ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ ჟოზე მოურინიოს ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია და ფულადი ჯარიმა (16 ათასი ფუნტი) აკმარა. "მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელი კვირას, "ვესტ ჰემთან" საშინაო მატჩის (1:1) დროს გააძევა არბიტრმა ჯონ მოსმა, მას მერე, რაც "განსაკუთრებულმა" მსაჯის გადაწყვეტილების მიმართ პროტესტის ნიშნად წყლის ბოთლს ამოჰკრა ფეხი და ლანძღვა-გინებას მოჰყვა.
საინტერესოა, რომ ჟოზემ სასჯელი გუშინვე მოიხადა და ბედის ირონიით, ეს იმავე "ვესტ ჰემთან", ახლა უკვე ლიგის თასის მეოთხედფინალურ მატჩში მოხდა, როცა მას ტრიბუნიდან მოუწია თამაშისთვის თვალის დევნება.
საფეხბურთო ასოციაციამ ამ სეზონში მოურინიო უკვე მ
ესამედ დასაჯა. პირველად, ეს იყო ოქტომბერში, როცა "იუნაიტედის" თავკაცმა არაკორექტული კომენტარი გააკეთა "ლივერპულთან" მატჩის არბიტრად ენტონი ტეილორის დანიშვნის გამო. მას ეს 50 ათასი ფუნტი დაუჯდა.
შემდეგ იყო "ოლდ ტრაფორდის" მატჩი "ბარნლისთან" (0:0), როცა მას ტრიბუნებისკენ მიუთითეს, ხოლო ასოციაციამ ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია და 8 ათასი ფუნტის გადახდა დააკისრა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"