ჯანლუიჯი ბუფონი: მეექვსე მუნდიალის შემდეგ ჩემთვის თამაში უინტერესო გახდება

AutoSharing Option
ჯანლუიჯი ბუფონს ზედმეტი წარდგენა ნამდვილად არ სჭირდება. თანამედროვეობის და შესაძლოა, ყველა დროის საუკეთესო მეკარე ხშირად ხვდება პრესის ფურცლებზე. ამჯერად, 39 წლის ჯიჯიმ ფრანგულ "ეკიპს" მისცა ინტერვიუ, რომელსაც აქვე გთავაზობთ.

- თუ იცით რამდენი მატჩი გაქვთ კარიერაში ჩატარებული?
- უნდა დავფიქრდე. ზუსტად ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ იტალიის ჩემპიონატში დაახლოებით 600 მატჩი უნდა მქონდეს ჩატარებული. დავამატოთ ამას სხვა თამაშები და სადღაც 800 გამოვა ალბათ.

- შეცდით ჯიჯი. ზუსტად 1014 ოფიციალური მატჩი გაქვთ ჩატარებული...
- მართლა? ცოტა შემრცხვა კიდეც, რომ ასეთი შეცდომა დავუშვი.
ვერ წარმოვიდგენდი თუ 1000-ზე მეტი მატჩი მქონდა ჩატარებული.

- ამდენი მატჩის შემდეგ, კიდევ შეგრჩა მოტივაცია და ემოციები?
- მთავარი არა მატჩების რაოდენობა, არამედ დასახული მიზნებია. თითოეული მატჩი ჩემთვის დიდი გამოწვევაა და არც მოტივაციის ნაკლებობას ვუჩივი.

- როდესაც იცი, რომ კარიერაში 1000-ზე მეტი მატჩი გაქვს ჩატარებული, ეროვნული ნაკრების მაისური კი 167-ჯერ მოირგე და ამ მხრივ, ევროპაში რეკორდსმენი ხარ, ხვდებით თუ რაოდენ დიადია თქვენი საფეხბურთო კარიერა?
- ციფრებზე და წარსულზე ნაკლებად ვფიქრობ, რადგან ჯერჯერობით, არაა ამის დრო. ჩემი კარიერა გრძელდება, წინ დიდი მიზნები მაქვს და მირჩევნია მომავალზე ვიფიქრო.

- რა არის ყველაზე რთული ვეტერანი ფეხბურთელისთვის, რომელიც უმაღლეს დონეზე განაგრძობს თამაშს?
- როდესაც ზურგს დიდი გამოცდილება, ბევრი წარმატება და წარუმატებლობა გიმაგრებს, რთულია, რომ თითოეული მატჩისთვის მაქსიმალურად იყო მობილიზებული. ამიტომ, ხშირად, ვეტერან ფეხბურთელებს მოტივაციასთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ. თუ წინ დიდი თამაშია, იქ განწყობა ყოველთვის საბრძოლოა, მაგრამ როდესაც აუტსაიდერს ხვდები, საკუთარი თავისთვის ძალის დატანება გიწევს. არადა, თანამედრივე ფეხბურთში ოდნავ მოდუნებასაც არავინ გაპატიებს. ჩემი წარმატების საიდუმლო ისაა, რომ ყოველთვის მოტივირებული ვარ.

- რას ურჩევთ ვეტერანებს, როგორ უნდა შეინარჩუნონ მოტივაცია 40 წლამდე?
- მე მეკარე ვარ და ვიცი, რომ ჩემი ერთი შეცდომა შესაძლოა, ფატალური გამოდგეს და გუნდმა მარცხი განიცადოს. ამიტომ, მოდუნების უფლება არ მაქვს. ჩემი ამპლუა მეხმარება იმაში, რომ ყოველთვის ფორმაში ვიყო. თითოეულმა ფეხბურთელმა თავის თავში უნდა მონახოს ძალა, თუმცა ეს ბევრს არ გამოსდის.

- ტოტიმ, მალდინიმ და ძანეტიმ კარიერა ერთ გუნდს მიუძღვნეს და თქვენსავით დიდ ხანს ითამაშებს. როგორც ჩანს, ერთ გუნდში ყოფნა კარიერას ახანგრძლივებს...
- ვერ დაგეთანხმებით. ამ ფეხბურთელებმა დიდ ხანს ითამაშეს არა იმიტომ, რომ ერთ გუნდს მიუძღვნეს კარიერა, არამედ იმიტომ, რომ უდიდესი პროფესიონალები არიან. გაცილებით რთულია არ დაკარგო მოტივაცია მაშინ, როდესაც 20 წელი ერთ ადგილზე ხარ, ერთ ბაზაზე ვარჯიშობ და ერთი და იმავე ადამიანებს ხედავ. თანაც, თქვენს მიერ ხსენებულმა ფეხბურთელებმა მთელი კარიერა იტალიურ გრანდებში გაატარეს. როგორია, 40 წლის ასაკში დიდ გუნდში შეინარჩუნო ადგილი და ახალგაზრდებს კონკურენცია გაუწიო? ბევრად მარტივია, წახვიდე შედარებით სუსტ გუნდში და იქ გააგორო ბურთი.

- მაშინ, რატომ არ იცვლიდით ხშირად კლუბს?
- იმიტომ, რომ მაქვს გარკვეული ფასეულობები, რომლებიც ჩემთვის ყველაზე მთავარია. მიყვარს ეს გუნდი, ის ხალხი, ვისაც აქ ვხედავ და ის გულშემატკივრები, რომელთა მხრიდან ყოველთვის დიდ დაფასებას ვგრძნობ.

- ანუ, თქვენ გიყვართ "იუვენტუსი" და მიზეზიც ესაა...
- რა თქმა უნდა, მე მიყვარს "იუვენტუსი" და ამიტომ ვარ ამ გუნდში ამდენი წელია. მაგრამ, მოდი, ჩავხედოთ რეალობას თვალებში და ვაღიაროთ, რომ რაც არ უნდა გიყვარდეს გუნდი, თუ იქ ამბიციებს ვერ იკმაყოფილებ, წასვლაზე დაფიქრდები. "იუვე" დიდი გუნდია, აქ ყოველთვის ტიტულებისთვის იბრძვი და ამიტომ, სხვაგან წასვლის მიზეზი უბრალოდ არ მქონდა.

- ესპანეთთან შეხვედრაში შეცდომა დაუშვი, რაც იტალიის ნაკრებს გაშვებულ გოლად დაუჯდა. მაშინვე დაიწყეს ლაპარაკი თქვენ ასაკზე და რამდენად იმოქმედა ამან თქვენზე?
- ყველა უშვებს შეცდომებს, მაგრამ როდესაც ეს მე მემართება, ყოველთვის განსაკუთრებული აჟიოტაჟია. შეცდომა დამიშვია 25 წლის ასაკშიც, რადგან ეს ჩემი სამუშაოს შემადგენელი ნაწილია. როდესაც მივხვდები, რომ შეცდომა ასაკის ბრალია, მაშინ კი აუცილებლად დავასრულებ კარიერას.

- ესპანეთთან მატჩის შემდეგ, "ლიონს" ეთამაშეთ ჩემპიონთა ლიგაზე და იქ საოცრებები აკეთეთ. ეს თქვენი პასუხი იყო კრიტიკაზე?
- კრიტიკა მოტივაციას მმატებს და შესაძლოა, ეს მართლაც ასე იყო. პირველ რიგში, საკუთარ თავს დავუმტკიცე, რომ ის შეცდომა შემთხვევითობა იყო და შემდეგ მათ, ვინც ერთი შეცდომის გამო ჩამომწერეს.

- ფიქრობთ კარიერის დასრულებაზე?
- ჩემი მთავარი მიზანი მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშია. ეს იქნება ჩემი მეექვსე მუნდიალი და ამაზე ფიქრი მოტივაციას მიათმაგებს. იქ ჯერ მოხვედრაა საჭირო და პირადად მე, ამისთვის ძალას არ დავიშურებ. მუნდიალის შემდეგ, კიდევ ერთი, ან ორი წელი თამაში ჩემთვის უკვე უინტერესო იქნება.

- ანუ, 2018 წლის მუნდიალის შემდეგ, კარიერას დაასრულებთ...
- თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ასე იქნება.

- იმ შემთხვევაშიც კი, თუ ასეთივე კარგ ფორმაში იქნებით?
- ვფიქრობ, შესანიშნავია, როდესაც კარიერას ასრულებ იმიტომ, რომ უბრალოდ შენ ასე გადაწყვიტე და არა იმიტომ, რომ აღარ შეგიძლია.

- ბარიში იტალიამ საფრანგეთს უმასპინძლა, გულშემატკივრებმა კი სტუმართა ეროვნული ჰიმნი სტვენით ჩაახშვეს, რამაც თქვენი აღშფოთება გამოიწვია. მაშინ ქომაგები გააკრიტიკეთ...
- ეროვნული ჰიმნის უკან დგას მილიონობით ადამიანი, რომლებმაც თავისი ქვეყნისთვის იომეს და სისხლი დაღვარეს. ამ ჰიმნების უკან დგას ქვეყნების ისტორია და დიდი სიყვარული. როდესაც შენ უსტვენ ჰიმნს, ამით შეუარცხყოფას აყენებ ყველაფერ იმას, რაც ამ ჰიმნის უკან დგას. დიდ პატივს ვცემ საფრანგეთს, მიყვარს ფრანგი ხალხი და ჩემთვის მიუღებელია ჩვენი ქომაგების ასეთი ქმედება.

- იტალიის ეროვნულ ჰიმნს ყოველთვის განსაკუთრებული ემოციით მღერით...
- რაც უფრო შევდივარ ასაკში, ეს ემოციაც უფრო მატულობს. შესაძლოა იმიტომ, რომ ვგრძნობ, მალე ჩემი სანაკრებო კარიერა დასრულდება. ჩემი წინაპრები ამ ქვეყნისთვის იბრძოდნენ და პირველ სამამულო ომში დაიღუპნენ. შეუძლებელია სიტყვებით იმ ემოციის გადმოცემა, რასაც ეროვნული ჰიმნის დროს განვიცდი. ეს უდიდესი მუხტია, რომელიც შემდეგ მთელი თამაში მიმყვება.

- იყო ჩემპიონი და დიდი სპორტსმენი, გაკისრებთ პასუხისმგებლობას იყოთ მისაბაძი მაგალითი ბავშვებისთვის?
- სიმართლე გითხრათ, ასეთ მიდგომას არ ვეთანხმები. მე თვითნ მყავს შვილები და არასდროს მიფიქრია, რომ მეთქვა მათთვის: შეხედეთ მესის, იგუაინს, ან რონალდოს და იყავი ცხოვრებაში ისეთი, როგორიც ისაა. მოდი, ნუ დავაკისრებთ ფეხბურთელებს იმაზე მეტ პასუხისმგებლობას, ვიდრე ეკუთვნით, რადგან ისინიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან. გამიხარდება თუ ახალგაზრდა მეკარე მომბაძავს ჩემს საქმეში, მაგრამ თუ როგორ უნდა იცხოვროს, დაე, ეს მამამისმა აუხსნას.

- დღეს, ახალგაზრდა ფეხბურთელებზე უფრო ხშირად ჩადიან ფსონს, ვიდრე 20 წლის წინ. რამ განაპირობა ეს?
- ახალი თაობა წამოვიდა, რომლებიც ჩვენ არ გვგანან. როდესაც "პარმაში" მივედი და გასახდლში აღმოვჩნდი, იმდენად მორიდებული ვიყავი, რომ გამარჯობის თქმა მიჭირდა. რამდენიმე თვე უნდა გასულიყო, რომ თავი კომფორტულად მეგრძნო. დღეს, მოდის 18 წლის ფეხბურთელი და მეორე დღეს ისე გელაპარაკება, თითქოს შენი ბავშვობის მეგობარია. სხვა თაობაა და ესენი მზად არიან ყველაფრისთვის.

- გასახდელში თუ გიგრძვნიათ თავი მოხუცად?
- როდესაც ჩემი თანაგუნდელები სოციალური ქსელის ენაზე ლაპარაკობენ და იყენებენ ტერმინებს, რომლებშიც ვერაფრით გავერკვიე, მაშინ მართლა ვგრძნობ, რომ ასაკში ვარ. მეც მაქვს ტვიტერი და პერიოდულად, ფოტოებს ვაქვეყნებ, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ ამაში ოჯახის წევრები მეხმარებიან.

- მეკარე თუ იღებს თამაშისგან ისეთივე სიამოვნებას, როგორც მაგალითად თავდამსხმელი?
- პირადად მე, ყველაზე დიდ სიამოვნებას ვიღებ მაშინ, რიდესაც მსაჯის საფინალო სასტვენის ხმა მესმის და ვიცი, რომ თამაში მოგებულია. ეს მეკარეების ხვედრია. მიუხედავად ამისა, არაფერზე გავცვლიდი ჩემს ამპლუას და 12 წლის რომ ვიყო, ისევ კარში ჩავდგებოდი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
მარტლაც დიდი კაცია
butxa
02:39 06-02-2017
0
ამ კაცს რომ ვუყურებ,აღტაცობის გრძნობა არ მშორდება.დიდი ფეხბურთთელია და დიდი ადამიანი.
სოსო
21:43 05-02-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული