მილანური დერბის გამოხმაურება: მადონინა ჩინური ელფერით

AutoSharing Option
AUTO PLAY
მიმდინარე სეზონში, ორივე მილანური დერბი ფრედ დასრულდა - 2:2. ეს ორი მატჩი სცენარით ძალიან ჰგავდა ერთმანეთს - განსხვავება ის იყო, რომ პირველ შეხვედრაში "ინტერმა" გაათანაბრა ბოლო წუთზე ანგარიში, ამჯერად კი "მილანმა". შედეგად, "როსონერიმ" შეინარჩუნა სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილი და უკეთესო შანსი აქვს, რომ ევროპალიგის საგზური მოიპოვოს...

ისტორიული დერბი
სერია A-ს 32-ე ტურის ეგიდით ჩატარებული მილანური დერბი ისტორიული იყო - "დერბი დელა მადონინას" ლომბარდიული გრანდები ჩინელი მფლობელებით შეხვდნენ.

"ნერაძურის" უკვე წლებია, რაც ჩინური კომპანია "სუნინგი" ფლობს, "მილანი" რამდენიმე დღის წინ ჩინურმა კონსორციუმმა
იყიდა, რომელსაც სათავეში ბიზნესმენი ლი იონგჰონგი უდგას.

შესაბამისად, ჩაბარდა წარსულს ის დრო, როდესაც მილანური დერბი მორატების და ბერლუსკონების დაპირისპირება იყო - დრო შეიცვალა, მილანურ კლუბებს კი ჩინური კომპანიები ფლობენ.

ჩინური დროით
იტალიაში ტურის ცენტრალური მატჩები გვიან საღამოს იმართება, მაგრამ მილანური დერბის შემთხვევაში, გამონაკლისი დაუშვეს. "დერბი დელა მადონინა" იტალიური დროით 12:30 საათზე დაიწყო, ჩინეთში კი ამ დროს 19:30 საათი იყო - დიახ, ეს დრო სპეციალურად იქნა შერჩეული, რომ მატჩი ჩინელებისთვის ხელსაყრელ დროს ჩატარებულიყო.

ამ ამბავმა იტალიაში დიდი რეზონანსი გამოიწვია, საფეხბურთო ექსპერტების და გულშემატკივრების ერთმა ნაწილმა კი პროტესტი გამოხატა.

"მილანის" ტიფიოზებმა, რომლებიც დერბიზე უმცირესობაში გახლდნენ, ტრიბუნებზე გაშალეს დიდი ბანერი, რომელიც მატჩის ადრე დაწყებას ეხმაურებოდა - ბანერზე ადამიანია გამოსახული, რომელსაც პირი აქვს გაღებული, საჭმლის მაგივრად კი ჩინური ჯოხებით ფულს აძლევენ.

იქვეა წარწერა: Buon apetito Lega Italiana, რასაც გადათარგმნა ნამდვილად არ სჭირდება...

რეკორდები
იტალიელთა პროტესტი გასაგებია, მაგრამ ფეხბურთში, ისევე, როგორც ცხოვრებაში, მუსიკას უკვეთავს ის, ვისაც ფული აქვს. ჩინელებისთვის ხელსაყრელ დროს დანიშნულმა მილანურმა დერბიმ არაერთი რეკორდი მოხსნა, რომელიც სწორედ ფინანსებთანაა დაკავშირებული...

მატჩს 80 000 გულშემატკივარი დაესწრო, ბილეთებიდან შემოსულმა თანხამ კი 4 მილიონ ევროს უწია, რაც რეკორდია. აქამდე იტალიაში არც ერთ მატჩს გაყიდული ბილეთებიდან ასეთი შემოსავალი არ ჰქონია - გაცხადდა ისიც, რომ "დერბი დელა მადონინას" დაახლოებით 3 ათასი ჩინელი დაესწრო, მათი მილანში მგზავრობა კი საგანგებო ტურებით განხორციელდა.

მილანურ დერბის 800 მილიონი ტელემაყურებელი ჰყავდა, რაც ასევე სარეკორდო მაჩვენებელია და ბუნებრივია, რომ ლომბარდიულმა გრანდებმა სატელევიზიო გაყიდვებიდან აქამდე არნახულად მაღალი შემოსავალი მიიღეს.

კომენტარები
სტეფანო პიოლი ("ინტერის" მწვრთნელი): "გოლი 97-ე წუთზე გავუშვით, მაგრამ ეს არა მსაჯების, არამედ ჩვენი ბრალია. სანამ საფინალო სასტვენის ხმას არ გავიგებთ, მოდუნება არ შეიძლება. ჩვენ ორჯერ დავკარგეთ კონცენტრაცია სტანდარტულების დროს და ორივეჯერ დავისაჯეთ. დასანანია, რადგან შეგვეძლო მოგვეგო და სატურნირო ცხრილში "მილანზე" მაღლა ვყოფილიყავით. წინ კიდევ 6 ტურია და გვექნება იმის შანსი, რომ დაკარგული ავინაზღაუროთ. ჯერ კიდევ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ევროპალიგის საგზური მოვიპოვოთ და ამისთვის ბოლომდე ბრძოლაა საჭირო".

ვინჩენცო მონტელა ("მილანის" მწვრთნელი): "ბოლო ნახევარი საათის განმავლობაში, "ინტერი" მხოლოდ დროის გაყვანით იყო დაკავებული და შესაბამისად, მსაჯი ძალიან კარგად გაერკვა ვითარებაში და სწორად მოიქცა, რომ ბევრი დაამატა. პირველ ნახევარ საათში ვჯობდით მეტოქეს, თუმცა გოლი აქეთ გავუშვით და შემდეგ ავირიეთ, რასაც მეორე გოლიც მოჰყვა. დერბიში ორბურთიანი ფორის ამოქაჩვა გმირობის ტოლფასია და ჩვენ ეს შევძელით".

ადრიანო გალიანი ("მილანის" ექსვიცე-პრეზიდენტი): "როგორ აღვნიშნე საპატას მიერ ბოლო წამებზე გატანილი გოლი? - ჭკუიდან შევიშალე და ბოლო ხმაზე ვყვიროდი. მართალია, კლუბის დირექტორთა საბჭოში აღარ შევდივარ, მაგრამ მე ვრჩები "მილანის" დიდ გულშემატკივრად და ამ მხრივ, არაფერი შეცვლილა. ხშირად მიხილავთ "სან სიროზე", რადგან მე ამ გუნდის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია. არ ვიმსახურებდით მარცხს და საბედნიეროდ, მნიშვნელოვანი ქულა ავიღეთ. მატჩის დაწყება ჩინელებისთვის ხელსაყრელ დროს? - ფეხბურთი დიდი ინდუსტრიაა და გულშემატკივრები ამას გაგებით უნდა მოეკიდონ".

კარლო ტავეკიო (ფედერკალჩოს პრეზიდენტი): "მილანური დერბის მიმართ აზიურ ბაზარზე განსაკუთრებული ინტერესი იყო და ამის გათვალისწინება მოხდა. ერთჯერადად, კონკრეტული აქტივობების ფარგლებში, ასეთი პრეცედენტის დაშვება შეიძლება, მაგრამ ეს არ უნდა გახდეს ნორმა, რადგან იტალიური საკლუბო ფეხბურთი, პირველ რიგში, იტალიელებს ეკუთვნით და შემდეგ მთელ მსოფლიოს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული