პრემიერლიგა. XIV ტური: აბა, მუშტი-კრივშიც გვნახეთ... [VIDEO]

AutoSharing Option
* "ჩელსიმ" მოიგო ზედიზედ მე-8 მატჩი, რაც პირველად მოხდა 2006/07 წლების სეზონის შემდეგ...
* მთელი 2016 წლის განმავლობაში ჰარი კეინმა ("ტოტენჰემი") 28 მატჩში 21 გოლი გაიტანა, რითიც მხოლოდ სერხიო აგუეროს 27-გოლიან ნიშნულს ჩამორჩება...
* მოქმედ ჩემპიონ "ლესტერს" პრემიერლიგაში 29 ოქტომბრის მერე არ გაუმარჯვია...
* ზედიზედ 6 მარცხის შემდეგ "კრისტალ პალასმა" პირველი 3 ქულა გაიფორმა...
* "სტოკმა" ბოლო 7 მატჩში მე-5, ხოლო "სანდერლენდმა" და "ვესტ ბრომვიჩმა" ბოლო 4 თამაშში მე-3 გამარჯვება იზეიმეს...

...56-ე წუთი "ეტიჰადზე". კევინ დე ბრუინის დარტყმის შემდეგ ბურთი
ხვდება ძელს და "სიტი" უშვებს რეალურ შანსს, ორბურთიანი უპირატესობით გაიჭრას წინ, რაც საბოლოო გამარჯვების უცილობელი გარანტია თუ ვერა, რეალური განაცხადი მაინც იქნებოდა ძლევამოსილი ლიდერის შესაჩერებლად, მაგრამ... ოთხ წუთში დიეგო კოშტამ თავგზა აუბნია ნიკოლას ოტამენდის და - 1:1.

ამის მერე ყველაფერი ანტონიო კონტეს სცენარით წარიმართა. იტალიელის მდიდარ ტაქტიკურ არსენალში აღმოჩნდა სწორედ ის იარაღი, რომელიც საკმარისი იყო ძალიან ძლიერი კონკურენტის მისსავე მოედანზე დასაჩოქებლად - ელვისებური და გააზრებული კონტრშეტევები. ამან კი ნათლად აჩვენა "სიტის" დაცვაში არსებული ქაოსი, რითიც ჯერ ვილიანმა ისარგებლა, მერე მატჩის საუკეთესო მოთამაშემ და ისედაც ბრწყინვალე ფორმაში მყოფმა ედენ აზარმა ყველა კითხვას პასუხი გასცა.

"ჩელსისთვის" დიდი პლუსი იყო სესკ ფაბრეგასისა (ძირითად შემადგენლობაში ტრავმირებული ნემანია მატიჩის ნაცვლად გამოჩნდა) და ვილიანის (მეორე ტაიმში პედრო შეცვალა და უმნიშვნელოვანესი გოლი გაიტანა) ოპტიმალური გარჯა. გრძელი მარათონის პირობებში ხარისხიანი სათადარიგო სკამია საჭირო და კონტესთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია, მის ახალ (თუმცა რაღა "ახალ") სქემას რაც შეიძლება მეტი ფეხბურთელი მოერგოს...

ამრიგად, 2009 წლის მერე პირველად მოხდა, რომ საკუთარ მოედანზე დაწინაურებული "სიტი" საბოლოოდ დამარცხებული დარჩა. "ბორნმუთთან" ორი თვის წინანდელი 4:0 კი, ჯერჯერობით, ერთადერთი შემთხვევა იყო მიმდინარე პრემიერლიგაში, როცა "ქალაქელებმა" შინ გოლი არ გაუშვეს.

ძალიან თვალსასეირო მატჩს ნამდვილად არ მოუხდა ის სცენები, რაც თამაშის ბოლოს "ეტიჰადზე" დატრიალდა, ლამის მასობრივ ხელჩართულ ჩხუბში რომ გადაიზარდა.

და მაინც, მანჩესტერელებს ნერვებმა უმტყუნათ. თუმცა აქ პროვოცირებაზეც უნდა ითქვას - ვიდრე სერხიო აგუერო გამეტებით ჩასცხებდა (რისთვისაც გააძევეს კიდეც) დავიდ ლუიზს, მანამედ იყო მათი შეხლა კუთხურის ალამთან, რაზეც არბიტრმა ენტონი ტეილორმა თვალი დახუჭა. ამას გარდა, საკამათო იყო მისი ზოგიერთ გადაწყვეტილებაც, რაზეც მასპინძლები არაერთხელ აპელირებდნენ...

ბოლოს კი ვნახეთ, თუ როგორ წაუჭირა ყელში ფერნანდინიომ ფაბრეგასს და ტეილორმა კიდევ ერთხელ ააფრიალა წითელი ბარათი, თუმცა ანალოგიურ სასჯელს, თითქოს, "ჩელსის" ერთი-ორი ფეხბურთელიც იმსახურებდა...

ინგლისის საფეხბურთო ასოციაცია როგორმე მიხედავს ამ საკითხს, ჩვენ კი ვნახოთ, როგორი იყო მწვრთნელების მატჩისშემდგომი რეაქცია. პეპ გვარდიოლამ ასეთი ანალიზი გააკეთა:

"ვულოცავ მეტოქეს. მათ მოიგეს ურთულესი თამაში და ამით ყველაფერია ნათქვამი. ჩვენ კარგად ვითამაშეთ, მოედანსაც ვაკონტროლებდით და მომენტებიც შევქმენით, მაგრამ საჯარიმოში ვერ ვიყავით ეფექტურები. თან ჩვენ ვეთამაშებოდით გუნდს, რომელსაც სამი შანსი ჰქონდა და სამივე გამოიყენა. ამაშია თამაშის მთელი არსი".

გვარდიოლასი არ იყოს, მატჩის ბოლოს მომხდარზე კომენტარი არც კონტემ ისურვა:
"ძალიან გაგვიჭირდა და ცხადია, ამისთვის ვემზადებოდით კიდეც. მთელი თამაშის განმავლობაში ჩვენ ვნახეთ გახსნილი ფეხბურთი. ბედნიერი ვარ ჩემი მოთამაშეების ხასიათის სიმტკიცით, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია გუნდის შემდგომი ზრდისთვის. გამოსასწორებელი და სამუშაო ჯერ კიდევ საკმარისად გვაქვს".
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

* * *
შაბათს "ჩელსის" სხვა ლონდონურმა გრანდებმაც აუბეს მხარი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მსუყე გამარჯვება "ტოტენჰემისთვის", რომელსაც აქამდე ჩატარებულ ბოლო 10 მატჩში (ყველა ტურნირის ჩათვლით) ერთადერთი მოგება ჰქონდა და ამან უკვე მოიტანა ნეგატივი - "მამლები" ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნენ...

ოღონდ ერთი ხინჯი ის არის, რომ პენალტი, რომლითაც ჰარი კეინმა ანგარიში გახსნა, ფრიად საეჭვო იყო - დელე ალი საჯარიმოდან ლამის კუთხურის ალმისკენ გარბოდა, როცა გაზონზე აღმოჩნდა, თან ეს ყველაფერი ძალიან ჰგავდა სიმულაციას.

მაგრამ ამით მაინც არ კნინდება "ტოტენჰემის" გამარჯვება - არ იქნებოდა ეს პენალტი, იქნებოდა სხვა. მორჩა და გათავდა!

არსენ ვენგერის "მეთოფეებმა" კი ლონდონის "ოლიმპიურზე" უმოწყალოდ "დახვრიტეს" სლავენ ბილიჩის "ვესტ ჰემი". ამ ამბავში მთავარი როლი ითამაშა ალექსის სანჩესმა, ვინც 14 წუთი და 29 წამი იკმარა ჰეთ-თრიკისთვის (ერთი საგოლე პასიც არ დაგვავიწყდეს) და ბომბარდირთა დავაში დიეგო კოშტას მიუცუცქდა.

თამაშს დავანებოთ თავი და მოდით, ჩილელის საამსეზონო სტატისტიკურ დავთარში ჩავიხედოთ - ყველა ტურნირში (19 მატჩი) მან 13-ჯერ შეარხია მეტოქეთა კარის ბადე და ზედაც 9 საგოლე პასი მიითვალა. ამას გარდა, "არსენალის" ბოლო 8 გოლიდან ექვსში სწორედ მისი ხელი ერია - 5 თავად გაიტანა, ერთხელაც პარტნიორს გაუმართა ხელი.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

* * *
კვირას ცუდი ამბავი შეემთხვა "ლივერპულს" - იურგენ კლოპის გუნდი ორჯერ იგებდა (2:0, 3:1) "ბორნმუთთან" საგარეო მატჩში, მაგრამ... ბოლოს მაინც ხელმოცარული დარჩა.

ეს იყო პირველი შემთხვევა "ალუბლების" ისტორიაში, როცა ამხელა დეფიციტის სათავისოდ შემოატრიალება მოახერხა, ხოლო "ლივერპულმა", კლოპის ზეობის პერიოდში, მესამედ ვერ შეძლო ისეთი თამაშის მოგება, რომელშიც ორბურთიანი უპირატესობა ჰქონდა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

საინტერესო იყო გერმანელის მატჩისშემდგომი კომენტარი: "ჩვენ გავხსენით ყველაფერი და მეტოქეს გამარჯვების საშუალება მივეცით. ხანდახან ასეთი რამეც გვჭირდება, რათა ღრუბლებიდან დავეშვათ. არ არსებობს ვარდებით მოფენილი გზა ეკლების გარეშე. 3 ქულა დავკარგეთ, მაგრამ ეს არ არის ტრაგედია. დეკემბერში ჩემპიონი ვერ გახდები".

იმავე საღამოს "მანჩესტერმა" მორიგი უღიმღამო მატჩი ჩაატარა. ავად თუ კარგად, ჟოზე მოურინიოს სამწყსო 89-ე წუთამდე სტუმრად უგებდა "ევერტონს", მაგრამ საბედისწერო გამოდგა მარუან ფელაიანის გამოჩენა - ბელგიელმა ორ წუთში "აიკიდა" პენალტი, რომელიც ზუსტად შეასრულა ლეიტონ ბეინსმა - 1:1.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

* * *
სხვა მატჩებიდან აღსანიშნავია მასპინძელთა აბსოლუტური დომინაცია. ამათგან კი გამოვარჩევდით "კრისტალ პალასის" კოშმარული სერიის (ზედიზედ 6 მარცხი) დასასრულს, რამაც "არწივების" თავკაცი ალან პარდიუ შვებით ამოასუნთქა.

ამ საქმეში კი დიდია კრისტიან ბენტეკეს წვლილი - გარდა იმისა, რომ ბელგიელმა დუბლით მწვრთნელს სამსახური შეუნარჩუნა, საკუთარი დაბადების დღისთვისაც მშვენიერი საჩუქარი გამოუვიდა.

XIV ტური
მანჩესტერ სიტი-ჩელსი 1:3
გოლები: 1:0 კეჰილი (45), 1:1 დიეგო კოშტა (60), 1:2 ვილიანი (70), 1:3 აზარი (90)
სიტი (3-4-2-1): ბრავო - ოტამენდი, სტოუნზი (78. იჰეანაჩო), კოლაროვი - ნავასი, ფერნანდინიო, გიუნდოგანი (76. ტურე), სანე (69. კლიში) - დე ბრუინი, დავიდ სილვა - აგუერო.
ჩელსი (3-4-3): კურტუა - ასპილიკუეტა, დავიდ ლუიზი, კეჰილი - მოზესი, კანტე, ფაბრეგასი, ალონსო - პედრო (50. ვილიანი), აზარი (90. ბაჩუაი), დიეგო კოშტა (85. ჩალობა).
გაძევება: აგუერო (90. სიტი), ფერნანდინიო (90. სიტი)
გაფრთხილება: 2-3; კუთხური: 9-2; ჯარიმა: 14-9; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 14-10 (5-4); ბურთის ფლობა: 61%-39%; მაყურებელი: 54 457

კრ. პალასი-საუთჰემპტონი 3:0
გოლები: 1:0 კ. ბენტეკე (33), 2:0 ტომკინსი (36), 3:0 კ. ბენტეკე (85)
კრ. პალასი (4-2-3-1): ჰენესი - ტომკინსი (89. კელი), დანი, დელენი, ჯ. უარდი - მაკარტური (89. ფლამინი), ლედლი - თაუნსენდი (80. საკო), პუნჩეონი, ზაჰა - კ. ბენტეკე.
საუთჰემპტონი (4-3-3): ფ. ფოსტერი - სედრიკი, ფონტე, ვან დიიკი, ბერტრანდი - ჰოიბერგი (59. სიმსი), უარდ-პროუსი, რომეუ - რედმონდი, ბუფალი (76. ლონგი), ოსტინი (76. მაკქუინი).
გაფრთხილება: 3-1; კუთხური: 4-9; ჯარიმა: 11-13; თამაშგარე: 0-0; კარში დარტყმა: 9-17 (4-3); ბურთის ფლობა: 42%-58%; მაყურებელი: 25 393

სტოკი-ბარნლი 2:0
გოლები: 1:0 უოლტერსი (20), 2:0 მუნიესა (35)
სტოკი (4-2-3-1): გრანტი - ჯონსონი, მარტინს ინდი, მუნიესა, პიტერსი - იმბულა, ადამი (87. უელანი) - დიუფი, შაქირი (61. ალენი), არნაუტოვიჩი (71. კრაუჩი) - უოლტერსი.
ბარნლი (4-4-2): რობინსონი - ფლენეგანი (81. ტარკოვსკი), კინი, მი, ს. უარდი - ბოიდი (77. ვოუკსი), მერნი, ჰენდრიკი, არფილდი (90. კაიტლი) - ბარნსი, ე. გრეი.
გაფრთხილება: 3-2; კუთხური: 4-9; ჯარიმა: 7-13; თამაშგარე: 3-5; კარში დარტყმა: 10-14 (4-4); ბურთის ფლობა: 57%-43%; მაყურებელი: 27 306

სანდერლენდი-ლესტერი 2:1
გოლები: 1:0 ჰუთი (64-საკ. კარში), 2:0 დეფო (77), 2:1 ოკაზაკი (80)
სანდერლენდი (4-3-3): პიკფორდი - ბ. ჯოუნსი, კონე, ჯილობოჯი, ვან აანჰოლტი - პიენაარი (46. ლარსონი), ნდონგი, დენაიერი (46. კირხჰოფი) - ანიჩებე, უოტმორი (85. მანკილიო), დეფო.
ლესტერი (4-4-2): ცილერი - სიმპსონი, მორგანი, ჰუთი, ფუხსი - კინგი, ემეტრი, ოლბრაიტონი (73. დ. გრეი), მაჰრეზი (73. მუსა) - ვარდი, სლიმანი (68. ოკაზაკი).
გაფრთხილება: 3-1; კუთხური: 3-4; ჯარიმა: 8-12; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 22-17 (6-5); ბურთის ფლობა: 53%-47%; მაყურებელი: 39 725

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ტოტენჰემი-სუონსი 5:0
გოლები: 1:0 კეინი (39-პენ), 2:0 სონი (45), 3:0 კეინი (49), 4:0 ერიქსენი (70), 5:0 ერიქსენი (90)
ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი - უოლკერი, დაიერი, ვერტონგენი, როუზი - ვანიამა, დემბელე (83. უინქსი) - ერიქსენი, ალი, სონი (71. სისოკო) - კეინი (87. ონომა).
სუონსი (4-3-3): ფაბიანსკი - ნაფტონი, ვან დერ ჰოორნი, ამატი, ტეილორი - კორკი, ფულტონი (46. ფერნანდო ლორენტე), ფერი - ბეროუ (71. რუტლიჯი), მონტერო (63. ბასტონი), სიგურდსონი.
გაფრთხილება: 0-4; კუთხური: 5-0; ჯარიმა: 11-17; თამაშგარე: 3-4; კარში დარტყმა: 28-1 (15-0); ბურთის ფლობა: 60%-40%; მაყურებელი: 31 663

ვესტ ბრომვიჩი-უოტფორდი 3:1
გოლები: 1:0 ევანსი (16), 2:0 ბრენტი (34), 2:1 კაბასელე (60), 3:1 ფილიპსი (90)
ვესტ ბრომვიჩი (4-2-3-1): ბ. ფოსტერი - კ. დოუსონი, მაკოული, ევანსი, ნიომი - დ. ფლეტჩერი, იაკობი - ბრენტი (80. მაკკლინი), მორისონი (75. ჩადლი), ფილიპსი - რონდონი (88. რობსონ-კანუ).
უოტფორდი (4-4-2): გომეში - სუნიგა (77. იგალო), კაბასელე, პრიოდლი, ჰოლებასი - პერეირა, გედიურა, კაპუ, ამრაბატი - ოკაკა (90. სინკლერი), დინი.
გაძევება: პერეირა (84. უოტფორდი)
გაფრთხილება: 2-1; კუთხური: 3-4; ჯარიმა: 11-8; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 11-18 (3-5); ბურთის ფლობა: 41%-59%; მაყურებელი: 22 244

ვესტ ჰემი-არსენალი 1:5
გოლები: 0:1 იოზილი (24), 0:2 სანჩესი (72), 0:3 სანჩესი (80), 1:3 ქეროლი (83), 1:4 ოქსლეიდ-ჩემბერლენი (84), 1:5 სანჩესი (86)
ვესტ ჰემი (3-4-2-1): რენდოლფი - კოლინზი (7. არბელოა), რიდი, ოგბონა - ფერნანდესი (63. აიუ), ნოუბლი (73. ქეროლი), ობიანგი, მასუაკუ - ლანძინი, პაიე - ე. ფლეტჩერი.
არსენალი (4-2-3-1): ჩეხი - გაბრიელი, მუსტაფი, კოსიელნი, მონრეალი - კოკელენი (87. ელნენი), ჯაკა - უოლკოტი (66. რემზი), იოზილი (88. ივობი), ოქსლეიდ-ჩემბერლენი - სანჩესი.
გაფრთხილება: 3-3; კუთხური: 3-2; ჯარიმა: 10-11; თამაშგარე: 0-2; კარში დარტყმა: 10-18 (3-9); ბურთის ფლობა: 50%-50%; მაყურებელი: 56 980

ბორნმუთი-ლივერპული 4:3
გოლები: 0:1 მანე (20), 0:2 ორიგი (22), 1:2 უილსონი (56-პენ), 1:3 ჩანი (64), 2:3 ფრეიზერი (76), 3:3 კუკი (78), 4:3 აკე (90)
ბორნმუთი (4-2-3-1): ბორუცი - ფრენსისი, კუკი, აკე, სმიტი - არტერი, გოსლინგი (75. აფობე) - ჯ. კინგი (46. იბე), უილშირი, სტანისლასი (55. ფრეიზერი) - უილსონი.
ლივერპული (4-3-3): კარიუსი - კლაინი, ლუკას ლეივა, ლოვრენი, მილნერი - ჩანი, ჰენდერსონი, ვინალდუმი - მანე (69. ლალანა), ფირმინო, ორიგი.
გაფრთხილება: 2-2; კუთხური: 4-9; ჯარიმა: 8-17; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 12-10 (8-3); ბურთის ფლობა: 40%-60%; მაყურებელი: 11 183

ევერტონი-მანჩესტერ იუნ 1:1
გოლები: 0:1 იბრაჰიმოვიჩი (42), 1:1 ბეინსი (89-პენ)
ევერტონი (4-4-2): სტეკელებურგი - კოულმენი (67. ჰოლგეიტი), ე. უილიამსი, მორი, ბეინსი - ბოლასი (68. ე. ვალენსია), გუეიე, ბერი, ქლევერლი (65. დეულოფეუ) - მირალასი, ლუკაკუ.
მანჩესტერი (4-3-3): დე ხეა - ა. ვალენსია, ფ. ჯოუნსი, როხო, დარმიანი - ერერა, ქერიკი, პოგბა - მხითარიანი (86. ფელაინი), მარსიალი (82. რაშფორდი), იბრაჰიმოვიჩი.
გაფრთხილება: 2-3; კუთხური: 6-3; ჯარიმა: 13-11; თამაშგარე: 3-4; კარში დარტყმა: 13-10 (6-2); ბურთის ფლობა: 46%-54%; მაყურებელი: 39 550

5 დეკემბერი
მიდლსბრო-ჰალი 23:59

ბომბარდირები
11 დიეგო კოშტა (ჩელსი)
ალექსის სანჩესი (არსენალი)
10 სერხიო აგუერო (სიტი)
8 ჯერმეინ დეფო (სანდერლენდი)
ედენ აზარი (ჩელსი)
ზლატან იბრაჰიმოვიჩი (მანჩესტერი)
7 რომელუ ლუკაკუ (ევერტონი)
კრისტიან ბენტეკე (კრ. პალასი)
ჰარი კეინი (ტოტენჰემი)
სადიო მანე (ლივერპული)

მომდევნო ტური
10 დეკემბერი:
უოტფორდი-ევერტონი, არსენალი-სტოკი, ბარნლი-ბორნმუთი, ჰალი-კრისტალ პალასი, სუონსი-სანდერლენდი, ლესტერი-მანჩესტერ სიტი;

11 დეკემბერი:
ჩელსი-ვესტ ბრომვიჩი, მანჩესტერი-ტოტენჰემი, საუთჰემპტონი-მიდლსბრო, ლივერპული-ვესტ ჰემი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული