15:30 21-04-2017
რაზე საუბრობდნენ ტურინის "იუვენტუსის" ფეხბურთელები ნახევარფინალში გასვლის შემდეგ
AutoSharing Option
მასიმილიანო ალეგრი ("იუვენტუსის" მწვრთნელი): "უნდა შევაქო შეგირდები, რომლებმაც შესანიშნავად ითამაშეს და დასახული ამოცანა პირნათლად შეასრულეს. ვაჯობეთ გუნდს, რომელიც ობიექტურად ერთ-ერთი საუკეთესოა ევროპაში. ორი მატჩი ჩავატარეთ მსოფლიოს საუკეთესო თავდასხმის წინააღმდეგ და არც ერთი გოლი არ გავუშვით, რაც ფენომენალური შედეგია.
მას შემდეგ, რაც მოედანზე ანდრეა ბარძალი შევიდა, ვგრძნობდი, რომ შეგვეძლო მთელი დღე გვეთამაშა და გოლი არ გაგვეშვა. ერთი სიტყვით, გვაქვს საბაბი კმაყოფილებისთვის, მაგრამ სიხარული ჯერ ძალიან ადრეა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჯერ არაფერი მოგვიგია. უნდა გადავერთოთ იტალიის ჩემპიონატის მატჩებზე, რათა სკუდეტოს კიდევ უფრო მივუახლოვდეთ, შემდეგ კი ჩემპიონთა ლიგის და იტალიის თასის ფინალის ჯერიც მოვა. ჩემს შეგირდებს ქება ეკუთვნით, მაგრამ მათ კიდევ უკეთ შეუძლიათ თამაში".
ჯუზეპე მაროტა ("იუვენტუსის" სპორტული დირექტორი): "ყველა კომპონენტში ვაჯობეთ მეტოქეს და მომდევნო ეტაპზე დამსახურებულად გავედით. ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასვლა დიდი წარმატებაა, თუმცა წინ გადამწყვეტი მატჩებია, რომელმაც შეიძლება ეს შრომა წყალში ჩაყაროს.
ამიტომ ზეიმის დრო არაა და მომდევნო მატჩებზე უნდა მოვახდინოთ კონცენტრაცია. ბოლო წლებში, ორჯერ გავედით ევროპის უპრესტიჟულესი საკლუბო ტურნირის ნახევარფინალში და პლუს, იყო შარშანდელი მატჩი მიუნხენში და მიღებული გამოცდილება. მზად ვართ იმისთვის, რომ კიდევ სამი მატჩი ჩავატაროთ ლიგაზე და გულშემატკივრებისთვის სანუკვარი თასი მოვიპოვოთ".
დანი ალვეში (იუვენტუსი): "ბედნიერი ვარ, რომ მომდევნო ეტაპზე გავედით და ტურინელი გულშემატკივარი გავახარეთ. ეს არის დიდი სიხარული, რომელსაც პირადად ჩემთვის გარკვეული სევდაც სდევს თან - მე "ბარსელონაში" არაერთი ბრწყინვალე წელი გავატარე და ჩემთვის უჩვეულო იყო დამწუხრებული თანაგუნდელების ხილვა. ნეიმარს ვუთხარი, რომ წაგება ფეხბურთის შემადგენელი ნაწილია და შესაბამისად, არ უნდა დაითრგუნოს. "ბარსა" საოცარი გუნდია, რომელსაც წინ ბევრი დიდი გამარჯვება ელოდება".
ლეონარდო ბონუჩი (იუვენტუსი): "გაუტანო "ბარსელონას" 3 გოლი და არც ერთი არ გაუშვა, ეს მართლაც შესანიშნავი შედეგია. გვჯეროდა საკუთარი ძალების და საბედნიეროდ, მივაღწიეთ დასახულ მიზანს. თუმცა, წინ არანაკლებ ძლიერი მეტოქე და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი მატჩები გველოდება. მოხარული ვარ, რომ მატჩის შემდეგ მაისურა ლიონელ მესის გავუცვალე, რომელიც მსოფლიოს ორ საუკეთესო ფეხბურთელში შედის კრიშტიანო რონალდოსთან ერთად. დიდებული საღამო იყო, რომელიც დიდხანს მემახსოვრება. დარწმუნებული ვარ, ნახევარფინალში ჩვენთან შეხვედრა არავის ენდომება".
ჯანლუიჯი ბუფონი (იუვენტუსი): "პირველი მატჩის შემდეგ მჯეროდა, რომ მომდევნო ეტაპზე გავიდოდით, მაგრამ "კამპ ნოუზე" რომ ერთი გოლიც არ გავუშვით, ეს მართლაც დასაფასებელია. როდესაც ნეიმარი, მესი და სუარესი გიტევენ, გაქვს განცდა, რომ მინიმუმ ერთხელ ან ორჯერ მაინც მოგიწევს ბურთის ბადიდან გამოღება, მაგრამ ასე არ მოხდა და ეს სიამაყით მავსებს. "იუვენტუსის" პროგრესი დაიწყო რამდენიმე წლის წინ და მთავარია, არ გაგვიჩნდეს კმაყოფილების შეგრძნება - ჩვენ მუდამ დაგეშილნი უნდა ვიყოთ მოგებაზე და მხოლოდ ასე მოვა სასურველი შედეგი".
ლუის ენრიკე ("ბარსელონას" მწვრთნელი): "ქედს ვიხრი "იუვენტუსის" წინაშე, რომელმაც ბრწყინვალედ ითამაშა და მომდევნო ეტაპზე დამსახურებულად გავიდა. ერთმანეთის წინააღმდეგ ორი უძლიერესი გუნდი იდგა, თუმცა ამჯერად, კიდევ უკეთესად "იუვე" გაისარჯა. ვცდილობდით, რომ მწვავედ შეგვეტია და ბუნებრივია, რომ ვრისკავდით კიდეც, მაგრამ ტურინელთა კარში გოლის გატანა ურთულესი მისია აღმოჩნდა. ეს ფეხბურთია, ყოველთვის ვერ მოიგებ და რეალობას თვალებში უნდა ჩავხედოთ".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
უმსგავსი მსაჯობი ბრალია „ბარსას“ გავარდნა. ორივე თამაშში 10-ოდე პნალტი უნდა დაენიშნათ იუვეს კარში ბუფონის ხელით თამაშისთვის!
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული