პრემიერლიგა. XVIII ტურის წინ: საშობაო-საახალწლო საგიჟეთი იწყება

AutoSharing Option
"კრისტალ პალასის" 11-მატჩიანი მოუგებელი სერია ლოგიკურად დასრულდა - 55 წლის ალან პარდიუ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გათავისუფლებულია.

მის ნაცვლად, "არწივების" ბოსმა სტივ პერიშმა ცოტა ხნის წინ ინგლისის ნაკრებიდან სკანდალით წასული სემ ელარდაისი დანიშნა და იქვე დასძინა - გაგვიმართლა, ამ დონის სპეციალისტი ჩვენთვის მნიშვნელოვან მომენტში უქმად რომ იყოო...

62 წლის "დიდი სემი" მუშაობას შაბათიდან შეუდგა. მისი დებიუტი დღეს იმ "უოტფორდის" წინააღმდეგ შედგება, რომელიც ასევე ვერ დაიკვეხნის წარმატებული კამპანიით - ვალტერ მაძარის შეგირდები ბოლო 5 მატჩში 4-ჯერ დამარცხდნენ.

ელარდაისისთვის კარგი ამბავია, რომ ტრავმის
შემდეგ მოედანს უბრუნდება გამოცდილი ნახევარმცველი მატიო ფლამინი, მაძარის კი, თურმე, ძალიან აშინებს მეტოქე გუნდში ახალი მწვრთნელის ფაქტორი - ახალი ცოცხი კარგად გვისო, ხომ გაგიგონიათ?..

საშობაო-საახალწლო საგიჟეთის პირველ ტურში "არსენალი", რომელმაც ბოლო 2 მატჩიდან ორივე წააგო, ლონდონურ დერბიში "ვესტ ბრომვიჩს" მასპინძლობს. აარონ რემზი თითქმის გამოჯანმრთელდა და მზადაა დაბრუნდეს, მაგრამ არსენ ვენგერმა შეიძლება არ გარისკოს. ანალოგიური ტრავმა აქვს ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენსაც, თუმცა გარკვეულია, რომ ის ახალი წლის პირველი დღეების შემდეგ დაბრუნდება.

ამ გუნდებს შორის ბოლო 20 დაპირისპირებაში არ ყოფილა შემთხვევა, "არსენალს" უგოლოდ დაეტოვებინოს მოედანი.

თუ "ჩელსი" დაამარცხებს "ბორნმუთს", ეს იქნება "ლურჯების" ზედიზედ მე-12 გამარჯვება და საკლუბო რეკორდი, რითიც ანტონიო კონტეს გუნდი "მანჩესტერ იუნაიტედის" მიღწევას გაუთანაბრდება, ხოლო მიჯრით კიდევ 3 გამარჯვება და "არსენალის" რეკორდსაც (14) დაამხობს.

თუმცა კონტე ახლა რეკორდებზე არ ფიქრობს. "ჩელსის" ლოკალური მიზანი კონკრეტული მატჩის მოგებაა. ის არ ფიქრობს რეკორდებზე იმიტომაც, რომ დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშებენ მიმდინარე პრემიერლიგის მთავარი მეგოლე (13) დიეგო კოშტა და უაღრესად სასარგებლო საყრდენი ნახევარმცველი ნგოლო კანტე. ამ უკანასკნელს როგორღაც შეცვლის კონტე, მაგრამ კოშტას...

თუმცა "ჩელსის" უპირატესობა იმაშიცაა, რომ "ბორნმუთი" სტუმრად ვერ არის ისეთი ყოჩაღი, როგორიც საკუთარ "დინ ქორთზე" - ბოლო 10 საგარეო მატჩიდან "ალუბლები" 7-ში დამარცხდნენ.

"მანჩესტერ იუნაიტედიდან" წასვლის შემდეგ დევიდ მოიესი პირველად ხვდება თავის ყოფილ გუნდს ახლა უკვე "სანდერლენდის" თავკაცის როლში და თან - უამრავი პრობლემით. ჟოზე მოურინიოს გუნდის უპირატესობა როგორც კლასში, ისე სტატისტიკის მხრივ, კოლოსალურია. ყველაფერთან ერთად, "იუნაიტედს" უბრუნდება ტრავმამოშუშებული ჰენრიხ მხითარიანი, რომელიც ორი კვირის წინ შესანიშნავ ფორმაში იყო.

კიდევ ერთი საინტერესო დეტალიც - საახალწლო მარათონის დღეებში ყველაზე მეტი, 18 მატჩი "მანჩესტერს" აქვს მოგებული, მაშინ, როცა სხვა გრანდების მიღწევა 12 გამარჯვებას არ აღემატება.

"მანჩესტერ სიტი" სტუმრობს იმ "ჰალს", რომელმაც ბოლო 15 მატჩში მხოლოდ ერთი თამაში მოიგო, ყველაზე ცოტა (14) აქვს გატანილი, ხოლო გაშვებული გოლების (36) მხრივ მხოლოდ "სუონსისთან" (37) თუ მოიწონებს თავს.

ამ პირობებში, პეპ გვარდიოლას გუნდს არ უნდა გაუჭირდეს 3 ქულის აღება, მით უფრო, რომ ბოლო 2 გამარჯვებით "ქალაქელებმა" დაამტკიცეს, რომ ოპტიმალურ ფორმაში შედიან. ეს იქნება "სიტის" ბოლო მატჩი სერხიო აგუეროს გარეშე. "კუნს" დისკვალიფიკაციის ვადა გასდის და თუ რამ გაუთვალისწინებელი არ მოხდა, 31 დეკემბერს, "ლივერპულთან" საგარეო მატჩში, კვლავ ვიხილავთ მოედანზე.

"ლივერპული", რომელსაც წლეულს საშინაო მატჩი არ წაუგია და კვალში უდგას "ჩელსის", სამშაბათს მასპინძლობს "სტოკს", რომელსაც დისკვალიფიკაციის გამო ავსტრიელი შემტევი მარკო არნაუტოვიჩი დააკლდება. იურგენ კლოპის მთავარი საფიქრალი კი იცით - ტრავმის გამო ვერ თამაშობს ბრაზილიელი პლეიმეიკერი ფილიპე კოუტინიო.

ძალიან საინტერესო თამაში იქნება ოთხშაბათსაც, როცა "საუთჰემპტონი" მშობლიურ "სენტ მერიზე" კარგ ფორმაში მყოფ "ტოტენჰემს" უნდა დაუხვდეს. მნიშვნელოვანია მასპინძელთა დანაკლისი შემტევ ჩარლი ოსტინის სახით. მაურისიო პოჩეტინოს კი, წესით და რიგით, საბრძოლო შემადგენლობა უნდა ჰყავდეს.

დიდი სემი: რთული პერიოდი გამოვიარე
"კრისტალ პალასის" ახალმა მწვრთნელმა სემ ელარდაისმა პირველი კომენტარები გააკეთა. "დიდმა სემმა" "არწივების" თავკაცის პოსტზე ალან პარდიუ ჩაანაცვლა, რომელმაც ამ სეზონში მოლოდინი ვერ გაამართლა და ამჟამად "სელჰარსტ პარკის" ბინადრები გასავარდნ ზონასთან ერთ ნაბიჯში არიან.

ელარდაისმა აღნიშნა, რომ ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი ჰქონდა და ახლა კალაპოტში დაბრუნებაა საჭირო. ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ მან სკანდალურ ვითარებაში დატოვა ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი, რომელზეც ასე ოცნებობდა და ამ სამუშაოს ასე ელოდა. ელარდაისმა ინგლისელთა თავკაცის რანგში მხოლოდ 67 დღე გაატარა.

"ცხოვრება გრძელდება. ძალიან რთული პერიოდი გამოვიარე, მაგრამ წინ გადადგმული ნაბიჯი და გაგრძელება სწორედ იმას ნიშნავს, რომ ახალი გამოწვევა უნდა მიიღო, ეს სამუშაო კი ჩემთვის სწორედ ასეთია. ეს მონაკვეთი არამხოლოდ ჩემთვის იყო რთული, არამედ ჩემი მეუღლისთვის, ოჯახისთვის, შვილიშვილებისთვისაც კი, რომლებსაც სკოლაში უხერხული სიტუაციების გადატანა მოუხდათ. ჩემი მიზანია, გუნდი რთული მდგომარეობიდან მალე გამოვიყვანო, რისი გამოცდილებაც უკვე მაქვს. მაგალითისთვის, "კრისტალ პალასი" ისეთ მძიმე მდგომარეობაში არ არის, როგორშიც "სანდერლენდი" იყო" - ამბობს ელარდაისი.

"დიდ სემს" დებიუტი "უოტფორდთან" საგარეო შეხვედრაში ექნება, რასაც "არსენალთან" სტუმრობა მოჰყვება. ხოლო ახალ წელს "პალასი" "სუონსისთან" მნიშვნელოვანი მატჩით იწყებს, რომელსაც "არწივები" შინ ჩაატარებენ.

მოიესმა "მანჩესტერი" გააკრიტიკა
დევიდ მოიესი დღეს თავის ყოფილ კლუბს, "მანჩესტერ იუნაიტედს" დაუპირისპირდება. ამ შეხვედრის წინ შოტლანდიელმა სპეციალისტმა ისეთი განცხადება გააკეთა, რომლიც "წითელი ეშმაკების" ფანებს დიდად არ გაახარებდათ.

"შემიძლია ვთქვა, რომ ის დიდი ტრადიციები, რომელიც "მანჩესტერ იუნატედს" ჰქონდა, წარსულს ჩაბარდა და გუნდმა ყველაფერი თავიდან უნდა დაიწყოს. ეს ის არჩევანია, რომელიც გარკვეულწილად თავად გუნდმა გააკეთა და სხვა გზით წავიდა და ახლა ყველაფრის თავიდან დაწყება უწევს.

"მანჩესტერი" არ იყო გუნდი, რომელიც სხვა გუნდების დარად და წამხედურობით, დიდ თანხებს ხარჯავდა ტრანსფერებში. მხოლოდ იშვიათად თუ იხარჯებოდა დიდი ფული და ისიც ზუსტად იმ მოთამაშეებში, რომლებიც გუნდს სჭირდებოდა და ნამდვილად წაადგებოდა.

კლუბს ჰქონდა თავისი ხედვა და გზა, რომელსაც სტაბილურად მიჰყვებოდა. როდესაც მე მივედი, მთავარ სამიზნედ გარეთ ბეილი მყავდა და დარწმუნებული ვიყავი, რომ იგი ზუსტად "მანჩესტერის" ფეხბურთელი გახლდათ. ჩვენ ფინანსურად უფრო კარგი წინადადებაც შევთავაზეთ, მაგრამ გარეთმა მადრიდის "რეალში" გადასვლა არჩია. ასევე, სესკ ფაბრეგასის მოყვანა მსურდა და ბოლო მომენტამდე გვქონდა იმედი, რომ ეს ტრანსფერი გამოვიდოდა.

სერ ალექსმა კი თქვა, რომ იყო შანსი კრიშტიანო რონალდოს დაბრუნების, რასაც აგრეთვე ველოდით. თითქმის გადაწყვეტილი გახლდათ ტონი კროოსის მოსვლაც. ახლა "მანჩესტერი" დიდ თანხებს ხარჯავს და ბევრ ფეხბურთელს ყიდულობს, მაგრამ მათი არცთუ მცირე ნაწილი ვერ ამართლებს" - განაცხადა მოიესმა.

26 დეკემბერი, ორშაბათი
უოტფორდი-კრ. პალასი 16:30
არსენალი-ვესტ ბრომვიჩი 19:00
ბარნლი-მიდლსბრო 19:00
ჩელსი-ბორნმუთი 19:00
ლესტერი-ევერტონი 19:00
მანჩესტერ იუნ-სანდერლენდი 19:00
სუონსი-ვესტ ჰემი 19:00
ჰალი-მანჩესტერ სიტი 21:15

27 დეკემბერი, სამშაბათი
ლივერპული-სტოკი 21:15

28 დეკემბერი, ოთხშაბათი
საუთჰემპტონი-ტოტენჰემი 23:45

ბომბარდირები: 13 - დიეგო კოშტა (ჩელსი); 12 - ალექსის სანჩესი (არსენალი); 11 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (მანჩესტერ იუნ); 10 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი); 9 - რომელუ ლუკაკუ (ევერტონი); 8 - კრისტიან ბენტეკე (კრ. პალასი), ჯერმეინ დეფო (სანდერლენდი), ედენ აზარი (ჩელსი), თეო უოლკოტი (არსენალი), სადიო მანე (ლივერპული).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული