წლების გზაგასაყარზე დანიშნული ტური დღეს "ჰალი"-"ევერტონით" იწყება. "ვეფხვები" მძიმე დღეში არიან, ზედიზედ 3 წაგების შემდეგ ბოლო ადგილი უკავიათ, კუთხეში მიმწყვდეული მხეცი კი საშიშია და "ევერტონს" სრული მობილიზება დასჭირდება მაიკ ფელანის ბიჭების დასაოკებლად. სტუმრებს შეიძლება არ ჰყავდეთ ძირითადი მეკარე მაარტენ სტეკელენბურგი.
შაბათს "ბარნლი"-"სანდერლენდის" შეხვედრაში ფავორიტი მასპინძელია, რაც ლოგიკურია, რადგან შონ დიჩის გუნდი საკუთარ კედლებში
"ჩელსი", რომელსაც ზედიზედ 12 მოგება აქვს და "არსენალის" რეკორდის მოსახსნელად კიდევ 3 მეტოქის მონელება სჭირდება, სასჯელმოხდილ დიეგო კოშტას იბრუნებს. ასე რომ, ანტონიო კონტეს საბრძოლო შემადგენლობა ეყოლება იმ "სტოკთან" საშინაო მატჩში, რომელსაც დისკვალიფიცირებული ჰყავს ავსტრიელი შემტევი მარკო არნაუტოვიჩი.
"ლესტერი" და "ვესტ ჰემი" სხვადასხვა განწყობით ხვდებიან შაბათის მატჩს - ჯერაც მოქმედი ჩემპიონის საქმეები კვლავ უკან-უკან მიდის. ყველა "სიკეთესთან" ერთად, გუნდის მთავარ ფორვარდ ჯეიმი ვარდის 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია გამოუწერეს. ამასობაში კი, სლავენ ბილიჩის "ჩაქუჩებმა" ზედიზედ 3 თამაში მოიგეს, სახიფათო ზონას დაშორდნენ და გაცილებით კარგ ხასიათზე არიან. განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო "ვესტ ჰემის" გამარჯვება (4:1) სუონსიში, რამაც უელსური გუნდის ამერიკელი მწვრთნელის, ბობ ბრედლის სავარძელი შეიწირა...
საქმეს ისეთი პირი უჩანს, "სუონსის" ახალი მწვრთნელი მხოლოდ ორშაბათიდან ეყოლება, "ბორნმუთთან" საშინაო მატჩისთვის კი გუნდს ბრედლის ასისტენტები - ალან კერტისი და პოლ უილიამსი მოამზადებენ. რაც შეეხება ამერიკელის სრულფასოვან შემცვლელს, ეს შეიძლება იყოს უელსის ნაკრების დამრიგებელი კრის კოულმენი ან "მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდა - რაიან გიგზი.
მოღონიერებულ "მანჩესტერ იუნაიტედს" "მიდლსბროსთან" საშინაო მატჩში არ ეყოლება ტრავმირებული უეინ რუნი, ხოლო თუ დავუჯერებთ ჟოზე მოურინიოს სიტყვებს - დროა, გადატვირთული გრაფიკის გამო წამყვან ფეხბურთელებს ამოსუნთქვის საშუალება მივცეო, არ არის გამორიცხული, დღეს სკამზე ვიხილოთ... თუნდაც ზლატან იბრაჰიმოვიჩი.
"საუთჰემპტონი" "ტოტენჰემთან" მძიმე საშინაო მარცხის (1:4) გამო რეაბილიტაციას "ვესტ ბრომვიჩის" წინააღმდეგ შეეცდება. საინტერესოა, რომ ამ გუნდებს შორის ბოლო 8 პრემიერლიგური მატჩი "მშრალი" ანგარიშით დასრულდა.
იურგენ კლოპი პეპ გვარდიოლას წინააღმდეგ - ეს ნებისმიერ შემთხვევაში საინტერესოა. შაბათისა და მთლიანად ტურის მთავარი მატჩი "ენფილდ როუდზე" გაიმართება - "ლივერპული" უმასპინძლებს "მანჩესტერ სიტის", რომელსაც ამ სტადიონზე ერთადერთი მატჩი აქვს მოგებული და ისიც - 2003 წელს.
თუმცა იმის თქმა, რომ "სიტისთვის" ლივერპულის მთავარი ასპარეზი დათარსულია და ხვალაც ვერაფერს გახდება, სისულელე იქნება. ერთი კია, რომ დღესდღეობით, ორივე გუნდი კარგ ფორმაშია, ორივე ზედიზედ 3 გამარჯვებით ხვდება ხვალინდელ მატჩს, ორივეს ბევრი გოლი გააქვს და ბევრსაც უშვებს...
ამდენად, "ენფილდზე" სწორედ ბევრი გოლია ყველაზე მეტად მოსალოდნელი, ოღონდ საკითხავია, როგორ განაწილდება ეს გოლები. "სიტის" სერხიო აგუერო უბრუნდება, თუმცა საეჭვოა მოედანზე ახალგაზრდა ცენტრალური მცველის, ჯონ სტოუნზის გამოჩენა. "ლივერპულს" არ ეყოლება ასევე ტრავმირებული პლეიმეიკერი ფილიპე კოუტინიო.
კვირას რთული გამოცდები აქვთ ლონდონურ გრანდებსაც. "ტოტენჰემი" სტუმრობს "უოტფორდს", რომელიც საკუთარ კედლებში ძალიან საშიშია. ამ სეზონში ვალტერ მაძარის გუნდმა თავის მოედანზე დაამარცხა "ევერტონი", "ლესტერი", "მანჩესტერ იუნაიტედი"... ასე რომ, მაურისიო პოჩეტინოს "მამლები" ფრთხილად უნდა იყვნენ.
საინტერესოა სემ ელარდაისის სტუმრობა "ემირეითსზე", სადაც "კრისტალ პალასი" არსენ ვენგერის "არსენალს" უნდა შეერკინოს. "არწივებს" სტუმრად არასოდეს მოუგიათ "მეთოფეთათვის" და არც ამჯერად აქვთ დიდი შანსი. თუმცა ვნახოთ - "დიდი სემი" ჯერ ისევ "ახალი ცოცხია"...
30 დეკემბერი, პარასკევი
ჰალი-ევერტონი 23:59
31 დეკემბერი, შაბათი
ბარნლი-სანდერლენდი 19:00
ჩელსი-სტოკი 19:00
ლესტერი-ვესტ ჰემი 19:00
მანჩესტერ იუნ-მიდლსბრო 19:00
საუთჰემპტონი-ვესტ ბრომვიჩი 19:00
სუონსი-ბორნმუთი 19:00
ლივერპული-მანჩესტერ სიტი 21:30
1 იანვარი, კვირა
უოტფორდი-ტოტენჰემი 17:30
არსენალი-კრ. პალასი 20:00
ბომბარდირები: 13 - დიეგო კოშტა (ჩელსი); 12 - ალექსის სანჩესი (არსენალი), ზლატან იბრაჰიმოვიჩი (მანჩესტერ იუნ); 10 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი), რომელუ ლუკაკუ (ევერტონი); 9 - ედენ აზარი (ჩელსი); 8 - კრისტიან ბენტეკე (კრ. პალასი), ჯერმეინ დეფო (სანდერლენდი), თეო უოლკოტი (არსენალი), სადიო მანე (ლივერპული), მაიკლ ანტონიო (ვესტ ჰემი), ჰარი კეინი (ტოტენჰემი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"