დიდი ცვლილებები იტალიაში: კონტე "ინტერში", სპალეტი "იუვენტუსში", ემერი "რომაში"?

AutoSharing Option
მართალია, სეზონის დასრულებამდე ჯერ დიდი დროა დარჩენილი, მაგრამ იტალიურ სპორტულ მედიაში სულ უფრო ხშირად ვრცელდება ცნობები ზაფხულში მოსალოდნელი დიდი ცვლილებების შესახებ...

400 მილიონი ტრანსფერებისთვის
ხმებს თუ დავუჯერებთ, "ინტერის" მესვეურები ანტონიო კონტესთან აპირებენ მოლაპარაკლების წარმოებას და მისთვის წინადადებას ამზადებენ. მილანური გრანდის მესვეურები კონტეს წელიწადში 15 მილიონ ევროს შესთავაზებენ, ტრანსფერებისთვის კი 400 მილიონ ევროს გამოუყოფენ.

შეგახსენებთ, რომ "ინტერს" ჩინური კომპანია "სუნინგი" ფლობს, რომელსაც გუნდის ევროპული ფეხბურთის მწვერვალზე დაბრუნება სურს უმოკლეს დროში. ჩინელებმა ვერაფრით გამონახეს საერთო ენა რობერტო მანჩინისთან, რომელიც ფრანკ დე ბურით ჩაანაცვლეს,
თუმცა ჰოლანდიელმა ვერ გაამართლა იმედები და ის სტეფანო პიოლიმ შეცვალა. პიოლიმ ზედიზედ 9 მატჩი მოიგო და მის ხელში გუნდი აშკარად პროგრესირებს, მაგრამ როგორც ჩანს, მწვრთნელის პოზიციები ჯერ კიდევ არაა მყარი და კლუბის მესვეურები ალტერნატივაზე ფიქრობენ. აღსანიშნავია, რომ კონტე "იუვენტუსი"-"ინტერის" თამაშს დაესწრო...

ალეგრის ბოლო სეზონი?
იმაზეც ხშირად საუბრობენ, რომ მასიმილიანო ალეგრისთვის ბოლო სეზონია "იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე. ბოლო პერიოდში, "იუვეს" თავკაცს გასახდელშიც აერია საქმეები - "სასუოლოსთან" მატჩის შემდეგ მას პაულო დიბალამ არ ჩამოართვა ხელი, რასაც მედიაში დიდი რეზონანსი მოჰყვა. თუ იტალიელ ჟურნალისტებს დავუჯერებთ, ვითარების განმუხტვა ჯანლუიჯი ბუფონმა და გუნდის სხვა ვეტერანებმა მოახერხეს, მწვრთნელს კი ფეხბურთელებზე გავლენა აქვს დაკარგული.

ამის კიდევ ერთი ნიშანი დიდი იტალიური დერბის დროს მომხდარი ინციდენტია, როდესაც შეცვლილმა შტეფან ლიხტშტაინერმა დანი ალვეშს ხელი არ ჩამოართვა და მწვრთნელსაც ცივად ჩაუვლიდა გვერდს, ეს უკანასკნელი თვითონ რომ არ მისულიყო მასთან და ხელი ხელზე არ მოეკიდა. არის ვარაუდი და გარკვეული ნიშნები, რომ "იუვენტუსში" ყველაფერი რიგზე ვერაა, ასეთ დროს კი პასუხისმგებლობა სწორედ მწვრთნელს ეკისრება.

"გაძეტა დელო სპორტის" თანახმად, "იუვენტუსის" ბოსები უკვე ფიქრობენ ახალ მწვრთნელზე და რამდენიმე გვარიც აქვთ მონიშნული. ერთ-ერთი კანდიდატი ლუჩანო სპალეტია, რომელიც "რომას" მთავარი მწვრთნელია, მაგრამ მასზეც ხშირად საუბრობენ, რომ ზაფხულში დედაქალაქიდან აბარგებას აპირებს.

საგულისხმოა, რომ სპალეტის გვარი "ინტერსაც" დაუკავშირეს და ეს იმ შემთხვევაში, თუ მილანური კლუბი პიოლიმ დატოვა, კონტემ და ვთქვათ, დიეგო სიმეონემ კი თავიანთი გუნდების დატოვება არ ისურვეს. მოკლედ, თუ სპალეტი "რომადან" წავიდა, ახალი გუნდის მოძებნა არ გაუჭირდება. გაიჟღერა პაულო სოუზას გვარმაც, რომელიც "ფიორენტინაში" მეტ-ნაკლები წარმატებით მუშაობს და როგორც ჩანს, "ვეკია სენიორას" მესვეურთა სიმპათიით სარგებლობს.

ემერი სპალეტის ნაცვლად?
და თუ სპალეტიმ "რომა" დატოვა, ვინ შეცვლის მას? - სპორტულ მედიაში ამ კითხვაზეც აქვთ პასუხი: რომაულ კლუბში უნაი ემერის მიწვევა სურთ, რომელიც ამჟამად პსჟ-ს უდგას სათავეში, თუმცა დიდი წარმატებებით ვერ დაიკვეხნის. თუ პარიზულმა გუნდმა ასე გააგრძელა ასპარეზობა, დიდი ალბათობით, ზაფხულში ემერი უსამსახუროდ დარჩება და ახალ წინადადებებსაც სიამოვნებით განიხილავს.

პრესაში სხვა კანდიდატებზეც დაიწერა. "რომას" მესვეურებს ძალიან მოსწონთ ეუსებიო დი ფრანჩესკო, რომელიც უკვე წლებია, "სასუოლოში" წარმატებით მუშაობს. ასევე - "ემპოლის" ყოფილი და ამჟამად, "სამპდორიას" დამრიგებელი მარკო ჯამპაოლო.

რა ბედი ელით ტოტის და დე როსის?
"რომაში" საინტერესოდ ვითარდება მოვლენები ვეტერან ფეხბურთელებთან დაკავშირებით. ჯერ კიდევ უცნობია, რა ბედი ელის ფრანჩესკო ტოტის და არის თუ არა ეს სეზონი მისთვის ბოლო "რომას" შემადგენლობაში...

შეგახსენებთ, რომ ტოტი 40 წლისაა, თუმცა ჯერ კიდევ სურს თამაში და არაერთხელ გააჟღერა, რომ თუ კლუბისგან ახალ, 1-წლიან ხელშეკრულებას მიიღებს, სიამოვნებით გააფორმებს. არადა, ტოტიმ გასულ ზაფხულს დიდი ბრძოლით მოიპოვა ახალი კონტრაქტი და მაშინ, თითქოს, გადაჭრით ითქვა, რომ ეს იქნებოდა ბოლო სეზონი ფრანჩესკოსთვის და 2017 წლის ზაფხულიდან ის კლუბის მენეჯმენტში გადაინაცვლებდა. მოკლედ, ტოტი ახალ ხელშეკრულებას ელის და, რაც უფრო მოახლოვდება სეზონის ფინიში, ეს თემაც უფრო აქტუალური გახდება.

ამასობაში, დაიძაბა ვითარება დანიელე დე როსის გარშემო, რომელიც 33 წლისაა და ასევე, შეგვიძლია მივიჩნიოთ ვეტერანად. ზაფხულში, დე როსისაც უმთავრდება ხელშეკრულების ვადა და პრესაში გავრცელებული ცნობის თანახმად, მალე ის ახალ კონტრაქტს მიიღებს, თუმცა მკვეთრად გაუარესებული პირობებით - "რომას" მესვეურები დე როსის 2-წლიან თანამშრომლობას შესთავაზებენ, სეზონში კი მხოლოდ 3 მილიონ ევროს. ცნობისთვის, ამჟამინდელი კონტრაქტით, დანიელე 6 მილიონ ევროს იღებს წელიწადში.

თავად დე როსის "რომაში" დარჩენა და 2-წლიანი კონტრაქტის გაფორმება სურს, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ 6-მილიონიანი ხელფასი შეუნარჩუნდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ამერიკაში ან ჩინეთში გადაბარგებაზე ფიქრობს. ცნობილია, რომ დე როსის დამატება "ნიუ იორკ სიტის" სურს, სადაც ანდრეა პირლო ასპარეზობს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული