პრემიერლიგა. XIII ტური: რა დროს ტიტულია?! დახედეთ ცხრილს!.. [VIDEO]

AutoSharing Option
* ლივერპულის შემტევმა ფილიპე კოუტინიომ სერიოზული ტრავმა მიიღო და შესაძლოა, მინიმუმ ახალ წლამდე ვერ ითამაშოს
* "ტოტენჰემმა" მიმდინარე პრემიერლიგაში პირველი მარცხი იწვნია...
* "ლივერპული" აგრძელებს წაუგებელ სერიას, რომელიც უკვე 11 მატჩს ითვლის...
* "მანჩესტერ იუნაიტედმა" ზედიზედ მესამე საშინაო ფრე ითამაშა და პირველადგილოსან "ჩელსის" 11 ქულით ჩამორჩა...
* ჟოზე მოურინიო ამ სეზონში მეორედ გააძევეს...

თქვენც, "მამლებო"?!
მაშ ასე, პრემიერლიგაში დაუმარცხებელი აღარავინ დარჩა. "ტოტენჰემი" დიდხანს ინარჩუნებდა ამ სტატუსს და საკუთარი 25-წლიანი რეკორდიც გააუმჯობესა, მაგრამ მუდმივი ამ ქვეყნად არაფერია. საერთოდ, ამ ბოლო დღეებში მაურისიო
პოჩეტინოს გუნდს უიღბლობამ დარია ხელი - რამდენიმე დღის წინ ჩემპიონთა ლიგიდან გავარდა, შაბათს კი შინაურ ფრონტზეც დაუცდა ფეხი...

ძველებურად შთამბეჭდავი ვეღარ იყო "ჩელსიც" და არც ეს არის გასაკვირი. ყოველთვის ერთ დონეზე ვერ ითამაშებ და სადღაც ანტონიო კონტეს მანქანაც დაამუხრუჭებს, თუმცა ჯერჯერობით, ყველაფერი რიგზეა და მინიმუმ ერთი კვირით ინარჩუნებს ლიდერობას.

ისე კი, "ტოტენჰემი" რომ ვერაფერს გამორჩა "სტემფორდ ბრიჯზე", შეიძლება ამის მიზეზი ისტორიაშიც მოვძებნოთ - უკვე 30 მატჩია, "მამლებმა" ამ სტადიონს ტაბუ ვერ მოხსნეს. არადა, პირველ ტაიმში მათი უპირატესობა თვალსაჩინო იყო. ბურთის კონტროლი, მოედნის ცენტრი - აქ სადავეები პოჩეტინოს ბიჭებს ეპყრათ ხელთ და ამას ლოგიკურადაც მოჰყვა კრისტიან ერიქსენის შორეული საგოლე დარტყმა, რომელიც ტიბო კურტუამ ახლო კუთხეში გაუშვა.

უხეირო თამაშის ფონზე პირველი ტაიმის მიწურულს პედროს ბრწყინვალე გოლმა მაშველი რგოლის როლი ითამაშა, მეორე ნახევრის სტარტზე კი "ჩელსიში" მეორედ "დაბადებულმა" ვიქტორ მოზესმა ზუსტად შეარჩია ის ადგილი, საიდანაც კიდევ ერთხელ შეირხა სტუმართა კარის ბადე, თუმცა ბურთი გზად ჯერ მეკარეს, ხოლო მერე კარის ხაზზე მდგომ მცველს შეეხო.

"დასანანია, რომ ასეთი თამაში წავაგეთ. თუ მატჩს თავიდან ბოლომდე გავაანალიზებთ, დავრწმუნდებით, რომ ჩვენ უკეთ ვითამაშეთ, განსაკუთრებით - პირველ ტაიმში. თუმცა საწყენია, რომ მატჩის ამ მონაკვეთში უპირატესობა ვერ შევინარჩუნეთ, მეორე ნახევარში კი ძალიან მალე გავუშვით მეორე გოლი... მოკლედ, თამაშის ხარისხით კმაყოფილი ვარ, მაგრამ შედეგმა ყველას გული დაგვწყვიტა", - თქვა პოჩეტინომ.

მისმა ვიზავიმ კი ასე შეაჯამა თამაში: "ძალიან მომეწონა ის, თუ როგორი რეაქცია ჰქონდა ჩემს გუნდს გაშვებული გოლის შემდეგ. პრემიერლიგაში არ არის ადვილი, აგებდე და მერე მოიგო, მით უმეტეს, ასეთ ძლიერ ოპონენტთან... ჩემპიონობა? ჯერ ძალიან ადრეა ამაზე ლაპარაკი. დახედეთ ცხრილს და ნახავთ, რომ 6-7 გუნდს შეუძლია ტიტულის მოგება... ახლა მთავარი ის არის, რომ გავაგრძელოთ მუშაობა ისე, როგორც აქამდე ვაკეთებდით, ქულები კი ბოლოს დავითვალოთ".
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ზოგი ჭირის ამბავი
"ჩელსის" არ იყოს, "ლივერპულიც" ვეღარ არის ისეთი, სანაკრებო პაუზამდე რომ იყო და ქვას ქვაზე არ ტოვებდა. თითქოს, გუნდმა რიტმი დაკარგა, მაგრამ ერთი პოზიტივი მაინც გამოჩნდა - ზედიზედ მეორე მატჩია, "წითლები" გოლს არ უშვებენ და ეს იურგენ კლოპმაც აღნიშნა მატჩის შემდეგ.

თუმცა გერმანელს ახლა სხვა საფიქრალი გაუჩნდა - ფილიპე კოუტინიოს სერიოზული ტრავმა, რაც "სანდერლენდის" ნახევარმცველ დიდიე ნდონგის კისერზეა. ბრაზილიელი შემტევი, რომელიც ამ სეზონში "ლივერპულის" სული და გულია (5 გოლი და 6 საგოლე პასი), 34-ე წუთზე შესაცვლელი გახდა. დღეს კოუტინიოს კოჭზე სკანირება ჩაუტარდება. არსებობს ვარაუდი, რომ ის მინიმუმ ახალ წლამდე დაისვენებს.

მაგრამ ნათქვამია - ზოგი ჭირი მარგებელიაო და, კოუტინიოს ნაცვლად შესულმა დივოკ ორიგიმ, რომელმაც "ლივერპულის" მაისურით გატანილი 6 გოლიდან 5 შეცვლაზე მიითვალა, არც ამჯერად უღალატა ტრადიციას და 75-ე წუთზე საჯარიმოს გვერდითი ხაზიდან შორეულ კუთხეში გაახვია ბურთი. ოღონდ, რამდენად იქნება 21 წლის ნიჭიერი ბელგიელი კოუტინიოს სრულფასოვანი შემცვლელი, ამაზე ახლა თავს ვერავინ დადებს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

გვარდიოლამ ჯერ უნდა ისწავლოს...
ბარნლიში მძიმე ბრძოლა გადახდა "მანჩესტერ სიტის", სადაც მასპინძელი თამაშის დასაწყისშივე დაწინაურდა დინ მერნის შორეული დარტყმით. მაგრამ თავისი სიტყვა თქვა სერხიო აგუერომ, ვისი გოლებიც, ამჯერად, არ ყოფილა ამ საქმის დიდოსტატის შესაფერისი, თუმცა აქ მთავარი სხვა რამ არის - "კუნი" ყოველთვის საჭირო დროსა და საჭირო ადგილას ჩნდება...

საინტერესო იყო პეპ გვარდიოლას მატჩისშემდგომი კომენტარი: "მე ჯერ კიდევ უნდა ვისწავლო, როგორ ვაკონტროლოთ "მეორე ბურთი", რადგან ესპანეთსა და გერმანიაში გრძელი პასებით იშვიათად თამაშობენ... მეორე საკითხი, რაც ასევე კარგად უნდა შევისწავლო, მსაჯობაა. არ მინდა კონკრეტულ შემთხვევებზე ლაპარაკი, მაგრამ ერთი და იგივე ტიპის დარღვევაზე ხან ინიშნება ჯარიმა, ხან - არა. არ მესმის, ეს როგორ ხდება. ინგლისში მართლაც სრულიად განსხვავებული მსაჯობაა... საერთო ჯამში, კმაყოფილი ვარ ჩემი ფეხბურთელებით. მათ დღეს ხასიათის სიმტკიცე გამოავლინეს, მით უფრო, რომ გასული კვირა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო".
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
ბილიჩის ჩაქუჩი
რა არ სცადა "მანჩესტერმა" "ვესტ ჰემთან" საშინაო მატჩში, თითქმის ყველა შემტევი გამოიყენა, მომენტებიც შექმნა, მაგრამ ქულის მეტს ვერ ეწია - 1:1. ეს კი არა, თამაშის მიწურულს იერიშებში გართულებს კინაღამ სლავენ ბილიჩის "ჩაქუჩი" მოხვდათ და სირცხვილი მერე გენახათ!..

ჟოზე მოურინიო კი ერთხელაც გააძევეს ამ სეზონში. მან არბიტრის გადაწყვეტილება გააპროტესტა (იმ არბიტრის, რომელმაც "მანჩესტერის" კარში პენალტი არ დანიშნა აშკარად ხელით თამაშის გამო), წიხლები ჰყარა, იყვირა და იმდენი ქნა, ჯონ მოსმა ტრიბუნებისკენ მიუთითა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ლიბერთის" დრამა
ბობ ბრედლის ხელმძღვანელობით, "სუონსიმ" პირველი მატჩი მოიგო და თან - რა მატჩი! "ლიბერთიზე" 9(!) გოლი ვიხილეთ და აქედან 7 - მეორე ტაიმში. თამაში ოთხჯერ გადავიდა ხელიდან ხელში. "კრისტალ პალასი", რომელსაც მანამდე ზედიზედ 5 წაგება ჰქონდა, 1:3-ზეც არ დანებდა, 9-წუთიან ინტერვალში 3 გოლი გაიტანა და 4:3 წაიყვანა...

და თითქოს, ალან პარდიუს "არწივებს", ბოლოს და ბოლოს, უნდა შეეწყვიტათ წარუმატებელი სერია საგმირო გამარჯვებით, მაგრამ... ბრედლის "გედები" უფრო ყოჩაღები გამოდგნენ - ერთ დროს "ბილბაოს" მეგოლე ფერნანდო ლორენტემ დამატებულ წუთებზე ორჯერ წაჰკრა ბურთს ფეხი და - 5:4! შეიძლება ეს მარცხი პარდიუს სამსახურის დაკარგვად დაუჯდეს.

"ლესტერი" ორი პენალტის წყალობით გადაურჩა "მიდლსბროსთან" საშინაო მარცხს. ის კვლავაც მოქმედი ჩემპიონია და ამ სტატუსს ჯერ ვერავინ წაართმევს. თუმცა უკვე უხერხულია "მელიების" ამ რეგალიით მოხსენიება, რადგან საქმეს ისეთი პირი უჩანს, კლაუდიო რანიერის პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის მოუწევს ძალისხმევა.

ისე, არ დაგავიწყდეთ - იტალიელი ამ საქმის სპეციალისტიცაა, იმავე "ლესტერის" მაგალითს თუ გავიხსენებთ, ოღონდ... კოკა ყოველთვის ვერ მოიტანს წყალსო, უთქვამს ბრძენ ხალხს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

კვირას ალექსის სანჩესის დუბლის წყალობით "არსენალმა" დამაჯერებლად სძლია "ბორნმუთს".
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ხოლო "საუთჰემპტონისა" და "ევერტონის" მატჩში 41-ე წამზე მასპინძელთა ფორვარდ ჩარლი ოსტინის მიერ გატანილი გოლი ერთადერთი აღმოჩნდა "სენტ მერის" დაპირისპირებაში.

XIII ტური
ბარნლი-მანჩ. სიტი 1:2
გოლები: 1:0 მერნი (14), 1:1 აგუერო (37), 1:2 აგუერო (60)
ბარნლი (4-4-1-1): რობინსონი - ლოუტონი, კინი, მი, ს. უარდი - გუდმუნდსონი (43. ტარკოვსკი), მერნი (40. არფილდი), დეფური (80. ბარნსი), ბოიდი - ჰენდრიკი - ვოუკსი.
სიტი (4-2-3-1): ბრავო - სანია, ოტამენდი, კოლაროვი, კლიში - ფერნანდინიო, ფერნანდო - სტერლინგი (60. სანე), ტურე, ნოლიტო (78. დე ბრუინი) - აგუერო (89. ნავასი).
გაფრთხილება: 2-3; კუთხური: 5-8; ჯარიმა: 8-15; თამაშგარე: 4-3; კარში დარტყმა: 10-21 (5-5); ბურთის ფლობა: 33%-67%; მაყურებელი: 21 794

ჰალი-ვესტ ბრომვიჩი 1:1
გოლები: 0:1 მაკოული (34), 1:1 მ. დოუსონი (72)
ჰალი (4-4-1-1): მარშალი - ელმოჰამადი, მ. დოუსონი, კ. დევისი, ტაიმონი (90. რობერტსონი) - სნოდგრასი, ლივერმორი, მეისონი (46. დიომანდი), კლუკასი - ჰენრიკსენი (88. მეილერი) - მბოკანი.
ვესტ ბრომვიჩი (4-2-3-1): ბ. ფოსტერი - კ. დოუსონი, მაკოული, ჯ. ევანსი, ნიომი - დ. ფლეტჩერი (64. მაკკლინი), იაკობი - ბრენტი, მორისონი (79. ჩადლი), ფილიპსი (83. რობსონ-კანუ) - რონდონი.
გაფრთხილება: 3-2; კუთხური: 2-6; ჯარიმა: 7-10; თამაშგარე: 1-0; კარში დარტყმა: 10-10 (4-2); ბურთის ფლობა: 53%-47%; მაყურებელი: 18 086

ლესტერი-მიდლსბრო 2:2
გოლები: 0:1 ნეგრედო (13), 1:1 მაჰრეზი (34-პენ), 1:2 ნეგრედო (72), 2:2 სლიმანი (90-პენ)
ლესტერი (4-4-2): ცილერი - სიმპსონი, მორგანი, ჰუთი, ფუხსი - მაჰრეზი (68. მუსა), კინგი, ემეტრი, ოლბრაიტონი - ოკაზაკი (76. დ. გრეი), ვარდი (66. სლიმანი).
მიდლსბრო (4-5-1): ვალდესი - ბარაგანი, ჩემბერსი, გიბსონი, ფაბიო - ტრაორე (79. სტუანი), დე როონი, კლეიტონი, ფორშოუ, რამირესი (88. ფიშერი) - ნეგრედო.
გაფრთხილება: 4-4; კუთხური: 2-3; ჯარიმა: 15-12; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 11-6 (3-2); ბურთის ფლობა: 41%-59%; მაყურებელი: 32 058

ლივერპული-სანდერლენდი 2:0
გოლები: 1:0 ორიგი (75), 2:0 მილნერი (90-პენ)
ლივერპული (4-3-3): კარიუსი - კლაინი, მატიპი, ლოვრენი, მილნერი - ვინალდუმი (90. ვუდბერნი), ჰენდერსონი, ჩანი - მანე, კოუტინიო (34. ორიგი), ფირმინო (87. ლუკას ლეივა).
სანდერლენდი (4-3-3): პიკფორდი - ბ. ჯოუნსი, კონე, ოში, ვან აანჰოლტი - ნდონგი, დენაიერი, პიენაარი (79. გუჩი) - უოტმორი (79. იანუზაი), ანიჩებე, დეფო.
გაფრთხილება: 1-3; კუთხური: 9-4; ჯარიმა: 5-9; თამაშგარე: 0-1; კარში დარტყმა: 27-6 (7-1); ბურთის ფლობა: 77%-23%; მაყურებელი: 53 167

სუონსი-კრ. პალასი 5:4
გოლები: 0:1 ზაჰა (19), 1:1 სიგურდსონი (36), 2:1 ფერი (66), 3:1 ფერი (68), 3:2 ტომკინსი (75), 3:3 კორკი (82-საკ. კარში), 3:4 კ. ბენტეკე (84), 4:4 ფერნანდო ლორენტე (90+1), 5:4 ფერნანდო ლორენტე (90+3)
სუონსი (4-3-3): ფაბიანსკი - ნაფტონი (86. მორენო), ფერნანდესი, ამატი, ტეილორი - კორკი, ფულტონი, ფერი - რუტლიჯი (66. ფერნანდო ლორენტე), ბეროუ (80. რანხელი), სიგურდსონი.
კრ. პალასი (4-4-2): ჰენესი - ჯ. უარდი, დანი, ტომკინსი, კელი (75. ფრაიერსი) - ზაჰა, კაბაი, მაკარტური (82. საკო), პუნჩეონი - უიქჰემი (52. თაუნსენდი), კ. ბენტეკე.
გაფრთხილება: 4-5; კუთხური: 10-6; ჯარიმა: 12-25; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 15-12 (8-4); ბურთის ფლობა: 57%-43%; მაყურებელი: 20 245

ჩელსი-ტოტენჰემი 2:1
გოლები: 0:1 ერიქსენი (11), 1:1 პედრო (45), 2:1 მოზესი (51)
ჩელსი (3-4-3): კურტუა - ასპილიკუეტა, დავიდ ლუიზი, კეჰილი - მოზესი (80. ივანოვიჩი), კანტე, მატიჩი, ალონსო - პედრო (83. ოსკარი), აზარი (77. ვილიანი), დიეგო კოშტა.
ტოტენჰემი (3-4-2-1): ლორისი - დაიერი, ვიმერი, ვერტონგენი - უოლკერი, ვანიამა, დემბელე (83. იანსენი), სონი (65. უინქსი) - ერიქსენი, ალი (73. ნკუდუ) - კეინი.
გაფრთხილება: 2-1; კუთხური: 3-8; ჯარიმა: 13-16; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 9-12 (5-6); ბურთის ფლობა: 47%-53%; მაყურებელი: 41 513

უოტფორდი-სტოკი 0:1
გოლი: 0:1 გომეში (29-საკ. კარში)
უოტფორდი (3-4-3): გომეში - ქაბული (21. კაბასელე), პრიოდლი, ბრიტოსი - იანმაატი, ბეჰრამი, კაპუ, ჰოლებასი (56. იგალო) - ამრაბატი (78. ოკაკა), პერეირა, დინი.
სტოკი (4-2-3-1): გრანტი - ჯონსონი, მარტინს ინდი, მუნიესა, პიტერსი - ადამი, იმბულა - დიუფი, შაქირი, არნაუტოვიჩი (82. კრაუჩი) - უოლტერსი.
გაძევება: ბრიტოსი (90. უოტფორდი)
გაფრთხილება: 5-0; კუთხური: 3-3; ჯარიმა: 24-14; თამაშგარე: 1-6; კარში დარტყმა: 11-14 (2-1); ბურთის ფლობა: 50%-50%; მაყურებელი: 20 058

არსენალი-ბორნმუთი 3:1
გოლები: 1:0 სანჩესი (12), 1:1 უილსონი (23-პენ), 2:1 უოლკოტი (53), 3:1 სანჩესი (90)
არსენალი (4-2-3-1): ჩეხი - დებიუში (16. გაბრიელი), მუსტაფი, კოსიელნი, მონრეალი - ელნენი, ჯაკა - უოლკოტი (76. ჟირუ), ოქსლეიდ-ჩემბერლენი (75. რემზი), იოზილი - სანჩესი.
ბორნმუთი (4-2-3-1): ფედერიჩი - ფრენსისი, კუკი, აკე, სმიტი (81. მუსე) - გოსლინგი, არტერი - სმიტი, ჯ. კინგი, სტანისლასი (71. იბე) - უილსონი (63. აფობე).
გაფრთხილება: 3-5; კუთხური: 3-10; ჯარიმა: 12-13; თამაშგარე: 1-4; კარში დარტყმა: 16-9 (3-3); ბურთის ფლობა: 52%-48%; მაყურებელი: 59 978

მანჩესტერი-ვესტ ჰემი 1:1
გოლები: 0:1 სახო (2), 1:1 იბრაჰიმოვიჩი (22)
მანჩესტერი (4-2-3-1): დე ხეა - ა. ვალენსია, ფ. ჯოუნსი, როხო, დარმიანი - ერერა, პოგბა - ლინგარდი (85. ფელაინი), მატა (65. მხითარიანი), რაშფორდი (65. რუნი) - იბრაჰიმოვიჩი.
ვესტ ჰემი (3-4-2-1): რენდოლფი - კუიატე, კოლინზი, ოგბონა - ანტონიო, ობიანგი, ნოუბლი, კრისუელი - ლანძინი (74. აიუ), პაიე (90. ფეგული) - სახო (66. ე. ფლეტჩერი).
გაფრთხილება: 3-1; კუთხური: 8-4; ჯარიმა: 16-16; თამაშგარე: 4-2; კარში დარტყმა: 17-6 (8-2); ბურთის ფლობა: 68%-320%; მაყურებელი: 75 313

საუთჰემპტონი-ევერტონი 1:0
გოლი: 1:0 ოსტინი (1)
საუთჰემპტონი (4-3-3): ფ. ფოსტერი - სედრიკი, ფონტე, ვან დიიკი, ბერტრანდი - ჰოიბერგი, უარდ-პროუსი, რომეუ - სიმსი (84. მაკქუინი), რედმონდი (79. კლასი), ოსტინი (89. ლონგი).
ევერტონი (4-2-3-1): სტეკელენბურგი - კოულმენი, იაგიელკა, ე. უილიამსი, ბეინსი (83. ე. ვალენსია) - გუეიე, ბერი - ლენონი (65. დეულოფეუ), ბარკლი (71. მირალასი), ბოლასი - ლუკაკუ.
გაფრთხილება: 0-1; კუთხური: 5-2; ჯარიმა: 11-15; თამაშგარე: 0-0; კარში დარტყმა: 17-13 (7-1); ბურთის ფლობა: 53%-47%; მაყურებელი: 31 132

ბომბარდირები
10 დიეგო კოშტა (ჩელსი)
სერხიო აგუერო (სიტი)
8 ალექსის სანჩესი (არსენალი)
7 რომელუ ლუკაკუ (ევერტონი)
ედენ აზარი (ჩელსი)
ჯერმეინ დეფო (სანდერლენდი)
ზლატან იბრაჰიმოვიჩი (მანჩესტერი)

მომდევნო ტური
3 დეკემბერი:
მანჩესტერ სიტი-ჩელსი, კრისტალ პალასი-საუთჰემპტონი, სტოკი-ბარნლი, სანდერლენდი-ლესტერი, ტოტენჰემი-სუონსი, ვესტ ბრომვიჩი-უოტფორდი, ვესტ ჰემი-არსენალი;

4 დეკემბერი:
ბორნმუთი-ლივერპული, ევერტონი-მანჩესტერი;

5 დეკემბერი:
მიდლსბრო-ჰალი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული