ბოლო წლებში საქმე ისე მიდიოდა, რომ "ნიუკასლი" აუცილებლად უნდა გავარდნილიყო ინგლისური პრემიერშიპიდან. კლუბის პრეზიდენტის, მაიკ ეშლის თვითნებობამ ყველა მოლოდინს გადააჭარბა.
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მან არნახული უმადურობა გამოიჩინა გუნდის ლეგენდის, ალან შირერის მისამართით. შირერმა ლამის მთელი კარიერა შესწირა "ნიუკასლს" და სანაცვლოდ ვერ მიიღო იმის
პრემიერლიგიდან გუნდის გავარდნა მწვრთნელის არასწორმა არჩევანმაც განაპირობა. უიღბლო სეზონი "ნიუკასლში" სტივ მაკლარენმა დაიწყო და პირველი გამარჯვება მხოლოდ მეცხრე ტურში მოიპოვა. გამოცდილმა სპეციალისტმა თავი იმით იმართლა, რვა ტური წინასასეზონო მოსამზადებელი პერიოდის გაგრძელება გამოვიდაო...
მართლაც გასაკვირია, როგორ შევიდა რაფა ბენიტესი ასეთ ამღვრეულ მდინარეში. რაფას სამწვრთნელო მეთოდები ზოგს მოსწონს და ზოგს არა, მაგრამ უნდა შევთანხმდეთ - ის ძალიან ჭკვიანი ადამიანია. რაფამ სასწორზე შეაგდო საკუთარი რეპუტაცია. მან კარგად იცოდა, რომ სკანდალებით დამძიმებული გუნდი შეიძლებოდა ჩემპიონშიპში გავარდნილიყო და გავარდა კიდეც.
არადა, ბენიტესმა მანამდე გვარიანი სტრესი მიიღო მადრიდის "რეალში" მუშაობით. "რეალმა" ბენიტესის წასვლის შემდეგ ჩემპიონთა ლიგა მოიგო. რაფას წვლილი ამ ტრიუმფში დაუფასებელია. ბევრი ესპანელი ექსპერტი მიიჩნევს, რომ ზინედინ ზიდანი ძალიან ხშირად ბენიტესის გზით დადიოდა იმ ტრიუმფალურ სეზონში...
მართალია, "ნიუკასლი" გავარდა, მაგრამ ბენიტესის მუშაობა კლუბში მაინც დადებითად შეფასდა. განწირულმა "კაჭკაჭებმა" 5:1 გაანადგურეს "ტოტენჰემი" და თამაშით აშკარად აჯობეს "ლივერპულს".
რაფას შეეძლო, თავისუფლად წასულიყო გუნდიდან. კონტრაქტი მას ამის საშუალებას აძლევდა. ესპანელი მწვრთნელი დარჩა. თანაც, ის შეეგუა გუნდიდან ვეინალდუმის, სისოკოს, კრულისა და სხვა ლიდერების წასვლას.
ბენიტესს შეეძლო, ცნობილი ფეხბურთელების ყიდვა ეთხოვნა კლუბის ხელმძღვანელელობისათვის, მაგრამ ის სხვა გზით წავიდა. აიღო კონტროლი მთელ სატრანსფერო პოლიტიკაზე და კლუბში მინი-რევოლუცია მოაწყო.
ბენიტესის ინიციატივით "ნიუკასლის" ბაზის აქამდე ჩაკეტილი კარი გულშემატკივრებისათვის გაიღო. განსაკუთრებული ყურადღება მიექცა საკლუბო აკადემიას. მორჩა დაუსრულებელი კონფლიქტები ჟურნალისტებთან...
ბევრი რამ შეიცვალა "ნიუკასლის" შიგნითაც. ბენიტესს ძალიან დაეხმარა მისი ერთგული თანმხლები და ასისტენტი, პაკო მორენო. ის მოთამაშეების ფორმას და საქმისადმი დამოკიდებულებას აკონტროლებს. ოდესღაც მორენოს საზღვაო ფლოტში სამსახური სურდა. ის დიდებულ ფიზიკურ ფორმაშია და მოშვების საშუალებას არც სხვას აძლევს.
"ნიუკასლში" ანალიტიკაზე პასუხისმგებელი ანტონიო გომეს პერესია. "მისი და პაკოს ღვაწლი შეაუფასებელია. ჩვენ კონკრეტული მეტოქის მიხედვით არ ვირჩევთ სათამაშო სტილს. ჩვენ ვთამაშობთ ისე, როგორც გრძელვადიან პერსპექტივში გვინდა, რომ ვითამაშოთ." - ამბობს ბენიტესი.
ბენიტესის მიერ მოწყობილი რევოლუციის შედეგებს სატურნირო ცხრილი აჩვენებს. "ნიუკასლი" ჩემპიონშიპს დამაჯერებლად ლიდერობს. ისე ჩანს, რომ რაფას "ნიუკასლში" ყველაფერი გამოსდის. მათ შორის - თამამი ექსპერიმენტები.
მაგალითად, ბენიტესის მწვრთნელობისას მკვეთრად გაიზარდა ფორვარდ დუაიტ გეილის ეფექტიანობა. მწვრთნელის მითითებით, ის თითქოს, "ჩაიძინებს" - ხოლმე, წამით გამოერთვება ეპიზოდიდან და... საგოლედ აფეთქდება - ხოლმე. გუნდი შეტევაში იმდენად კარგია, რომ ხშირად საკუთარ შანსს სათადარიგოთა სკამზე ელის სერბეთის ნაკრების ნიჭიერი ფორვარდი, ალეკსანდრ მიტროვიჩი.
შეიცვალა გუნდის თამაშის სტილი. ამ ფორმაციის "ნიუკასლი" უარს არ ამბობს ტრადიციულ ინგლისურ "კროსებზე", მაგრამ მოწინააღმდეგის საჯარიმოსთან უკვე მეტს კომბინირებს. ისე, როგორც ამას ბენიტესის გაწვრთნილი "ვალენსია" და "ნაპოლი" აკეთებდნენ.
"ჩვენ იმდენი მოთამაშე გვყავს, რომ ძალიან ხშირად ჭირს არჩევანის გაკეთება. შემადგენლობა ძალიან კარგია." - ამბობს ბენიტესი. მართლაც, გუნდში თამაშობენ გეილი და მიტროვიჩი, დიამე, აიოსე პერესი, კოლბეკი და სხვა ცნობილი ფეხბურთელები.
"ნიუკასლში" ბევრი კარგი ფეხბურთელია, მაგრამ მთავარი ვარსკვლავი ბენიტესია. ფეხბურთელები ხედავენ საქმისადმი მის დამოკიდებულებას და თვითონაც მაქსიმუმს დებენ მინდორზე. რაფას არ არის ცხვირაწეული კაცი ინგლისურ ჩემპიონშიპში და ეს უკვე ძალიან დასაფასებელია.
"ნიუკასლის" გულშემატკივრებს ძალიან მოსწონთ, რომ ბენიტესი ჩემპიონშიპში მონაწილე ყველა გუნდის სტადიონზე ჩადის მოწინააღმდეგეების შესასწავლად, ქომაგებთან ძალიან გახსნილი და სულ კლუბის ერთიანობაზე საუბრობს.
თუ სასწაული არ მოხდა, "ნიუკასლი" აუცილებლად დაუბრუნდება პრემიერლიგას. ეს უკვე კარგი ამბავია. ხანდახან ძველი ცოდვებისგან უნდა განიწმინდო, ღირსეულად რომ დაბრუნდე.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"