"ტორინოს" შემადგენლობაში არაერთი ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომლებზეც დიდი მოთხოვნაა, განსაკუთრებით კი, ეს ანდრეა ბელოტიზე ითქმის - 23 წლის თავდამსხმელი "ტოროს" პრეზიდენტმა 100 მილიონ ევროდ შეაფასა. სწორედ "ტორინოს" მფლობელს, ურბანო კაიროს უნდა გადავცეთ სიტყვა, რომელმაც საინტერესო კომენტარები გააკეთა ფეხბურთელებისა და მწვრთნელის შესახებ...
სინიშა მიხაილოვიჩი
მიხაილოვიჩი მაღალი დონის მწვრთნელია, მაგრამ მიმდინარე არადა, გუნდში კარგი შემადგენლობაა შეკრებილი და შეგვეძლო გაცილებით უკეთ ასპარეზობა. იყო თამაშები, როდესაც უბრალოდ შეუჩერებელნი ვიყავით, მაგრამ შემდეგ, მოულოდნელად, ვკარგავდით ქულებს. არაერთი შეხვედრა დავასრულეთ ფრედ, რომლებიც უნდა მოგვეგო. არასტაბილურობა ჩვენი მთავარი პრობლემაა მთელი სეზონის განმავლობაში.
დარჩება თუ არა მიხაილოვიჩი გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე? - დღეს ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს. კლუბის მენეჯმენტის წარმომადგენლებს შევხვდები და ამ თემას განვიხილავთ - თავად მწვრთნელთანაც მექნება საუბარი, რადგან მაინტერესებს, როგორ ხედავს ის გუნდის მომავალს.
ანდრეა ბელოტი
ანდრეა ბელოტით ევროპული გრანდები არიან დაინტერესებულნი და უკვე არაერთი წინადადება მივიღეთ. შედგა შეხვედრა "მანჩესტერ იუნაიტედის" მესვეურებთან და უკვე განვიხილეთ კონკრეტული დეტალები. დღეს გამიჭირდება იმაზე ლაპარაკი, სად გააგრძელებს კარიერას ანდრეა, მაგრამ თუ ის "ტორინოში" დარჩება, მე მხოლოდ გამიხარდება. 100 მილიონი ევრო ის თანხაა, რომლის გადახდაც არაა მარტივი, ჩვენ კი ფასის დაწევას არ ვაპირებთ. ბელოტი პროგრესირებს და დარწმუნებული ვარ, რომ მომდევნო სეზონში კიდევ უკეთესად ითამაშებს. გასათვალისწინებელია თავად ფეხბურთელის სურვილი - ჩემთვის სასიამოვნოა, რომ ანდრეა ტურინში თავს შესანიშნავად გრძნობს და არაერთხელ განაცხადა, რომ "ტორინოში" დარჩენის საწინააღმდეგო არაფერი აქვს.
დავიდე ძაპაკოსტა
ძაპაკოსტა ერთ-ერთი საუკეთესო განაპირა მცველია მთელ ევროპაში და მასზეც დიდი მოთხოვნაა. აქტიურობენ როგორც იტალიური, ისე ინგლისური გუნდები. ვფიქრობ, დავიდეს საბაზრო ღირებულება მინიმუმ, 30 მილიონი ევროა, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩემი სურვილი წამყვანი ფეხბურთელების შენარჩუნებაა. "ტორინო" დიდი ტრადიციების გუნდია, ჩვენ მაღალი მიზნებისთვის უნდა ვიბრძოდეთ და ამიტომ, თუ რომელიმე ფეხბურთელს გავყიდით, იმ ფასად გუნდი კიდევ უფრო უნდა გავაძლიეროთ. ძაპაკოსტა, ბაზელი, ბენასი - მათზე უკვე არაერთი წინადადება მივიღეთ და დარწმუნებული ვარ, ზაფხულში წერილების რაოდენობა გაცილებით მეტი იქნება.
ჯო ჰარტი
ბევრი თვლის, რომ ჯო ჰარტმა ვერ წარმოაჩინა იტალიაში თავი, მაგრამ მე განსხვავებული მოსაზრება მაქვს - ინგლისელმა მინიმალური რაოდენობის შეცდომა დაუშვა და ვერ ვიტყვი, რომ მის გამო თუნდაც ერთი ქულა დავკარგეთ. მხოლოდ ჩემი ნება რომ იყოს, ჰარტს სიამოვნებით გავუხანგრძლივებდი ხელშეკრულებას, მაგრამ აქ ბევრი მხარეა და რა მოხდება, რთული სათქმელია.
ჯოს გადაბირებით "მანჩესტერ იუნაიტედია" დაინტერესებული და ეს მაშინ გავიგე, როდესაც ინგლისური კლუბის მესვეურებს ანდრეა ბელოტიზე ვესაუბრებოდი. რა პოზიცია აქვს თავად მეკარეს? - ის ბედნიერია, რომ "ტორინოში" გადმობარგდა და ახალი გამოცდილება მიიღო. დარწმუნებული ვარ, ტურინში დარჩენის წინააღმდეგი არ არის და ამისთვის მეც მაქსიმუმს გავაკეთებ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"