* დენიელ სტარიჯს ლიგის თასზე ბოლო 8 მატჩში 10 გოლი აქვს გატანილი. ამ სეზონში "ლივერპულის" მაისურით მისი ოთხივე გოლი ლიგის თასზე მოდის...
* ვინსენტ იანსენს ლიგის თასზე "ტოტენჰემის" მაისურით 2 გოლი აქვს გატანილი და ორივე - პენალტით...
იურგენ კლოპმა და მაურისიო პოჩეტინომ დაგვანახეს, რომ ინგლისის ლიგის თასი მათ პრიორიტეტებში არ შედიოდა.
გერმანელმა პრემიერლიგის ბოლო მატჩთან შედარებით 11 ცვლილება გააკეთა ძირითად შემადგენლობაში, ანუ სულ სხვა სასტარტოთი დაიწყო და მას ბევრით არ
"ლივერპული" უკეთ გამოიყურებოდა და საბოლოოდ დამსახურებულადაც იმარჯვა. დენიელ სტარიჯმა ორჯერვე "დეზების" დაცვის შეცდომებით ისარგებლა. მას მესამე გოლის გატანაც შეეძლო, როცა მისი რიკოშეტირებული დარტყმის შემდეგ ლონდონელები ძელმა გადაარჩინა. ერთადერთი, რაც "ტოტენჰემმა" შეძლო, ეს იყო შეცვლაზე შესული ერიკ ლამელას მიერ მოპოვებული პენალტი, რომელიც ვინსენტ იანსენმა გოლად აქცია.
მერსისაიდელთა რიგებში ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა 18 წლის ტრენტ არნოლდმა, ასევე, 18 წლის ოვიემუნო ეჯარიამაც. ცალკე აღნიშვნას იმსახურებს ის ფაქტი, რომ ტრავმის გამო ხანგრძლივი პაუზის მერე დაბრუნებული დენი ინგსიც ვიხილეთ (ცვლილებაზე შევიდა).
"ტოტენჰემში" ითამაშა 18 წლის ამერიკელმა კამერონ კარტერ-უიკერსმა. ვიხილეთ ონომა, ნკუდუ, უინკსი და 19 წლის ფორვარდი შეიონ ჰარისონიც.
საინტერესო მოსაზრება გამოთქვა "ლივერპულის" ყოფილმა მცველმა მარკ ლოურენსონმა.
მიუხედავად სტარიჯის კარგი თამაშისა, აღნიშნა, რომ ის ამჟამად ძირითადის ფეხბურთელი არ არის. დენიელის ტრავმიანობა მას ხელს უშლის პოტენციალის სრულად გამოვლენაში, მაგრამ ძნელად სავარაუდოა, 27 წლის ფეხბურთელი თავს სასტარტო შემადგენლობის მოთამაშედ არ თვლიდეს.
"ის მაღალი კლასის ფეხბურთელია, მაგრამ "ლივერპულის" თერთმეტეულის წევრი არ გახლავთ. გუნდს ჰყავს კოუტინიო, ფირმინო, ლალანა... ამჟამად, ძირითადში დენიელის ადგილს ვერ ვხედავ.
ის არ არის კლუბის საუკეთესო გოლეადორი, მაგრამ ეს არც არის აუცილებელი. სტარიჯს ნებისმიერ მომენტში შეუძლია მინდორზე გასვლა და მატჩის ბედის გადაწყვეტა. ის გოლებს არაფრისგან ქმნის. ამიტომ, რატომ უნდა გაყიდოს ის გუნდმა? რატომ უნდა გააძლიეროს სხვა? ფუფუნებაა, როცა თადარიგში ასეთი მოთამაშე გყავს", - აღნიშნა ლოურენსონმა.
იურგენ კლოპი: "ბიჭებით ძალიან კმაყოფილი ვარ. სტარიჯი მთავარი ფიგურა იყო მინდორზე. მე მას ძალიან ვაფასებ და მის კლასზე საუბარიც არ არის. ეჭვი არასდროს შემპარვია დენიელის შესაძლებლობებში, მათ შორის, არც მაშინ, როცა გოლები ვერ გაჰქონდა. თუ ის ყოველთვის ძირითადში არ არის, არ ნიშნავს, რომ არ ვენდობი. ის ტალანტია და ბევრი შეუძლია".
* * *
ეინსლი მეიტლენდ-ნილსი, ჯეფ რეინ-ადელაიდი, კრისტოფერ უილოკი, გედიონ ზელალემი და სხვანი ათამაშა არსენ ვენგერმაც, მაგრამ მისმა "მეთოფეებმა" მაინც ძალიან ადვილად და დამაჯერებლად მოუგეს იააპ სტამის "რედინგს". მთავარი კაცი ალექს-ოქსლეიდ ჩემბერლენი გახლდათ, რომელმაც ორი მშვენიერი გოლი შეაგდო."ალექსი სახიფათო მომენტების დროს ცოტათი ნერვიულობდა და ეს რეალიზაციაში ხელს უშლიდა. იმედია, ამ მატჩის მერე მას თავდაჯერება მოემატება. ის ძალიან ბევრს მუშაობს საკუთარ თავზე და ვარჯიშებზეც ბოლომდე იხარჯება. ასე თუ გააგრძელებს, პრემიერლიგის შეხვედრაშიც მოხვდება ძირითადში", - დააიმედა ვენგერმა დუბლის ავტორი.
* * *
"ჰალმა" პირველი ტაიმის ბოლოს და მეორე ნახევრის დებიუტში თავური დარტყმებით აიღო "ბრისტოლის" კარი და საპასუხოდ მხოლოდ ერთხელ გაუშვა, ისიც - ბოლო წამებზე. "ვეფხვების" დარად, შემდეგ ეტაპზე გავიდა "ლიდსიც", ოღონდ აქ საქმე გაცილებით რთულად და დრამატულად იყო. ალექს ნილის "ნორვიჩი" "ელანდ როუდზე" ორჯერ იგებდა - ერთხელ ძირითად დროში, მეორედ - დამატებითში. თუმცა ამ ქაოსურ, შეცდომებითა და მომენტებით სავსე შეხვედრაში, საბოლოოდ პენალტების სერია გახდა საჭირო. იქ ლიდსელებმა ორი 11-მეტრიანი გააცუდეს, მაგრამ მათმა 25 წლის იტალიელმა მეკარემ მარკო სილვესტრიმ 3(!) პენალტი მოიგერია და გარი მონკის გუნდს შემდგომ ეტაპზე გაუძღვა.
* * *
რაფაელ ბენიტესის "ნიუკასლმა", რომელიც ჩემპიონშიფში ლიდერობს, "პრესტონი" არ დაინდო. "სენტ ჯეიმს პარკზე" "კაჭკაჭებმა" მეტოქეს 6 უპასუხო გოლი გაუტანეს. აქედან 5 - მშვენიერი იყო. განსაკუთრებით ლამაზი გამოვიდა ალექსანდრ მიტროვიჩისა და მოჰამედ დიამეს მეორე გოლები - მათ დუბლები მიითვალეს. მე-6 გოლი პენალტით გავიდა, მაგრამ ესეც გამოსარჩევია, რადგან შოტლანდიელმა მეტ რიტჩიმ და მიტროვიჩმა დიდხანს იჩხუბეს იმაზე, თუ ვის უნდა დაერტყა 11-მეტრიანი.
საბოლოოდ, ეს თავად პენალტის მომპოვებელმა რიტჩიმ ითავა და გაიტანა კიდეც. ისე, სწორედ ამას მოჰყვა მიტროვიჩის მეორე და ძალიან ლამაზი გოლი, რის მერეც სერბმა მაისურა შემოიგლიჯა და ხაზი გაუსვა, რომ ლიდერი ის არის...
მაგრამ მერე დიამემ დიდებულად ჩაჭრა ბურთი შორიდან. მოკლედ, "ჯორდებს" ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავთ და თუ ერთმანეთში არ იჩხუბებენ და გუნდურად გააგრძელებენ, შორს წასვლა შეუძლიათ და წესით, პრემიერლიგასაც უნდა დაუბრუნდნენ.
25 ოქტომბერი
არსენალი-რედინგი 2:0
გოლები: 1:0 ოქსლეიდ-ჩემბერლენი (33), 2:0 ოქსლეიდ-ჩემბერლენი (78)
არსენალი (4-2-3-1): მარტინესი - ჯენკინსონი, გებრიელი, ჰოლდინგი, გიბსი - ელნენი, მეიტლენდ-ნილსი - ოქსლეიდ-ჩემბერლენი (81. ზელალემი), ივობი, რეინე-ადელაიდი (33. ჟირუ) - ლუკას პერესი (78. უილკოკი).
ლივერპული-ტოტენჰემი 2:1
გოლები: 1:0 სტარიჯი (9), 2:0 სტარიჯი (64), 2:1 იანსენი (76-პენ)
ლივერპული (4-3-1-2): მინოლე - ალექსანდერ-არნოლდი (69. კლაინი), ლუკას ლეივა, კლავანი, მორენო - ვინალდუმი, სტიუარტი, ეჯარია - გრუიჩი (90. ჩანი) - ორიგი (69. ინგსი), სტარიჯი.
ტოტენჰემი (4-2-3-1): ვორმი - ტრიპიერი, კარტერ-ვიკერსი, ვიმერი, დევისი - დაიერი (68. ვანიამა), უინკსი - ონომა, ქეროლი (62. ქეროლი), ნკუდუ (84. ჰარისონი) - იანსენი.
ბრისტოლი-ჰალი 1:2
გოლები: 0:1 მაგუაირი (44), 0:2 დოუსონი (47), 1:2 ტომლინი (90)
ლიდსი-ნორვიჩი დდ 2:2, პენ 3:2
გოლები: 0:1 პრიტჩარდი (14), 1:1 ანტონსონი (43), 1:2 ოლივეირა (99), 2:2 ვუდი (109)
ნიუკასლი-პრესტონი 6:0
გოლები: 1:0 მიტროვიჩი (19), 2:0 დიამე (38), 3:0 რიტჩი (53-პენ), 4:0 მიტროვიჩი (55), 5:0 დიამე (87), 6:0 პერესი (90)
გაძევება: ბრაუნი (27. პრესტონი)
26 ოქტომბერი
საუთჰემპტონი-სანდერლენდი 1:0
გოლი: 1:0 ბუფალი (66)
ვესტ ჰემი-ჩელსი 2:1
გოლები: 1:0 კუიატე (11), 2:0 ფერნანდესი (48), 2:1 კეჰილი (90)
ჩელსი (3-4-3): ბეგოვიჩი - დავიდ ლუიზი, ტერი, კეჰილი - აინა (68. პედრო), ჩალობა (63. აზარი), კანტე, ასპილიკუეტა - ვილიანი, ოსკარი, ბაჩუაი (54. დიეგო კოშტა).
მანჩესტერი-სიტი 1:0
გოლი: 1:0 მატა (54)
მანჩესტერი (4-2-3-1): დე ხეა - ვალენსია, ბლინდი, როხო, შოუ - ქერიკი, ერერა - მატა (73. შნეიდერლინი), პოგბა, რაშფორდი (82. ლინგარდი) - იბრაჰიმოვიჩი.
სიტი (4-3-3): კაბალიერო - მაფეო, ოტამენდი, კომპანი (46. კოლაროვი), კლიში - გარსია, ფერნანდო, ნოლიტო (71. აგუერო) - ნავასი, სანე (63. სტერლინგი), იჰეანაჩო.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"