ხუან მატა ჟოზე მოურინიოს შესახებ: ჭორებს არ უნდა აჰყოლოდით

AutoSharing Option
ხუან მატა ამბობს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედში" თავს მნიშვნელოვნად გრძნობს. არადა, ამ სეზონის დაწყებამდე ბევრს საუბრობდნენ იმაზე, რომ ესპანელს ჟოზე მოურინიო "ოლდ ტრაფორდზეც" ისე მოექცეოდა, როგორც - "სტემფორდ ბრიჯზე".

მიჩნეულია, რომ "ჩელსიდან" მატა სწორედ მოუმ გაუშვა. სეზონის სტარტზეც 28 წლის ნახევარმცველი დიდი ნდობით ვერ სარგებლობდა, მაგრამ ბოლო დროს მას ხშირად ვხედავთ ძირითადში და მეტიც, "ბარნლისთან" შეხვედრაში ჟოზემ მატა კაპიტნად დააყენა, რადგან უეინ რუნი ისევ თადარიგში იყო, ხოლო კრის სმოლინგი გუნდს აკლდა.

"ძალიან ბევრი ისტორია შეითხზა. სინამდვილეში არაფერი ხდებოდა. ვგრძნობ თუ არა
გუნდისთვის მნიშვნელოვან ფეხბურთელად თავს? დიახ, ვგრძნობ. ასე იყო ყველა მწვრთნელის დროს და ასეა ახლაც. ჟოზე მოურინიოსთან არანაირი განსაკუთრებული გასაუბრება არ მქონია, როგორც ამას ამტკიცებენ. ჩვენ პროფესიული, ნორმალური ურთიერთობა გვაქვს. ჭორებს არ უნდა აჰყვეთ" - განაცხადა მატამ.

აქვე აღვნიშნოთ, რომ ბასტიან შვაინშტაიგერმა ძირითად გუნდთან ერთად ვარჯიში კი დაიწყო, მაგრამ ინგლისური პრესის ცნობით, ეს იმიტომ ხდება, რომ იგი კლუბმა ზამთრისთვის მოამზადოს, როდესაც გაასხვისებს გერმანელს. მწვრთნელის მიერ კიდევ ერთი მოძულებული ფეხბურთელი ჰენრიხ მხითარიანი კი ოპტიმიზმს ინარჩუნებს და დარწმუნებულია როგორც საკუთარ შესაძლებლობებში, ასევე მთლიანად კლუბის ნათელ და წარმატებულ მომავალში.

მხითარიანი დ’არტანიანობას აპირებს: "საუკეთესო დღეები წინ გვაქვს, ვაგრძელებთ მუშაობას. ერთი ყველასთვის, ყველა ერთისთვის" - განაცხადა მხითარიანმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული