დინო ძოფის ვერდიქტი "ბარსა"-"იუვეს" მატჩზე: რის ქამბექი, რა ქამბექი?!

AutoSharing Option
დინო ძოფმა კომენტარი გააკეთა "იუვენტუსისა" და "ბარსელონას" გუშინწინდელ მატჩზე, რომელიც ტურინულმა გრანდმა 3:0 მოიგო და დიდი ნაბიჯი გადადგა ნახევარფინალისკენ...

ცხადია, ყველას თვალწინ გვაქვს ბოლო მაგალითი, როცა "ბარსამ" ფანტასტიკური შემობრუნებით (რასაც "ქამბექს" ვეძახით ხოლმე) შეძლო გზიდან პსჟ-ის ჩამოცილება - პარიზული 0:4-ის შემდეგ "კამპ ნოუზე" 6:1 გაიმარჯვა და "იუვენტუსს" გადაეყარა...

ერთი შეხედვით, "ბარსას" თავდასხმას წინ ვერაფერი დაუდგება, თუმცა უკვე არაერთხელ გამოჩნდა, რომ მთლად ასეც არ არის საქმე - "იუვემდე" კატალონიური გრანდი პირწმინდად დამარცხდა (0:2) "მალაგასთანაც".

დღევანდელი "ბლაუგრანა" ხასიათის გუნდად იქცა და როდის
"აფეთქდება", კაცმა არ იცის. თუმცა "იუვენტუსთან" 4:0, 5:1 თუ 6:1 ფანტასტიკის სფეროს განეკუთვნება.

ამ თემაზე საინტერესო უნდა იყოს მრავლისმნახველი დინო ძოფის მოსაზრებები. მსოფლიოსა და იტალიური ფეხბურთის ლეგენდამ "გოლთან" ინტერვიუში თქვა, რომ არ ელოდება "იუვენტუსის" გავარდნას.

"რა თქმა უნდა, "იუვეს" სამწვრთნელო შტაბი კარგად გააანალიზებს "ბარსელონასა" და პსჟ-ის იმ თამაშს. თუმცა მე პირადად, აბსოლუტურად გამოვრიცხავ მოვლენების იმგვარად განვითარებას, რაც პარიზელებს დაემართათ. ნურავის ეწყინება, მაგრამ "იუვენტუსი" მაინც სხვა არის, სულ სხვა წრთობა და ცოდნა აქვს ამგვარი თამაშების გამარჯვებამდე მიყვანაში, ვიდრე პსჟ-ს. ეს ისტორიითა და ტრადიციებითაც მოდის... ამიტომ დარწმუნებული ვარ, "ბარსელონა" ტურინულ გრანდთან დიდ "ქამბექს" ვერასოდეს მოახერხებს", - ამბობს ძოფი.

2015 წელს "ბარსელონამ" ჩემპიონთა ლიგის ბერლინურ ფინალში "იუვენტუსს" 3:1 მოუგო. ძოფი ოდნავადაც არ აკნინებს ლუის ენრიკეს გუნდის ღირსებებს: "ის ახლაც ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია მსოფლიოში.

კი ბატონო, ვეთანხმები მოსაზრებას, რომ "ბარსას" ზოგიერთი ფეხბურთელი დღეს აღარ არის ისეთ ფორმაში, როგორც წინა წლებში იყო, მაგრამ ამ გუნდს შეტევა ძველებურად დიდებული აქვს და ეს ნებისმიერი დაცვისთვის სერიოზული თავსატეხია. ასევე, ჩვენ ვხედავთ იმასაც, 2015 წლის ფინალის შემდეგ "იუვენტუსმა" გაცილებით მეტი გამოცდილება დააგროვა, უფრო დაბრძენდა, უფრო აიმაღლა კლასი თუნდაც გონსალო იგუაინის შეძენით... ერთი სიტყვით, ალეგრის გუნდი ჩვენ თვალწინ გაიზარდა".

ძოფი "იუვენტუსის" ლეგენდაცაა. მსოფლიოს 1982 წლის ჩემპიონი "ბებერი ქალბატონის" კარს 1972-83 წლებში იცავდა. ის მიიჩნევს, რომ დღევანდელი "იუვე", მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ინდივიდუალისტი ჰყავს, მაინც გუნდურობით ფასობს და ეს არის სწორედ ის კოზირი, რომლის გაჭრა "ბარსას" ძალიან, ძალიან გაუჭირდება.

"როცა ვლაპარაკობთ დღევანდელ "იუვენტუსზე", ის უნდა განვიხილოთ, როგორც ერთი მთლიანი ორგანიზმი და არა - როგორც მაღალი დონის ინდივიდუალისტების ჯგუფი. და ეს ორგანიზმი ყალიბდებოდა ბოლო ათწლეულების განმავლობაში. შესაბამისად, ძალიან ძნელი იქნება ამ ერთიანობის მორყევა", - მიიჩნევს ძოფი.

ბევრი არაფერი შეცვლილა...
შემდეგ მისგან მეკარეების შეფასებითაც დაინტერესდნენ. რა თქმა უნდა, ძოფმა შეაქო "ბარსას" კარის დარაჯი მარკ-ანდრე ტერ შტეგენი, თუმცა იქვე დასძინა, რომ მისი თანამემამულე ჯანლუიჯი ბუფონი, ჯერჯერობით, მსოფლიოს ნომერი პირველი გოლკიპერია.

თემის გაგრძელებად, დაისვა კითხვა იმის თაობაზეც, თუ რა შეიცვალა მეკარეთა მოქმედებაში მას მერე, რაც 1983 წელს ძოფი ფეხბურთიდან წავიდა. ცნობილია, რომ დღეს მეკარეთა როლი გაზრდილია და ხშირად ისინი ბოლო მცველის ფუნქციასაც ასრულებენ.

"ბევრჯერ ვყოფილვარ ამგვარ სიტუაციებში და ეს ყოველთვის მსიამოვნებდა. მეკარე აუცილებლად უნდა იყოს ჩართული თამაშის რიტმში, უნდა უკეთ გრძნობდეს სიტუაციას... ასე რომ, დაცვის მაღალი ზღუდე არასოდეს მაშინებდა. მიმაჩნია, რომ წარსულთან შედარებით, დღევანდელი სამეკარეო სკოლა ბევრი არაფრით განსხვავდება. მთავარია, როგორ თამაშობ არა ფეხით ან ხელით, არამედ - ტვინით".

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს დღეს ჰყავს იგივე ბუფონი, მანუელ ნოიერი, ახლო წარსულშიც იყო არაერთი გამორჩეული მეკარე. ამ ამპლუის ერთადერთ მოთამაშედ, ვისაც "ოქრო ბურთი" აქვს მოგებული, საბჭოური ფეხბურთის ლეგენდა ლევ იაშინი რჩება. ძოფი ვარაუდობს, რომ ამ მიღწევას თვალსაწიერ მომავალში ვერავინ გაიმეორებს:

"ხშირ შემთხვევაში, მეკარე შეიძლება უფრო გადამწყვეტიც იყოს გუნდისთვის, ვიდრე ფორვარდი. მაგრამ ფეხბურთში მთავარი გოლია და როცა უყურებ მესის, რონალდოს, იბრაჰიმოვიჩს... გესმის, რომ ძალიან ძნელია, მეკარემაც ასეთი სიამოვნება მიანიჭოს ხალხს, თუნდაც იმის მიუხედავად, რომ მეკარეც შეიძლება დიდი გამარჯვების შემოქმედი გახდეს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /

burusa-ს თუ შენ თვლი, რომ 6-1 ბარსამ მოიგო, თანაც 3 წუთში, ფეხბურთს ნუღარ უყურებ! უბრალოდ დაბრმავებულები ხართ ამ გუნდი ფანები და თავს იტყუილებთ!!!
გიორგი
12:36 14-04-2017
0
არაფერი ფანტასტიკა არაა! თუ იუვემ მოახერხა და მოიგო 3-0 რატომ არ შეიძლება იგივე გააკეთოს ბარსამ? ეს ხომ ბარსელონაა და არა საშუალო დონის გუნდი!
burusa
11:35 14-04-2017
0

სიახლეები პოპულარული