომების" თავკაცის პოსტზე ერთობ უცნაური იქნებოდა, მაგრამ პრემიერლიგისთვის უცხო პიროვნება იგი ნამდვილად არაა, იგი ინგლისის ჩემპიონატში მშვენივრად თამაშობდა.
შედეგები: გერმანიის ნაკრები მის ხელში ავანტიურულ და საინტერესო ფეხბურთს თამაშობდა. საშინაო მუნდიალისას მას ცოტა დააკლდა უდიდეს წარმატებამდე. აშშ-ის ნაკრებში კი მისი მოგების პროცენტული მაჩვენებელი 57%-ია. "ბაიერნში" მას წარმატებით მუშაობა არ გამოუვიდა.
ტაქტიკა: კლინსმანის იდეები საინტერესოა, მაგრამ პლუსებთან ერთად მინუსებიც აქვს. ის თამამია და უყვარს რისკზე წასვლა, თუმცა თუ ფილიპ ლამს მოვუსმენთ… "სიმართლე ითქვას, "ბაიერნში" კლინსმანის ექპერიმენტმა არ გაამართლა. ჩვენ მხოლოდ ფიზმომზადებაზე ვაკეთებდით აქცენტს. ტაქტიკურ მხარეს ის დიდ ყურადღებას არ აქცევდა და მატჩების წინ და დროს თავად ფეხბურთელებს გვიწევდა მოლაპარაკება და გადაწყვეტილებების მიღება" - აღნიშნა 2011 წელს ლამმა.
ალან შირერი
ასაკი: 46 წლის
ეროვნება: ინგლისელი
ამჟამინდელი სამსახური: საფეხბურთო მიმომხილველი
4-5 წლის წინათ, მან ფეხბურთის ასოციაციას მიმართა, რომ ნაკრების მწვრთნელობით იყო დაინტერესებული, მაგრამ პასუხად მიიღო - საკმარისი გამოცდილება არ გაქვსო. პრემიერლიგის საუკეთესო გოლეადორი ხალხში დიდი პოპულარობით სარგებლობს, მაგრამ გარისკავს ასოციაცია ამჯერად?
შედეგები: შირერს მწვრთნელის რანგში მხოლოდ 8 მატჩი აქვს ჩატარებული და აქედან 5 წაგებული. 2008/09 წლების სეზონში მას დროებით ჩააბარეს გასაჭირში მყოფი "ნიუკასლი" და ალანმა მშობლიური კლუბი ჩემპიონშიპში გავარდნისგან ვერ იხსნა.
ტაქტიკა: ფეხბურთი კარგად იცის, ექპერტადაც კარგია და ყველაფერს მშვენივრად არჩევს, მაგრამ, როგორი მწვრთნელი იქნება, ძნელი სათქმელია.
ფეხბურთელებთან ურთიერთობა: როგორც მოთამაშეს, კონფლიქტები არ ჰქონია და ზოგადად, დადებითი პიროვნებაა.
არსენ ვენგერი
ასაკი: 66 წლის
ეროვნება: ფრანგი
ამჟამინდელი სამსახური: არსენალი
ივლისში ვენგერმა თქვა, რომ მომავალში სიამოვნებით განიხილავს ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მოსვლის ვარიანტს. მან დააკონკრეტა, რომ ეს მხოლოდ "არსენალთან" კონტრაქტის დასრულების შემდეგ შეიძლება მოხდეს. "მეთოფეებთან" მის შეთანხმებას ვადა სეზონის ბოლოს გასდის. ვენგერი უკვე 20 წელია, "არსენალს" თავკაცობს. ადრე თუ გვიან ყველაფერი მთავრდება და ალბათ, ამ ისტორიის დასასრულის დროც მოახლოვდა. კულუარებში ამბობენ, რომ ეს სცენარი სერიოზულად განიხილება.
შედეგები: ვენგერთან ერთად "არსენალმა" სამჯერ მოიგო პრემიერლიგა, 6-ჯერ ასოციაციის თასი და ზედიზედ 19-ჯერ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე. კანდიდატებს შორის, მას ყველაზე შთამბეჭდავი CIV აქვს.
ტაქტიკა: ეს ალბათ მთავარი კომპონენტია, რომელიც ამ შემთხვევაში უნდა განვიხილოთ. ფრანგის ფოლოსოფიისა და სათამაშო სტილის შესახებ მშვენივრად მოგეხსენებათ. ჰყავს კი ინგლისის ნაკრებს ისეთი ფეხბურთელები, რომ ვენგერმა "ლომები" მოკლე პასებით და თავის სტილში ათამაშოს? ამ კითხვაზე ხელაღებით პასუხის გაცემა ძნელია.
ფეხბურთელებთან ურთიერთობა: "რაოდენ დიდი ვარსკვლავიც არ უნდა იყოს ფეხბურთელი, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პირველ რიგში, ის პიროვნებაა. მზად უნდა იყო, მისი პოზიცია მოისმინო და მისი მოთხოვნები გაითვალისწინო" - თქვა ერთხელ ვენგერმა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"