ექსპერტები მწვრთნელების წინააღმდეგ: ჟოზემ, ოუენს ვინ ეკითხებაო

AutoSharing Option
კრიტიკა არავის სიამოვნებს, თუმცა ის ყველგან და ყოველთვის აუცილებელია, თუ ობიექტურობის ჩარჩოებს არ სცილდება და თუნდაც მწვრთნელებს საკუთარ შეცდომებს დაანახებს. თუმცა ეს აპრიორი არ ნიშნავს იმას, რომ ექსპერტი ყველაფერში მართალია. ჭეშმარიტება მხოლოდ პოლემიკაში იბადება...

მოურინიო: ოუენმა თავისას მიხედოს!..
სეზონის დასაწყისში ჟოზე მოურინიოს უკვე მოუწია ექსპერტ-სპეციალისტებთან დაპირისპირება.

გახსოვთ ალბათ - "მანჩესტერ იუნაიტედის" თამაშის სტილი, ძირითადი შემადგენლობის სელექცია და სხვა დეტალები კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაატარეს. მაშინ მოურინიომ ამ ექსპერტებს (ყოფილ ფეხბურთელებს) "ფეხბურთის აინშტაინები" უწოდა, თუმცა მერე მათი ზოგიერთი მოსაზრება გაითვალისწინა. თუნდაც ის, რომ უეინ
რუნი სათადარიგოთა სკამზე გადასვა, მაიკლ ქერიკი კი საყრდენად დააყენა...

ამჯერად, მოურინიოს არჩევანი მაიკლ ოუენმა გააკრიტიკა. ინგლისის ნაკრების, "ლივერპულისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ფორვარდმა, რომელიც "ევერტონი"-"არსენალის" გუშინწინდელი მატჩის შემდეგ ტელეგარჩევაში მონაწილეობდა, ჯერ კიდევ ზაფხულში თქვა, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩის ტრანსფერი ვერ უშველიდა "მანჩესტერს" და რომ ეს მხოლოდ დროებითი ზომა იყო.

ტელეგარჩევისას ოუენმა მაყურებელს ეს მოსაზრება გაახსენა და იქვე დასძინა, რომ იბრაჰიმოვიჩი ასაკშია, თანაც ვერ არის ისეთი სწრაფი, როგორიც პრემიერლიგის გიჟურ ტემპს შეეფერება. ოუენი დღესაც ფიქრობს, რომ "იუნაიტედმა" თავდასხმაში ზლატანზე აქცენტი არ უნდა გააკეთოს.

ცხადია, მოურინიომ კბილებით დაიცვა თავისი სათამაშო კონცეფცია და კრიტიკას მკვახედ უპასუხა:

"მიუხედავად იმისა, რომ თქვენს კოლეგა მაიკლ ოუენს არ მოსწონს ზლატან იბრაჰიმოვიჩი, რეალობა სულ სხვაა. გარწმუნებთ, იბრა ამ სეზონში იმაზე მეტ გოლს გაიტანს, ვიდრე ოუენმა შეაგდო "მანჩესტერში" ყოფნის სამწლიან პერიოდში. და რამდენი გაიტანა მან ამ წლების განმავლობაში? სულ რაღაც 17 გოლი. ზლატანი კი სულ რაღაც 6 თვეა, რაც "იუნაიტედშია" და თითქმის უკვე მიაღწია ოუენის მაჩვენებელს", - უთხრა მოურინიომ ჟურნალისტებს.

მას ზუსტი სტატისტიკა აქვს - ოუენმა 52 მატჩი ჩაატარა "იუნაიტედში" და მართლაც 17 გოლი გაიტანა, იბრაჰიმოვიჩზე კი ჩვენ დავაზუსტებთ - რაც ზაფხულის აქეთ შვედმა "წითელი ეშმაკების" მაისურა მოიგო, ყველა ტურნირში ერთად 13 გოლს მოუყარა თავი.

გვარდიოლა: კოლიმორი ვინღაა?
ბოლო პერიოდში უფრო მეტი კრიტიკა ხვდა წილად მეორე მანჩესტერულ გრანდს (ეს მასალა რომ იწერება, ჯერ არ არის ცნობილი, როგორ დასრულდა "სიტის" საშინაო მატჩი "უოტფორდთან").

"ქალაქელებმა" წააგეს ზედიზედ ორი მატჩი და ამ ორ მატჩში 7 გოლი გაუშვეს, რაც პეპ გვარდიოლას სამწვრთნელო პრაქტიკაში მანამდე არ მომხდარა.

ცხადია, სწორედ გვარდიოლაა კრიტიკოსთა მთავარი სამიზნე, ხოლო ამ კრიტიკოსის როლი ამჯერად სტენ კოლიმორმა იტვირთა. "ლივერპულის" ყოფილი შემტევი გვარდიოლას სამწვრთნელო მეთოდებსა და თამაშის სტილს ეჭვის ქვეშ აყენებს და ესპანეთში დაბრუნებას უწინასწარმეტყველებს.

"სიტის" თავკაცი კოლიმორს პრესკონფერენციაზე გამოეხმაურა. ამას გარდა, მან მოულოდნელად შესაძლო გათავისუფლებაზეც ილაპარაკა:

"მე ჯერ არავის და არასოდეს გავუთავისუფლებივარ. ახლა პირველად არის ჩემს კარიერაში, რომ ამდენი ხანია ჩემს გუნდს არ გაუმარჯვია. ვიცი, რომ მომდევნო სეზონი უკეთესი იქნება, ხოლო კიდევ ორი წლის შემდეგ - უფრო უკეთესი. მაგრამ, როცა ეს გამოწვევა მივიღე, ისიც ვიცოდი, რომ ასეთ კლუბში შედეგს დიდხანს არავინ ელოდება. როგორც ჩანს, "სიტის" ხელმძღვანელობა ჯერჯერობით მენდობა, მაგრამ რეალობა ის არის, რომ უნდა მოვიგოთ. ჩემი შემდგომი პოზიცია შედეგებზეა დამოკიდებული...

...რა თქმა უნდა, გუნდის ფორმირება ხანგრძლივი პროცესია, მაგრამ ამ პროცესში თან უნდა გაიმარჯვო, თორემ შენს ადგილზე მოვა სხვა, რომელსაც იგივე ამოცანა ექნება. ასეთ კლუბებში გრძელვადიანი პროექტები არ მუშაობს. შინაგანად მზად ვარ იმისთვის, რომ შეიძლება გამათავისუფლონ, თუ შედეგი არ მექნა".

შემდეგ გვარდიოლას კოლიმორის კრიტიკაზე ჰკითხეს: "კოლიმორი ვინღაა?" - იკითხა პეპმა და თარჯიმანს გადახედა. როცა განუმარტეს, მერე ეს თქვა:

"თამაშის სტილის შეცვლა? არანაირად! ამის აუცილებლობას ვერ ვხედავ. ჩვენ ვითამაშებთ ისე, როგორც მე მიმაჩნია სწორად. დიახ, ჩვენ დავუშვებთ შეცდომებს, რაღაც ვერ იმუშავებს, მაგრამ ჩემი აზრით, ეს სწორი გზაა და მე ბოლომდე მჯერა ამ გზის".

იქვე, გვარდიოლა ამბობს, რომ "სიტიმ" რაღაც სხვა გუნდებისგანაც უნდა გადაიღოს: "ამას წინათ, შინ ვუყურე "სუონსისა" და "კრისტალ პალასის" მატჩს, რომელშიც 9 გოლი გავიდა და აქედან 8 - სტანდარტული სიტუაციებიდან. უნდა ვაღიარო, რომ სწორედ ამ მატჩის ყურებისას მივხვდი, რა არის ნამდვილი ინგლისური ფეხბურთი. ასეთ ფეხბურთთან ადაპტაცია მეც დამჭირდება, რადგან მსგავსი გამოცდილება არასოდეს მქონია. ვიცი, რომ ანალოგიური პრობლემები ადრე აქ სხვა მწვრთნელებსაც ჰქონდათ. ასე რომ, ეს გზა მეც უნდა გავიარო".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული