პრემიერლიგა. IX ტური: შოკისმომგვრელი დაბრუნება [VIDEO]

AutoSharing Option
* "ტოტენჰემი" არ დამარცხებულა პრემიერლიგის პირველ 9 მატჩში, რაც ამ კლუბის ისტორიაში მეოთხე (1959/60, 1960/61, 1990/91, 2016/17) შემთხვევაა...
* ხოსეპ გვარდიოლა, როგორც მწვრთნელი, მოუგებელია ბოლო ხუთ მატჩში, რაც პირველი შემთხვევაა 2009 წლის მარტის შემდეგ...
* სერხიო აგუეროს ზედიზედ სამ პრემიერლიგურ მატჩში არ გაუტანია გოლი, რაც პირველად მოხდა 2015 წლის დეკემბრის შემდეგ...
* "ჩელსიმ" ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო, ხოლო "მანჩესტერ იუნაიტედი" ბოლო სამ ტურში მოუგებელია...

"სხვა თუ არაფერი, საკუთარ დაბადების დღეზე უნდა დალიო მაინც. როცა იგებ, იმსახურებ შამპანურს; ვერ იგებ და,
მაინც გჭირდება, ცოტა ხასიათი რომ გამოიკეთო", - თქვა არსენ ვენგერმა "მიდლსბროსთან" მატჩის შემდეგ.

შაბათს საღამოს მას დალევა ნამდვილად არ ასცდებოდა - 22 ოქტომბერს მოსიე არსენი 67 წლისა მოიყარა, თუმცა შეგირდებისგან შესაფერისი საჩუქარი ვერ მიიღო - ზედიზედ 6 გამარჯვების შემდეგ "მეთოფეებმა" საკუთარ კედლებში ერთ-ერთ აუტსაიდერთან დაამუხრუჭეს - 0:0 (თებერვლის მერე პირველად მოხდა, რომ "არსენალმა" შინ გოლი ვერ გაიტანა).

ეს კი არა, "მიდლსბროს" უკეთესი შანსები ჰქონდა და რომ არა პეტრ ჩეხის დიდოსტატური გარჯა, ვენგერი თავის 67-ე დაბადების დღეს აღარასოდეს გაიხსენებდა.

აგერ, სტატისტიკოსებმა ამოქექეს ისტორია და აღმოჩნდა, რომ ფრანგ სპეციალისტს საკუთარ დღეობაზე ადრე 2 მატჩი ჩაუტარებია და ორივეში გაუმარჯვია - 2005 წელს 1:0 "მანჩესტერ სიტისთან", ხოლო 2006 წელს 4:0 "რედინგთან".

"ბურთის ფლობის მაჩვენებელი იყო 75% ჩვენ სასარგებლოდ და ამ სიტუაციაშიც კი შეიძლებოდა, წაგვეგო თამაში. რას ვიზამთ, ასეთია თანამედროვე ფეხბურთი... თამაშის ბოლო მესამედშიც ბევრს ვუტევდით, ძალიან გვაკლდა კრეატივი და ეს ხდება მაშინ, როცა ენერგია გეცლება. მადლობა ჩეხს! დღეს სწორედ მან გადაგვარჩინა", - ესეც ვენგერის სიტყვებია.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

* * *
მანამდე ითამაშა "ტოტენჰემმა" და ხელიდან გაუშვა შანსი, თუნდაც რამდენიმე საათით სათავეში მოქცეოდა პრემიერლიგას. ჯიგრიან "ბორნმუთთან" უგოლო მატჩს ორი გმირი ჰყავდა და ორივე - მეკარე: არტურ ბორუცმაც და უგო ლორისმაც არაერთი კრიტიკული მომენტი განმუხტეს.

იყო პროტესტიც: ადგილობრივი პუბლიკა ითხოვდა მეორე ყვითელ ბარათს ერიკ ლამელასთვის, ხოლო მუსა სისოკომ იდაყვი უთავაზა ჰარი არტერს და ესეც დაუსჯელი დარჩა.

* * *
"ლივერპულმა" პირველივე ტაიმში ორი გოლი გაუტანა "ვესტ ბრომვიჩს", თუმცა მერე დიდად აღარ მოუკლავს თავი უპირატესობის გაზრდაზე და კინაღამ დაისაჯა - ლონდონელებმა 81-ე წუთზე სხვაობა შეამცირეს და "ენფილდი" პანიკაში ჩააგდეს...

საბოლოო ჯამში, იურგენ კლოპის ხელქვეითთა გამარჯვება სრულიად დამსახურებულია და რომ არა ის გაშვებული გოლი, შაბათ საღამოს პრემიერლიგის პირველ საფეხურზეც მოკალათდებოდნენ.

მატჩის მთავარი ფიგურა იყო "ლივერპულის" ბრაზილიელი შემტევი ფილიპე კოუტინიო, ვინც ექვსჯერ დაარტყა კარში, შექმნა 3 საგოლე შანსი ჭკვიანური პასებით, ხოლო ადრესატამდე მიაღწია მისი გადაცემების 86.7%-მა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

* * *
"ეს იყო ჩვენი საუკეთესო მატჩი ამ სეზონში", - თქვა კლაუდიო რანიერიმ "კრისტალ პალასთან" დამაჯერებელი გამარჯვების (3:1) შემდეგ.

თუმცა ეს "ლესტერი" ჯერ მაინც აჩრდილია იმისი, რაც გასულ სეზონში ვნახეთ. როცა ვლაპარაკობთ გუნდზე, ბუნებრივია, ეს ეხებათ ცალკეულ ფეხბურთელებსაც, მაგალითად - ჩემპიონის მთავარმეგოლე ჯეიმი ვარდის, ვინც აგერ, უკვე 8 მატჩია, კარის გასაღებს ვერ პოულობს.

ამიტომაც დააყენა რანიერიმ სასტარტოში აჰმედ მუსა, რომელმაც "მელიების" მაისურით პირველი გოლი მიითვალა და გამარჯვებასაც დაუდო სათავე.

სხვათა შორის, "ლესტერს" ერთი საშინაო მოგება აკლია, "ჩელსის" 21-მატჩიანი დაუმარცხებელი სერია (2015 წლის აგვისტოში შეწყდა) დავიწყებას რომ მისცეს.

* * *
"მანჩესტერ სიტი", ეტყობა, ჯერაც ვერ გამოვიდა კატალონიური თავბრუს ხვევიდან - პეპ გვარდიოლას შეგირდებმა ქულა გაუყვეს კლოდ პიუელის ყოჩაღ "საუთჰემპტონს".

მატჩი კლასიკური სცენარით წარიმართა - ძლიერი უტევდა, სუსტი თავს იცავდა. თუმცა "სუსტი" აქ უფრო პირობითი ცნებაა. თამაშის შინაარსიდან გამომდინარე, "წმინდანებზე" ეს ქულა ნამდვილად ალალია.

გვარდიოლამ თამაში ასე შეაფასა: "მეორე ტაიმი ჩვენთვის გაცილებით უკეთესი იყო, ვიდრე პირველი. რა თქმა უნდა, უხეში შეცდომები დავუშვით. ეტყობა, ფეხბურთელებს ეგონათ, რომ ადვილად მოუგებდნენ "საუთჰემპტონს", მაგრამ გამოჩნდა, რომ ამ გუნდს ძალიან კარგი მცველები ჰყავს და კარგადაც არის ორგანიზებული... ჩვენ კარგად უნდა გავაანალიზოთ ის, რაც ბოლო ხუთ მატჩში მოხდა".
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

* * *
ტურის მთავარი ამბავი კი კვირას "სტემფორდ ბრიჯზე" მოხდა, სადაც "ჩელსიმ" ყოფილ მწვრთნელსა და მის დღევანდელ სამწყსოს შავი დღე აყარა. ჟოზე მოურინიოს, ალბათ, არასოდეს დაავიწყდება ახლობელ გარემოში შოკისმომგვრელი დაბრუნება. ის გუშინ ზუსტად მიხვდებოდა, თუ რაოდენ ძნელია "მანჩესტერ იუნაიტედის" შენება...

"ჩელსიმ" კი ბრწყინვალედ ითამაშა. მაღალი ტემპი, ლამაზი კომბინაციები, ეფექტური გოლები - ანტონიო კონტეს შეგირდებს ყველაფერი იდეალურად გამოუვიდათ.

თუმცა ისიც ვთქვათ, რომ "ლურჯებს" დიდი სამსახური გაუწია პედროს ადრეულმა (30-ე წამზე!) გოლმა, რომელიც დავიდ დე ხეასა (რატომ გამოვარდა კარიდან, შეიძლება ჯერაც ვერ გაუაზრებია) და მცველების ჩაფლავებას მოჰყვა.

"როცა დასაწყისშივე ასეთ გოლს უშვებ, გამოდის, რომ მეტოქეს არაფრისგან აძლევ უპირატესობას. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ სიტუაციის გამოსასწორებლად, მაგრამ არაფერი გამოგვივიდა. პირველადგილოსანს მხოლოდ 6 ქულით ჩამოვრჩებით. ასე რომ, ყველაფერი ჯერ კიდევ წინ არის", - თქვა მოურინიომ ნამატჩევს.

დაბოლოს, რამდენიმე სტატისტიკურ მონაცემსაც მოვიყვანთ: ეს იყო მოურინიოს ყველაზე მძიმე მარცხი, 2010 წლის ნოემბერში "ბარსელონასგან" "სუპერკლასიკოში" ნაგემი 0:5-ის შემდეგ.

ეს იყო ასევე "იუნაიტედის" უმძიმესი ფიასკო 2011 წლის ოქტომბერში თანაქალაქელ "სიტისთან" შერცხვენის (1:6) შემდეგ, ხოლო უშუალოდ საგარეო წაგებებს რაც შეეხება, 4 და მეტი ბურთის სხვაობით "მანჩესტერი" სტუმრად არ დამარცხებულა 1999 წლის ოქტომბერის შემდეგ და მაშინაც ეს "ჩელსისგან" იყო - 0:5.

რა უთხრა ჟოზემ კონტეს ("სქაი სპორტსის" ვერსია): "პუბლიკაზე 1:0-ზე უნდა იმუშავო, 4:0-ზე ამის გაკეთება დამამცირებელია".
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

IX ტური
ბორნმუთი-ტოტენჰემი 0:0
ბორნმუთი (4-2-3-1): ბორუცი - სმიტი, ფრენსისი, კუკი, დენიელსი - გოსლინგი, არტერი - კინგი (88. ფრეიზერი), უილშირი, იბე (60. გრეიდელი) - უილსონი (82. აფობე).
ტოტენჰემი (4-1-4-1): ლორისი - უოლკერი, დაიერი, ვერტონგენი, როუზი - ვანიამა - ლამელა, ალი (72. სისოკო), დემბელე, ერიქსენი - სონი (62. იანსენი).
გაფრთხილება: 2-4; კუთხური: 7-4; ჯარიმა: 10-15; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 8-16 (1-4); ბურთის ფლობა: 38%-62%; მაყურებელი: 11 201

არსენალი-მიდლსბრო 0:0
არსენალი (4-2-3-1): ჩეხი - ბელერინი, მუსტაფი, კოსიელნი, მონრეალი - ელნენი (74. ოქსლეიდ-ჩემბერლენი), კოკელენი - ივობი (67. პერესი), უოლკოტი, იოზილი - სანჩესი.
მიდლსბრო (4-3-2-1): ვალდესი - ბარაგანი, აიალა, გიბსონი, ფრენდი - დე როონი, კლეიტონი, ფორშოუ - ტრაორე, რამირესი (84. დაუნინგი) - ნეგრედო (90. სტუანი).
გაფრთხილება: 1-0; კუთხური: 8-3; ჯარიმა: 6-13; თამაშგარე: 5-2; კარში დარტყმა: 9-11 (5-4); ბურთის ფლობა: 75%-25%; მაყურებელი: 59 962

ბარნლი-ევერტონი 2:1
გოლები: 1:0 უოკსი (39), 1:1 ბოლასი (58), 2:1 არფილდი (90)
ბარნლი (4-3-2-1): ჰეტონი - ლოუტონი, მ. კინი, მი, უარდი (84. ფლენეგანი) - არფილდი, მერნი, ჰენდრიკი - კაიტლი (74. ტარკოვსკი), გუდმუნდსონი - უოკსი (89. ბემფორდი).
ევერტონი (4-3-3): სტეკელენბურგი - კოულმენი, იაგიელკა (90. ე. ვალენსია), ე. უილიამსი, ოვიედო - გუეიე (85. ქლევერლი), ბერი, ბარკლი - ბოლასი, მირალასი (76. დეულოფეუ), ლუკაკუ.
გაფრთხილება: 2-3; კუთხური: 2-8; ჯარიმა: 15-14; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 9-20 (3-8); ბურთის ფლობა: 34%-66%; მაყურებელი: 21 416

ჰალი-სტოკი 0:2
გოლები: 0:1 შაქირი (26), 0:2 შაქირი (50)
ჰალი (4-1-4-1): მარშალი - ელმოჰამადი, დოუსონი, კ. დევისი, კლუკასი - ჰადლსტოუნი (68. მაგუაირი) - მეილერი (55. ა. ერნანდესი), ლივერმორი, მეისონი, სნოდგრასი - უ. კინი (69. დიომანდი).
სტოკი (4-2-3-1): გრანტი - ბერდსლი, შოუკროსი, მარტინს ინდი, პიტერსი - უელანი, ქემერონი - შაქირი, ალენი, არნაუტოვიჩი - ბონი (72. დიუფი).
გაფრთხილება: 2-0; კუთხური: 5-7; ჯარიმა: 16-8; თამაშგარე: 1-0; კარში დარტყმა: 9-12 (2-6); ბურთის ფლობა: 49%-51%; მაყურებელი: 18 522

ლესტერი-კრ. პალასი 3:1
გოლები: 1:0 მუსა (43), 2:0 ოკაზაკი (63), 3:0 ფუხსი (80), 3:1 კაბაი (85)
ლესტერი (4-4-2): შმეიხელი - სიმპსონი, მორგანი, ჰუთი, ფუხსი - მაჰრეზი, დრინკუოტერი, კინგი (87. ემეტრი), მუსა (81. დ. გრეი) - ოკაზაკი, სლიმანი (75. ვარდი).
კრ. პალასი (4-2-3-1): მანდანდა - უარდი, ტომკინსი, დელენი, კელი (77. ფრაიერსი) - მაკარტური, ლედლი (72. ლი) - თაუნსენდი (72. კემპბელი), კაბაი, ზაჰა - კ. ბენტეკე.
გაფრთხილება: 0-0; კუთხური: 7-8; ჯარიმა: 10-8; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 17-23 (4-7); ბურთის ფლობა: 45%-55%; მაყურებელი: 31 969

სუონსი-უოტფორდი 0:0
სუონსი (4-2-3-1): ფაბიანსკი - ნაფტონი, ვან დერ ჰოორნი, მოუსონი, კინგსლი - ბრაიტონი, კი - ბეროუ, სიგურდსონი, რუტლიჯი (68. ფერნანდო ლორენტე) - ბასტონი.
უოტფორდი (5-3-2): გომეში - სუნიგა (63. ამრაბატი), პრიოდლი, ქაბული, ბრიტოსი, ჰოლებასი - პერეირა, ბეჰრამი, კაპუ (79. გედიურა) - დინი, იგალო.
გაფრთხილება: 2-1; კუთხური: 7-2; ჯარიმა: 15-16; თამაშგარე: 1-4; კარში დარტყმა: 11-10 (5-2); ბურთის ფლობა: 54%-46%; მაყურებელი: 20 694

ვესტ ჰემი-სანდერლენდი 1:0
გოლები: 1:0 რიდი (90+4)
ვესტ ჰემი (3-4-3): ადრიანი - კუიატე, რიდი, ოგბონა - ანტონიო (63. ფეგული), ნოუბლი, ობიანგი, ფერნანდესი - ლანძინი (85. ე. ფლეტჩერი), პაიე, ძაძა (70. კალერი).
სანდერლენდი (4-3-2-1): პიკფორდი - მანკილიო, კონე, ოში, ვან აანჰოლტი - როდუელი, ნდონგი, პიენაარი (80. მაკნეირი) - უოტმორი (76. გუჩი), ხაზრი (86. ბ. ჯოუნსი) - დეფო.
გაფრთხილება: 2-5; კუთხური: 6-2; ჯარიმა: 10-13; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 20-10 (3-2); ბურთის ფლობა: 65%-35%; მაყურებელი: 56 985

ლივერპული-ვესტ ბრომვიჩი 2:1
გოლები: 1:0 მანე (20), 2:0 კოუტინიო (35), 2:1 მაკოული (81)
ლივერპული (4-3-3): კარიუსი - კლაინი, მატიპი, ლოვრენი, მილნერი - ჩანი, ჰენდერსონი, ლალანა (79. ვინალდუმი) - მანე (90. ორიგი), კოუტინიო (88. ლუკას ლეივა), ფირმინო.
ვესტ ბრომვიჩი (4-2-3-1): ბ. ფოსტერი - დოუსონი, მაკოული, ოლსონი, ნიომი - დ. ფლეტჩერი, იაკობი (46. ბრენტი) - ფილიპსი (51. მორისონი), ჩადლი, მაკკლინი (65. რობსონ-კანუ) - რონდონი.
გაფრთხილება: 1-3; კუთხური: 3-2; ჯარიმა: 9-13; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 21-6 (7-1); ბურთის ფლობა: 68%-32%; მაყურებელი: 53 218

სიტი-საუთჰემპტონი 1:1
გოლები: 0:1 რედმონდი (27), 1:1 იჰეანაჩო (55)
სიტი (3-5-1-1): ბრავო - სტოუნზი, კომპანი (78. ნავასი), კოლაროვი - სანე (90. ნოლიტო), გიუნდოგანი, ფერნანდინიო, დავიდ სილვა, სტერლინგი - დე ბრუინი (46. იჰეანაჩო) - აგუერო.
საუთჰემპტონი (4-3-1-2): ფ. ფოსტერი - მარტინა, ფონტე, ვან დიიკი, მაკქუინი - კლასი (67. ჰოიბერგი), რომეუ, ს. დევისი - ტადიჩი (70. ბუფალი) - რედმონდი, ოსტინი (83. უარდ-პროუსი).
გაფრთხილება: 3-3; კუთხური: 10-3; ჯარიმა: 10-10; თამაშგარე: 1-4; კარში დარტყმა: 14-6 (3-2); ბურთის ფლობა: 65%-35%; მაყურებელი: 55 731

ჩელსი-მანჩესტერი 4:0
გოლები: 1:0 პედრო (1), 2:0 კეჰილი (21), 3:0 აზარი (62), 4:0 კანტე (70)
ჩელსი (3-4-3): კურტუა - ასპილიკუეტა, დავიდ ლუიზი, კეჰილი - მოზესი, კანტე, მატიჩი, ალონსო - პედრო (71. ჩალობა), აზარი (78. ვილიანი), დიეგო კოშტა (78. ბაჩუაი).
მანჩესტერი (4-2-3-1): დე ხეა - ა. ვალენსია, ბაილი (52. როხო), სმოლინგი, ბლინდი - ერერა, ფელაინი (46. მატა) - ლინგარდი (65. მარსიალი), პოგბა, რაშფორდი - იბრაჰიმოვიჩი.
გაფრთხილება: 3-2; კუთხური: 5-7; ჯარიმა: 7-17; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 14-16 (6-5); ბურთის ფლობა: 44%-56%; მაყურებელი: 41 424

ბომბარდირები
7 დიეგო კოშტა (ჩელსი)
6 ლუკაკუ (ევერტონი)
5 აგუერო (სიტი)
ანტონიო (ვესტ ჰემი)
უოლკოტი (არსენალი)

მომდევნო ტური
29 ოქტომბერი:
სანდერლენდი-არსენალი, მანჩესტერი-ბარნლი, მიდლსბრო-ბარნლი, ტოტენჰემი-ლესტერი, უოტფორდი-ჰალი, ვესტ ბრომვიჩი-სიტი, კრ. პალასი-ლივერპული;

30 ოქტომბერი:
ევერტონი-ვესტ ჰემი, საუთჰემპტონი-ჩელსი;

31 ოქტომბერი:
სტოკი-სუონსი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს არაკაცი მაუ სხვის დამცირებაზე და ეთიკაზე რომ დაიწყებს ლაპარაკს, ესე მოგიხდება, გაგაფარჩაკეს თუ არა? MU ს რას ვერჩი.
bavaria
11:01 24-10-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული