დიდი იტალიური ტრიო და 21-ე საუკუნის სიმბოლური გუნდები

AutoSharing Option
მართალია, "ნაპოლი", "ფიორენტინა", "რომა" და "ლაციო" იტალიური საკლუბო ფეხბურთის ელიტას წარმოადგენენ, მაგრამ დაგვეთანხმებით, რომ არის სამი კლუბი, რომლებიც ყველა სხვა აპენინური გუნდისგან გამოირჩევა და მათზე მაღლა დგას ისტორიით, ტრადიციებითა და ტიტულებით. ლაპარაკია, "იუვენტუსზე", "მილანსა" და "ინტერზე" - ანუ, დიდ იტალიურ ტრიოზე...

დღეს მიულანური გრანდები ვერ უწევენ კონკურენციას "იუვენტუსს", მაგრამ ამ გუნდების სახელებს, ტრადიციებს და შესაძლებლობებს თუ გავითვალისწინებთ, ეს დროებითი მოვლენაა.

"კალჩო 2000"-მა საინტერესო გამოკითხვა ჩაატარა და გამოავლინა "იუვენტუსის", "მილანის" და "ინტერის" 21-ე საუკუნის სიმბოლური ნაკრებები. იქვე დაანონსდა, რომ სულ მალე
ჩატარდება გამოკითხვა, რათა გამოვლინდეს, თუ რომელი გუნდის ვირტუალური შემადგენლობა და შესაბამისად, გუნდია უფრო ძლიერი. სანამ იტალიელები ასეთ გამოკითხვას ჩაატარებენ, ჩვენ სიმბოლურ ნაკრებებს გადავხედოთ და ჩვენ თვითონ გამოვიტანოთ შესაბამისი დასკვნები...

იუვენტუსი (4-4-2)
მეკარე: ჯანლუიჯი ბუფონი
ბევრი მიიჩნევს, რომ ჯანლუიჯი ბუფონი ყველა დროის საუკეთესო მეკარეა და, რა გასაკვირია, რომ "იუვენტუსის" 21-ე საუკუნის სიმბოლურ გუნდში მოხვდა. ჯიჯის ტურინული გრანდის შემადგბებლობაში 500-მდე მატჩი აქვს ჩატარებული, მისი ტიტულების ჩამოთვლა კი შორს წაგვიყვანს.

მარჯვენა მცველი: ჯანლუკა ძამბროტა
კარიერის საუკეთესო წლები "იუვენტუსსა" და "მილანში" გაატარა. ტურინულ გრანდში მთელი 7 წელი დაჰყო და გუნდის ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელი გახლდათ. შეეძლო მარცხენა ფრთაზე თამაშიც, თუმცა მატჩების აბსოლუტური უმრავლესობა მარჯვენა ფლანგზე ჩაატარა. თანაბრად ნაყოფიერი იყო დაცვით და შეტევით ფაზაში.

ცენტრალური მცველი: ლილიან ტიურამი
"იუვენტუსის" შემადგენლობაში 2001-2006 წლებში თამაშობდა, 144 მატჩი გამართა და 1 გოლი გაიტანა. ბრწყინვალე მცველი, რომელსაც ზედმეტი წარდგენა ნამდვილად არ სჭირდება. მას თანაბარი წარმატებით შეეძლო თამაში როგორც დაცვის მარჯვენა ფლანგზე, ისე ცენტრში.

ცენტრალური მცველი: ფაბიო კანავარო
2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონი, "სკუადრა აძურას" კაპიტანი, რომელმაც საკლუბო კარიერის დიდი ნაწილი "იუვენტუსში" გაატარა. სწორედ ტურინულ გრანდში ჰქონდა ოქროს ხანა, 2006 წელს მადრიდის "რეალში" გადასვლას კი იტალიელი საფეხბურთო ექსპერტები და ჟურნალისტები დიდ შეცდომად უთვლიან. კანავარო არა თუ "იუვენტუსის", ერთ-ერთი საუკეთესო მცველია მსოფლიო მასშტაბით.

მარცხენა მცველი: ჯორჯო კიელინი
დღემდე "იუუვენტუსის" დაცვის ბურჯი და ყველაზე გამორჩეული ფიგურა. ჯორჯო კიელინი შესაძლოა, ვერ თამაშობს ისე ელეგანტურად, როგორც ტიურამი და კანავარო, მაგრამ გუნდისთვის ფასდაუდებელ სამუშაოს ასრულებს.

მარჯვენა ნახევარმცველი: მაურო კამორანეზი
2002-2010 წლებში თამაშობდა "იუვენტუსში" და მუდმივად ძირითად შემადგენლობაში იყო. 224 მატჩი აქვს ჩატარებული და 27 გოლი გატანილი. კამორანეზი იმ გუნდის გამორჩეული წევრი იყო, რომელიც 2003 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა და "მილანთან" თერთმეტმეტრიანების სერიაში დამარცხდა.

ცენტრალური ნახევარმცველი: კლაუდიო მარკიზიო
"იუვენტუსის" და იტალიის ნაკრების ნახევარმცველი, რომელიც ხშირად შეუმჩნეველია, მაგრამ მოედანზე კოლოსაალურ სამუშაოს ასრულებს.

ცენტრალური ნახევარმცველი: ანდრეა პირლო
ფეხბურთელი, რომელიც "იუვენტუსში" თითქოს კარიერის მიწურულს გადავიდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ტურინში 4 დაუვიწყარი წელი გაატარა. პირლო მაესტროა, ამ ეპითეტით კი იტალიაში საუკეთესოებს ამკობენ.

მარცხენა ნახევარმცველი: პაველ ნედვედი
დღეს "იუვენტუსის" ტექნიკური დირექტორი, 2001-2009 წლებში კი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი და ერთ-ერთი მთავარი დამრტყმელი ძალა. ძირითადად, მარცხენა ფრთაზე მოქმედებდა, გამოირჩეოდა ბრძოლისუნარიანობით და ყუმბარისებული დარტყმით.

თავდამსხმელი: ალესანდრო დელ პიერო
"იუვენტუსის" ლეგენდა, რომელმაც ტურინული გრანდის შემადგენლობაში 513 მატჩი გამართა და 208 გოლი შეაგდო. ალესანდრო დელ პიერო "იუვენტუსის" ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავია და ამით ყველაფერია ნათქვამი.

თავდამსხმელი: დავიდ ტრეზეგე
245 თამაშში გატანილი 135 გოლი ყველაფერზე ნათლად მეტყველებს. მთელი 10 წლის განმავლობაში, ტრეზეგე ქმნიდა ფორვარდთა ბრწყინვალე ტანდემს ალესანდრო დელ პიეროსთან ერთად.

Sportall.Ge

მილანი (4-3-1-2)
მეკარე: ნელსონ დიდა
ბრაზილიელი მეკარე, რომელმაც "მილანში" 10 დაუვიწყარი წელი გაატარა. 2003 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში, თერთმეტმეტრიანების სერიაში ჯიჯი ბუფონს აჯობა და "მილანმა" ევროპის უპრესტიჟულესი საკლუბო ტურნირი მეექვსედ მოიგო.

მარჯვენა მცველი: კაფუ
როგორც ბრაზილიელ მცველებს სჩვევიათ, თანაბრად ნაყოფიერი იყო დაცვასა და შეტევაში, გამოირჩეოდა მაღალი სისწრაფით და უბადლო ტექნიკით. არა მარტო "მილანის", მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მარჯვენა მცველი.

ცენტრალური მცველი: ალესანდრო ნესტა
განუმეორებელი მცველი, რომელიც გამოირჩეოდა ელეგანტური და დახვეწილი თამაშით. სწორედ ნესტას მაგალითზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მცველის თამაშიც შეიძლება იყოს ლამაზი და გულშემატკივრისთვის მიმზიდველი.

ცენტრალური მცველი: ტიაგო სილვა
თანამედროვეობის ერთ-ერთი უძლიერესი მცველი, რომელმაც საფეხბურთო მსოფლიოს თავი "მილანში" ბრწყინვალე ასპარეზობით გააცნო. მართალია, "როსონერიში" სულ სამი სეზონი გაატარა, მაგრამ როგორც ჩანს, გულშემატკივართა გულებში დიდი კვალი დატოვა.

მარცხენა მცველი: პაოლო მალდინი
პაოლო მალდინი მცველის სინონიმია და მას არა თუ "მილანის" და არა თუ 21-ე საუკუნის, ყველა დროის სიმბოლურ ნაკრებშიც თავისუფლად შეგვიძლია მოვუძებნოთ ადგილი.

საყრდენი ნახევარმცველი: ანდრეა პირლო
პირლო ერთადერთი ფეხბურთელია, რომელიც ერთბაშად ორი გუნდის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. ანდრეამ "იუვენტუსში" 4 დაუვიწყარი წელი გაატარა, მაგრამ "მილანში" ასეთი 10 ჰქონდა და თანაც, ამ პერიოდში ჩემპიონთა ლიგა ორჯერ მოიგო.

მარჯვენა ნახევარმცველი: ჯენარო გატუზო
დიდი მებრძოლი და დაუოკებელი ჟინის ფეხბურთელი, რისი წყალობითაც ბევრი წლის განმავლობაში "მილანისთვის" და იტალიის ნაკრებისთვის შეუცვლელი ფიგურა იყო.

მარცხენა ნახევარმცველი: კლარენს ზეედორფი
"მილანში" გადასვლამდე, ჰოლანდიელი მადრიდის "რეალში" და "ინტერში" თამნაშობდა, მაგრამ ნამდვილი ზეედორფი "მილანში" ვიხილეთ. გამორჩეული ტექნიკის და სათამაშო სტილის ფეხბურთელი, რომელსაც ახასიათებდა არაორდინალური გადაწყვეტილებები და ჰქონდა უძლიერესი დარტყმა.

გამთამაშებელი: რიკარდო კაკა
2003-2009 წლებში, "მილანის" საკვანძო ფეხბურთელი, ლიდერი და ერთ-ერთი მთავარი დამრტყმელი ძალა. იმ დროს, კაკა ბრწყინავდა, დაფრინავდა, მაგრამ შემდეგ, "რეალში" გადავიდა და მისი კარიერაც დაღმა წავიდა.

თავდამსხმელი: ანდრეი შევჩენკო
246 მატჩში გატანილი 129 გოლი და მარადიული სიყვარული "მილანის" ქომაგთა გულებში. 2003 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში, გადამწყვეტი თერთმეტმეტრიანის გამტანი და უბრალოდ, საუცხოო თავდამსხმელი. კაკას მსგავსად, მანაც შეცდომა დაუშვა, როდესაც "მილანი" დატოვა და სხვა გუნდში გადაბარგდა.

თავდამსხმელი: ფილიპო ინძაგი
თუ შევჩენკომ 2003 წლის ფინალში გაიტანა გადამწყვეტყი თერთმეტმეტრიანი, ფილიპო ინძაგიმ 2007 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიბრწყინა, დუბლი შეასრულა და "მილანმა" "ლიდერპულს" სძლია, 2:1. ინძაგი დაიბადა იმისთვის, რომ გოლები გაეტანა.

Sportall.Ge

ინტერი (5-3-2)
მეკარე: ჟულიო სეზარი
სამირ ჰანდანოვიჩი უმაღლესი კლასის მეკარეა, მაგრამ მასზე მაღლა მაინც ჟულიო სეზარი უნდა დავაყენოთ, რომელმაც 7 დაუვიწყარი წელი გაატარა და გუნდთან ერთად, ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

მარჯვენა მცველი: დუგლას მაიკონი
21-ე საუკუნის ერთ-ერთი უძლიერესი განაპირა მცველი, რომელმაც "ინტერში" 6 დაუვიწყარი წელი გაატარა და იმ გუნდის ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელი იყო, რომელმაც 2010 წელს ტრიპლეტი შეასრულა.

ცენტრალური მცველი: ვალტერ სამუელი
მეტსახელად კედელი, რომელმაც "ინტერის" მაისურით 169 მატჩი გამართა და 14 გოლი შეაგდო. არგენტინელმა მცველმა მილანურ გრანდში კარიერის საუკეთესო 9 წელი გაატარა.

ცენტრალური მცველი: მარკო მატერაცი
ქარიზმატული ლიდერი, რომელმაც პრაქტიკულად მთელი კარიერა "ინტერს" მიუძღვნა და გუნდთან ერთად იყო ჭირშიც და ლხინშიც. იყო პერიოდები, როდესაც მარკო მატერაცი ვერ ხვდებოდა ძირითად შემადგენლობაში, მაგრამ გასახდლში ის ყოველთვის იყო ლიდერი.

ცენტრალური მცველი: ივან კორდობა
"ინტერის" მაისურით ჩატარებული 324 მატჩი არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ივან კორდობა სიმბოლური გუნდის მიღმა დავტოვოთ და ამიტომ, დაცვის ცენტრში ერთბაშად სამი ფეხბურთელის დაყენება გვიწევს. კორდობა 12 წლის განმავლობაში უმაღლეს დონეზე თამაშობდა შავ-ლურჯი მაისურით.

მარცხენა მცველი: ხავიერ ძანეტი
არ შეგვშლია, ძანეტი მარჯვენა მცველი გახლდათ, მაგრამ როდესაც გუნდს სჭირდებოდა, მარცხნივაც თამაშობდა. აქაც, ლეგენდარულ არგენტინელს პოზიცია შევუცვალეთ და იქ დავაყენეთ, სადაც გუნდს ყველაზე მეტად სჭირდება. ძანეტის მთელი კარიერაც ასეთი გახლდათ - ის იყო იქ, სადაც "ინტერს" ყველაზე მეტად სჭირდებოდა.

მარჯვენა ნახევარმცველი: ესტებან კამბიასო
ნახევარდაცვაში სამი ფეხბურთელი უნდა გავამწესოთ, მარჯვნივ კი ესტებან კამბიასოს მივუჩინოთ ადგილი. 10 წელი "ინტერში, 315 მატჩი და 41 გატანილი გოლი, რაც საყრდენი ნახევარმცველისთვის შესანიშნავი შედეგია.

ცენტრალური ნახევარმცველი: ვესლი სნეიდერი
ვესლი სნეიდერი იმ გუნდის გამთამაშებელი გახლდათ, რომელმაც 2010 წელს ტრიპლეტი შეასრულა. სნეიდერმა "ინტერში" მხოლოდ 4 წელი გაატარა, მაგრამ ამ პერიოდში მოასწრო და დიდი კვალი დატოვა გუნდის ისტორიაში.

მარცხენა ნახევარმცველი: დეიან სტანკოვიჩი
"ინტერის" ოქროს გუნდის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი. ცენტრალური ნახევარმცველი, რომელიც გამოირჩეოდა ბრძოლისუნარიანობით და უძლიერესი დარტყმით.

თავდამსხმელი: დიეგო მილიტო
ტრიპლეტის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი, რომლის ანგარიშზეც ჩემპიონთა ლიგის ფინალში შესრულებული დუბლია. სულ, დიეგო მილიტომ "ინტერის" მაისურით 128 მატჩი გამართა და 100 გოლი გაიტანა, რაც ფენომენალური შედეგია.

თავდამსხმელი: კრისტიან ვიერი
კრისტიან ვიერი "ინტერში" 1999-2005 წლებში თამაშობდა, 143 მატჩი გამართა და 103 გოლი შეაგდო. ვიერი ყველგან იტანდა, სადაც ითამაშა, მაგრამ მილანურ გრანდში ყველაზე დიდ ხანს გაჩერდა და კარიერის საუკეთესო ეტაპი გაატარა.




მკითხველის კომენტარები / 1 /
იუვეში დავიდსის ადგილი ნამდვილად არის, ერთ ერთი უძლიერესი იყო და უნდა მომხდარიყო შემადგენლობაში
უჩა
21:55 19-02-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული