გალიარდინი ინტერის ფეხბურთელია
რობერტო გალიარდინი "ინტერის" ფეხბურთელია და სეზონის მეორე ნახევარს უკვე მილანური გუნდის შემადგენლობაში გაატარებს. "ნერაძურიმ" ფეხბურთელთან საიჯარო ხელშეკრულება გააფორმა, რომლის ფარგლებშიც "ატალანტა" 2 მილიონ ევროს მიიღებს. კონტრაქტში ჩადებულია პუნქტი, რომლის მიხედვითაც, "ინტერი" ფეხბურთელის გამოსყიდვის პრიორიტეტული უფლებით სარგებლობს, 22 წლის ნახევარმცველის საბაზრო ღირებულება კი 20 მილიონი ევროა. გალიარდინი "ეს არის ჩემი ოცნების ასრულება, რადგან მოვხვდი იტალიური და ევროპული ფეხბურთის აღიარებულ გრანდში. ერთი სული მაქვს, თუ როდის მივალ ბაზაზე და გავეცნობი ახალ თანაგუნდელებს. "ინტერს" დიდი მიზნები აქვს დასახული და იმედი მაქვს, რომ ამ გზაზე გუნდს მეც დავეხმარები. ჩემი სურვილია, რომ ძირითად შემადგენლობაში მოვიკიდო ფეხი და გუნდისთვის მაქსიმუმი გავიღო".
78 მილიონი ვერატის სანაცვლოდ
საინტერესო ინფორმაცია ვრცელდება "გაძეტა დელო სპორტში", რომლის მიხედვითაც, "ინტერი" ზაფხულში მარკო ვერატის გადაბირებას შეეცდება და მის სანაცვლოდ 78 მილიონი ევროს გადახდას აპირებს. ბოლო პერიოდში, ვერატიმ არაერთხელ განაცხადა, რომ პარიზში ბედნიერია, თუმცა ახალი გამოწვევის მიღებაზე არ იტყოდა უარს, რის შემდეგაც მისით ევროპული ფეხბურთის გრანდები დაინტერესდნენ. 24 წლის ნახევარმცველის გადაბირება "ინტერის" გარდა, "იუგვენტუსს", "მილანს", "ჩელსის" და "ბაიერნს" სურთ. მოკლედ, მილანელებს დიდ კონკურენციაში მოუწევთ ვერატისთვის ბრძოლა.მარკო ვერატი "პესკარადან" პსჟ-ში 2012 წელს გადაბარგდა და მას შემდეგ პარიზული გუნდის ძირითადი შემადგენლობის წევრია. ფრანგულ გუნდში 120 მატჩი გამართა და 4 გოლი გაიტანა.
დამბროზიო არ იყიდება
მიმდინარე სეზონში, "ინტერის" ძირითად შემადგენლობაში დაიმკვიდრა ადგილი დანილო დამბროზიომ. 28 წლის მცველი მეტწილად დაცვის მარჯვენა ფრთაზე ირჯება, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, მარცხნივაც თამაშობს. პრესას ფეხბურთელის პირადი აგენტი ვინჩენცო პისკანე ესაუბრა და განაცხადა, რომ არაერთი საინტერესო წინადადების მიუხედავად, მისი კლიენტი მილანიდან აბარგებას არ აპირებს და არც "ინტერს" სურს მისი გაშვება:"მიმდინარე სეზონში, დანილომ მწვრთნელის ნდობა დაიმსახურა და ამით ძალიან ბედნიერია. შესაბამისად, არსად წასვლას არ აპირებს და "ინტერთან" ერთად დიდი გეგმები აქვს დასახული. არის საინტერესო წინადადებები უცხოეთიდან და მათ შორის, ინგლისიდან, მაგრამ დამბროზიო მილანში რჩება. რაც მთავარია, არც "ინტერი" აპირებს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის გაშვებას".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"