"მანჩესტერ იუნაიტედი": ვის აღარ ენდობა ჟოზე მოურინიო

AutoSharing Option
ჟოზე მოურინიომ ამჯერად კრის სმოლინგი და ლუკ შოუ მოიძულა. "განსაკუთრებულმა" ეს ფეხბურთელები "სუონსისთან" მატჩის განაცხადში არ შეიყვანა. ის შეხვედრა "წითელმა ეშმაკებმა" კარგად ჩაატარეს და დამაჯერებლად მოიგეს.

მოთამაშეების არყოფნის მიზეზად თავიდან ტრავმა სახელდებოდა, მაგრამ მერე პორტუგალიელმა ყველაფერს ნათელი მოჰფინა.

საქმე ის არის, რომ სმოლინგმა და შოუმ თამაში იუარეს, ბოლომდე მზად არ ვართ და კლუბს სარგებელს ვერ მოვუტანთო. ეს კი ჟოზეს არ მოეწონა. ამან შესაძლოა, კლუბის გაასახდელში ისედაც მყიფე სიტუაცია კიდევ უფრო არიოს.

"მე მყავს მეგობარი, რომელიც ჩოგბურთის დიდი მოთამაშეა და მან
მითხრა, რომ კორტზე უფრო ხშირად ტკივილით გადის, ვიდრე - მის გარეშე. არსებობს რაღაც წესები და კულტურა. აქ საქმე მე არ მეხება, "მანჩესტერის" კულტურასა და ისტორიაზე ვსაუბრობთ. ყველა სპორტში გვყავს მოთამაშეები, რომლებსაც პრობლემები აქვთ და თუ მათ თამაში შეუძლიათ, მაინც აკეთებენ ამას, რადგან პროფესიონალები არიან. თუ გუნდს სჭირდება, მაშინაც უნდა ითამაშო, როდესაც 100%-ით მზად არ ხარ და ვიცი, რომ ბევრი აკეთებს ასე, რადგან ბევრს ვიცნობ" - აღნიშნა მოურინიომ.

შემდეგ ჟოზემ ის ფეხბურთელები შეაქო, რომლებიც ყოველთვის მზად არიან, დაიხარჯონ და მათ შორის ისეთი მოთამაშეებიც ახსენა, რომლებსაც აქამდე არ სწყალობდა, მაგრამ როგორც ჩანს, თავდადებით მისი გული მოიგეს. მაგალითად, იტალიელი მცველი მატეო დარმიანი, რომელიც "ლიბერთი სტედიუმზე" ძირითადში იყო.

"ანტონიო ვალენსიას ოპერაცია დასჭირდა, ბაილიც საკმაო ხანი ვერ დაგვეხმარება მუხლის ტრავმის გამო. სმოლინგმა მითხრა, რომ ტკივილს გრძნობდა, 100%-ით არ იყო მზად და მინდორზე არ გავიდოდა. შოუმ კი თამაშის დილას განმიცხადა, რომ ვერ ითამაშებდა. სიმართლე ითქვას, მინდორზე გავედი იმ 4 ბიჭით, რომლებმაც დამარწმუნეს, რომ დაცვას გაამაგრებდნენ და მზად იყვნენ თამაშისთვის.

ვიცი, რომ ეშლი იანგი მარჯვენა მცველი არ არის, მაგრამ ის ჩემპიონია. მატეო დარმიანი ყოველთვის მზადაა, რომ ბოლომდე დაიხარჯოს და ფილ ჯონსმაც გაითვალისწინა, რა სიტუაციაში იყო გუნდი, თუნდაც სრულ მზადყოფნაში არ ყოფილიყო. იგი მიხვდა, რომ პრობლემა გვქონდა და მინდორზე გავიდა, რითაც ბოლომდე მწყობრში ჩადგომის პროცესი შესაძლოა, დროში გააჭიანურა. დეილი ბლინდსაც პრობლემები ჰქონდა, მაგრამ მან მზადყოფნა გამოთქვა, რომ განაცხადში ყოფილიყო და საჭიროების შემთხვევაში, მინდორზეც გავიდოდა. ამ ფეხბურთელებს ვენდობი" -განაცხადა ჟოზემ.

საკადრო პრობლემების გამო ძირითადში მოხვდა მაიკლ კერიკიც და სასტარტოში დაბრუნდა უეინ რუნიც, რომელმაც გადაცემების დროს რამდენიმე შეცდომა კი დაუშვა, მაგრამ ორი საგოლე პასი მიითვალა და პირველი გოლისას გათამაშებულ კომბინაციაშიც მიიღო მონაწილეობა. კუთვნილი ქება მათაც შეხვდათ.

სხვათა შორის, მოურინიოს გაკრიტიკებული ფეხბურთელები დაიცვა ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გარეთ საუთგეიტმა. მან აღნიშნა, რომ მოთამაშეებმა ისევ კლუბისა და ნაკრების მომავალზე იზრუნეს და ეგოისტურად არ მოქცეულან, უბრალოდ, ამ მომენტში სათამაშოდ მზად არ იყვნენ. სმოლინგისა და შოუს მხარე დაიჭირა პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამაც.

ახლახან კი მოურინიომ ისიც დაამატა, რომ სმოლინგსა და შოუზე რომ გავნაწყენდი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ ძირითადში დაბრუნებისა და თამაშის შანსი აღარ მიეცემათ. მიეცემათ და დაამტკიცონ, რა შეუძლიათ და როგორი თავდადებულნი არიან გუნდისთვისო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული