ჯერ მხოლოდ მაკეტები... იტალიაში ახალი სტადიონების მშენებლობა იწყება

AutoSharing Option
ყველაზე მეტად, რაც დღეს იტალიურ ფეხბურთს სჭირდება, ეს ახალი სტადიონებია. ამ მხრივ, "იუვენტუსი" სამაგალითო გუნდია, 2011 წელს ახალ არენაზე გადაბარგდა და ამან დიდად შეუწყო ხელი კლუბის კრიზისიდან ამოყვანას და გაძლიერებას, რაც ასე საჭირო იყო "კალჩოპოლის" ცნობილი პროცესების შემდეგ.

უნდა შევაქოთ "უდინეზე", რომლის მესვეურებმაც მოახერხეს და "სტადიო ფრიული" 99-წლიანი იჯარით აიღეს და თანაც ისე, რომ ქალაქის მუნიციპლიტეტს თანხას არ გადაუხდიან. ეს არენის ყიდვის ტოლფასია და შესაბამისად, ფრიულელებმა სტადიონის სრული რეკონსტრუქციაც გააკეთეს. დღეს, იტალიაში "იუვენტუსს" და "უდინეზეს" აქვთ საუკეთესო სტადიონები, რომლებიც ულტრათანამედროვე
ტექნიკით არიან აღწურვილნი.

ამ მხრივ, რთული ვითარება აქვთ სხვა კლუბებს, რომლებიც დღემდე ქალაქების მუნიციპალიტეტიდან ქირაობენ სტადიონებს და ამ არენების დიდი ნაწილი უკვე ძალიან მოძველებულია.

იტალიურ საფეხბურთო სამყაროში თანხმდებიან, რომ მოძველებული ინფრასტრუქტურა იტალიური ფეხბურთის მთავარი პრობლემაა და მას მოგვარება სჭირდება. ამასობაში, რამდენიმე კლუბმა ერთხმად დაანონსა ახალი სტადიონის მშენებლობა და მივყვეთ თანმიმდევრობით...

იისფერი რენესანსი
"ფიორენტინას" ოფისში ახალი სტადიონის მაკეტის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც უამრავი ჟურნალისტი დაესწრო. ითქვა, რომ ფლორენციაში ახალი სტადიონის მშენებლობა 2018 წელს დაიწყება, "ფიორენტინა" კი ახალ არენაზე 2021-2022 წლების სეზონისთვის გადავა.

არენა 40 000 გულშემატკივარზეა გათვლილი და გარდა სტაიონისა, მოიცავს სავაჭრო ცენტრს, სასტუმროს და 700 ავტომობილზე გათვლილ პარკინგს. ითქვა ისიც, რომ სტადიონის მშენებლობა 420 მილიონი ევრო დაჯდება. დროა, სიტყვა "ფიორენტინას" პრეზიდენტს, ანდრეა დელა ვალეს გადავცეთ:

"ქალაქის მუნიციპალიტეტთან უკვე მივაღწიეთ შეთანხმება და გამოყოფილია ადგილი, სადაც სტადიონის მშენებლობა დაიწყება. ესაა უმნიშვნელოვანესი ამბავი როგორც ფლორენციისთვის, ისე მთელი იტალიისთვის.

"ფიორენტინა" იმსახურებს ახალ, ულტრათანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ არენას. პირობითად, ამ სტადიონს "იისფერი რენესანსი" ჰქვია, თუმცა არაა გამორიცხული, რომ ეს სახელი დავტოვოთ. ჩვენი გეგმით, "ფიორენტინა" ახალ არენაზე 2001-2002 წლების სეზონიდან ითამაშებს".

Sportall.Ge

ახალი სტადიონი სარდინიაზე
"ფიორენტინაზე" უფრო ადრე, ახალ სტადიონზე "კალიარი" ითამაშებს. როგორც სარდინიული კლუბის პრეზიდენტმა განაცხადა, ზაფხულში დაიწყება ახალი სტაიონის მშენებლობა, რომელიც 16 000 გულშემატკივარზე იქნება გათვლილი და თანამედროვე, ევროპულ სტანდარტებს სრულად დააკმაყოფილებს. როგორც "კალიარის" მესვეურები ამბობენ, ეს იქნება პატარა, მაგრამ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე კომფორტული სტადიონი.

სტადიონის მშენებლობა დაახლოებით 115 მილიონი ევრო დაჯდება, მისი ექსპლუატაციაში შესვლის ვადა კი ორი წელია. სტადიონი ზუსტად იმ ადგილზე აშენდება, სადაც დღეს "კალიარი" თამაშობს, ანუ "სტადიო სანტ ელიაზე". სად ითამაშებს "კალიარი" უახლოესი ორი წლის განმავლობაში? - შესაძლოა, "კალიარიმ" საშინაო მატჩები სარდინიის სიდიდით მეორე ქალაქში, სასარიში ჩაატაროს, თუმცა ამ თემაზე გადაწყვეტილება ჯერ არაა მიღებული.

ინტერი და რომაც გეგმავენ
ახალი სტადიონის მაკეტი მზად აქვთ "რომას" მესვეურებსაც, რომელიც 50 000 გულშემატკივარზეა გათვლილი და რომლის მშენებლობასაც დაახლობით 3 წელი დასჭირდება.

თუმცა, როდის დაიწყება მშენებლობა, ეს ჯერ არაა ცნობილი. კლუბის პრეზიდენტის, ჯეიმს პალოტას თქმით, 2017 წელს მისი პრიორიტეტული მიზანია, რომ სტადიონის მშენებლობის საკითხი საბოლოოდ გადაწყდეს და მაქსიმუმ 2018 წლის დასაწყისში, პირველი აგური დაიდოს.

ახალი სტადიონის პროექტის შესახებ ისაუბრეს "ინტერის" მესვეურებმა. კლუბის აქციათა საკონტროლო პაკეტს ჩინური კომპანია "სუნინგი" ფლობს, რომელმაც ჯერ მაკეტის პრეზენტაცია დაანონსა და გულშემატკივრებს დაპირდა, რომ გუნდს ახალი სტადიონი მაქსიმუმ 2022 წელს ექნება, ტევადობა კი მინიმუმ, 55 000 იქნება.

მილანი 5 მილიონი ევროთი დაჯარიმდა
რამდენიმე წლის წინათ, "მილანის" მესვეურებმა ქალაქის მუნიციპალიტეტთან და ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიასთან ხელშეკრულება გააფორმეს, რომლის ძალითაც, 2018 წელს ახალი სტადიონის მშენებლობა უნდა დასრულებულიყო.

მას შემდეგ, "როსონერიში" ბევრი რამ შეიცვალა - სილვიო ბერლუსკოინიმ "მილანის" აქციათა საკონტროლო პაკეტის გაყიდვა განიზრახა და დღეს, კლუბში გარდამავალი ეტაპია. შესაბამისად, სტადიონის მშენებლობა არ დაწყებულა.

იტალიის სასამართლომ "მილანს" ჯარიმის სახით 5 მილიონი ევრო დააკისრა, რომელსაც კომპენსაციის სახით, სამშენებლო კომპანია მიიღებს, რომელსაც სტადიონი უნდა აეშენებინა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
16000 იანი სტადიონი 115 მილიონი ჯდება?:))))))) აბა ერთი კარგად გაარკვიეთ.
ავთო
20:39 14-03-2017
0

სიახლეები პოპულარული