13:30 17-01-2017
ფიორენტინა-იუვენტუსი. გამოხმაურება: იქ, სადაც "ქალბატონს" უჭირს
AutoSharing Option
აღსანიშნავია, რომ "ფიორენტინამ" სრულიად დამსახურებულად მოიგო ეს მატჩი, რადგან მთელი 90 წუთი უპირატესობით წარმართა, რაც სტატისტიკაზეც შესაბამისად აისახა. ფლორენციელებმა 13-ჯერ დაარტყეს მეტოქის კარის მიმართულებით, ტურინელებმა მხოლოდ 7-ჯერ და სხვა კომპონენტებშიც მასპინძლები მოწოდების სიმაღლეზე იყვნენ.
ფლორენციელთა უპირატესობა განსაკუთრებით დიდი პირველ ტაიმში იყო, რაც აისახა კიდეც ნიკოლა კალინიჩის გოლში. მეორე ნახევარში გუნდებმა გოლები გაცვალეს და საბოლოოდ - 2:1 მასპინძელთა სასარგებლოდ. "იუვემ" მეოთხე მატჩი წააგო მიმდინარე სეზონში და "რომას" შედარებით მიახლოების საშუალება მისცა; "ფიორენტინამ" კი უმნიშვნელოვანესი მატჩი მოიგო, ცოტათი გამოისწორა სატურნირო ვითარება და ლიდერებს მიუახლოვდა. მატჩის შემდეგ საინტერესო კომენტარები გაკეთდა...
მასიმილიანო ალეგრი (იუვენტუსი): "იყო ბევრი დარღვევა, უხეშობა, ყვითელი ბარათი და ნაკლები ფეხბურთი. პირველ ტაიმში მეტოქემ მაღალი ტემპი შემოგვთავაზა, რომელსაც ვერ ავყევით - ცუდად ვმოძრაობდით და ერთი ნაბიჯით ყოველთვის უკან ვიყავით. შედეგად, მეტოქემ ბევრი საგოლე მომენტი შექმნა და შეეძლო, კიდევ უფრო მეტი გაეტანა.
მეორე ნახევარში შედარებით მოვუმატეთ, გამოვასწორეთ თამაში, მაგრამ ანგარიშის გათანაბრება ვეღარ მოვახერხეთ. რას ვიზამთ, ეს რეალობაა, რომელსაც თვალებში უნდა ჩავხედოთ. სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე ვართ და გვაქვს შანსი, უახლოეს მდევარს მთელი 4 ქულით გავასწროთ. თუ ვინმეს ეგონა, რომ ჩემპიონები ზამთარში გავხდებოდით, ძალიან ცდებოდა. ჩვენ წინააღმდეგ ყველა ისე თამაშობს, თითქოს სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა იყოს და ამას უკვე მივეჩვიეთ. საჩემპიონო ინტრიგა შენარჩუნდება მაისამდე, წინ კი ბევრი მნიშვნელოვანი მატჩი გველის".
ჯუზეპე მაროტა ("იუვენტუსის" სპორტული დირექტორი): "მწარე მარცხი იყო, მაგრამ ტრაგედიას არ ვქმნით და ვაგრძელებთ ბრძოლას სკუდეტოსთვის. ბოლო პერიოდში ხშირად საუბრობენ მასიმილიანო ალეგრის შესაძლო გათავისუფლების შესახებ, მაგრამ მერწმუნეთ, რომ ეს არ შეესაბამება სიმართლეს. ალეგრი გამარჯვებული მენტალიტეტის მქონე მწვრთნელია და ჩვენი სურვილია, რომ ის გუნდში კიდევ დიდხანს დარჩეს".
პაულო სოუზა (ფიორენტინა): "ეს იყო უმნიშვნელოვანესი მოგება, რომელიც საკუთარი თავის რწმენას გაგვიმყარებს. სეზონი არასტაბილურად დავიწყეთ და ბევრი ქულა დავკარგეთ, მაგრამ ყველაფერი ჯერ კიდევ არ დაკარგულა და ჩვენ ვიბრძოლებთ ევროსაგზურისთვის. "იუვენტუსთან" თამაშში დამტკიცდა, რომ ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეგვიძლია. ეს იყო დიდი ბრძოლა მოედნის ნებისმიერ მონაკვეთზე და თითოეულმა ფეხბურთელმა თავისი მაქსიმუმი გაიღო.
რატომ ვცვლი ხშირად ტაქტიკას? - თანამედროვე ფეხბურთში ეს აუცილებელია, რადგან თითოეულ მეტოქეს ინდივიდუალურად უნდა მიუდგე. ჩვენ გავაანალიზეთ "იუვენტუსის" ძლიერი მხარეები და შესაბამისი ტაქტიკა-შემადგენლობა დავუპირისპირეთ. საბედნიეროდ, გეგმამ გაამართლა".
ფედერიკო კიეზა (ფიორენტინა): "მილან ბადელის ჩაწოდების შემდეგ ბურთისთვის მიმართულების შეცვლა მინდოდა და ამით ბუფონი დავაბნიე, რასაც გოლი მოჰყვა - თუმცა, ბურთს არ შევხებივარ და შესაბამისად, ეს გოლი ბადელმა გაიტანა. ჩემთვის დიდი პატივია, რომ 19 წლის ასაკში ასეთი დონის მატჩებში ვმონაწილეობ და გუნდს წარმატების მიღწევაში ვეხმარები. მამაჩემი "პარმაში" ჯანლუიჯი ბუფონთან ერთად თამაშობდა, დღეს კი მის კარში მე ვცდილობდი გოლის გატანას, რაც უჩვეულო გრძნობაა. ბუფონი ლეგენდარული ფეხბურთელია და ის უდიდეს პატივისცემას იმსახურებს".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები
პოპულარული