"ჩემმა ფეხბურთელებმა დაამტკიცეს, რომ სათამაშო სცენარის ნებისმიერ განვითარებასა თუ ცვლილებასთან შეუძლიათ ადაპტირება, - თქვა კონტემ "სტოკთან" მოგებული (4:2) საშინაო მატჩის შემდეგ. - ახლა უნდა აღვნიშნოთ ახალი წლის დადგომა და მალევე
რაც შეეხებათ "მამლებს", მაურისიო პოჩეტინოს შეგირდებმა ზედიზედ 2 საგარეო დაპირისპირება მოიგეს ერთნაირი ანგარიშით - 4:1, და ეს იმ ფონზე, როცა გასვლითი მატჩები ამ გუნდის ყველაზე ძლიერი მხარე არ არის. სხვათა შორის, "უოტფორდთან" პირველ ტაიმში 3-ბურთიან უპირატესობას რომ მიაღწიეს, ეს "ტოტენჰემისთვის" პირველი შემთხვევა იყო 1997 წელს "სანდერლენდთან" საგარეო გამარჯვების (4:0) შემდეგ.
ისტორიას რომ გადავხედოთ, აღმოჩნდება, რომ "ჩელსის" უპირატესობა აქვს, რაც გასაკვირი არ უნდა იყოს. 138 საჩემპიონატო მატჩში "ლურჯებმა" 59 მოიგეს, 44 გამარჯვებაა "ტოტენჰემის" ანგარიშზე, ხოლო 35 შეხვედრა ფრედ დასრულდა. ცხადია, ბურთების სხვაობაც "ჩელსის" სასარგებლოდაა - 212:194.
გასულ სეზონში ეს გუნდები "უაით ჰართ ლეინზე" ერთმანეთს უგოლოდ დაშორდნენ, სამაგიეროდ, 8 გოლი გავიდა 2015 წლის 1-ლი იანვრის დაუვიწყარ მატჩში, რომელიც "ტოტენჰემის" გამარჯვებით, 5:3 დასრულდა. მასპინძელთაგან დუბლი შეასრულა ჰარი კეინმა, "ჩელსის" მხრიდან კი თავი დიეგო კოშტამ, ედენ აზარმა და ჯონ ტერიმ გამოიჩინეს.
პირველი სამეული დღესაც ბრწყინვალე ფორმაშია. მაგალითად, კეინმა ბოლო ორ მატჩში 3 ბურთი შეაგდო და უკვე 10 გოლს მოუყარა თავი. კოშტაზე კი შეხსენება არ გჭირდებათ - მიმდინარე მარათონის ბომბარდირებს შორის 14 გოლით ლიდერობს და აზარიც იქვეა, 9 გოლით.
და კიდევ - უხვგოლიანი გამოდგა "ჩელსის" ბოლო საგარეო გამარჯვებაც - 2012 წლის 20 ოქტომბერს "არისტოკრატებმა" "უაით ჰართ ლეინზე" 4:2 მოიგეს.
მიმდინარე გათამაშების პირველი წრის მატჩი კი "სტემფორდ ბრიჯზე" მასპინძლებმა 2:1 მოიგეს პედროსა და ვიქტორ მოზესის გოლებით, მანამდე კი "მამლები" კრისტიან ერიქსენის ზუსტი დარტყმის წყალობით იგებდნენ...
სავარაუდო შემადგენლობები
ტოტენჰემი: ლორისი, უოლკერი, ალდერვეირელდი, ვერტონგენი, როუზი, დაიერი, ვანიამა, სისოკო, ალი, ერიქსენი, კეინი.
ჩელსი: კურტუა, ასპილიკუეტა, დავიდ ლუიზი, კეჰილი, მოზესი, მატიჩი, კანტე, ალონსო, ვილიანი, აზარი, დიეგო კოშტა.
4 იანვარი, ოთხშაბათი
ტოტენჰემი-ჩელსი 23:59
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"