დიეგო მარადონა "ნაპოლის" მწვრთნელობაზე ოცნებობს

AutoSharing Option
დიეგო მარადონა იტალიური მედიის ხშირი რესპონდენტია - შეგახსენებთ, რომ ლეგენდარულმა არგენტინელმა საფეხბურთო კარიერის საუკეთესო წლები "ნაპოლიში" გაატარა და გუნდის გულშემატკივრები მას დღემდე აღმერთებენ.

მარადონამ "ნაპოლისთან" ერთად, იტალიის ჩემპიონატი და უეფას თასი მოიგო. დიეგომ ყოფილ გუნდზე ისაუბრა და არ დამალა, რომ ერთ მშვენიერ დღეს დიდი სიამოვნებით ჩაუდგებოდა სამხრეთულ გუნდს სათავეში - თუმცა, მივყვეთ თემების მიხედვით...

ნაპოლი მიმდინარე სეზონში
მთლიანობაში, "ნაპოლი" კარგად ასპარეზობს და დიდი იმედი მაქვს, რომ სერია A-ს მეორე ადგილზე დაასრულებს. მაურიციო სარი იტალიაში მხოლოდ "იუვენტუსს" ჩამორჩა, ჩემპიონთა ლიგაზე კი "რეალთან"
დამარცხდა - ტურინელები და მადრიდელები ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშებენ, რადგან საუკეთესო გუნდები ჰყავთ ევროპაში. შესაბამისად, ნეაპოლელების გაკრიტიკება უმადურობა იქნება - ისინი მარტო უძლიერესებს ჩამორჩნენ. თუ გუნდი ზაფხულში გაძლიერდება, მომდევნო სეზონში კიდევ უკეთეს "ნაპოლის" ვიხილავთ.

მწვრთნელად ნეაპოლში
ვიქნები თუ არა ოდესმე "ნაპოლის" მთავარი მწვრთნელი? - თუ ამას გულშემატკივრები და კლუბის მესვეურები მოინდომებენ, დიდი სიამოვნებით. არგენტინაში ჩემი გული "ბოკა ხუნიორსს" ეკუთვნის, ევროპაში კი "ნაპოლის". თუ რამით შევძლებ ნეაპოლური გუნდის დახმარებას, ყველაფრისთვის მზად ვარ. "ნაპოლიში" ფანტასტიკური წლები გავატარე და ჩემთვის ბედნიერება იქნება, თუ გუნდთან ერთად მწვრთნელის რანგში მივაღწევ წარმატებებს.

დე ლაურენტისი
კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს. ყოველთვის სურდა, რომ კლუბის დირექტორთა საბჭოში მემუშავა, მაგრამ ეს შეუძლებელი იყო, რადგან იტალიაში გადასახადებთან დაკავშირებული პრობლემების გამო ჩასვლა და მუშაობა აკრძალული მქონდა. თანაც, სიმართლე გითხრათ, დირექტორობა ჩემი საქმე არაა. დე ლაურენტისი კლუბისთვის ყველაფერს აკეთებს და მის მიმართ მადლობის მეტი არაფერი მეთქმის.

ჰამშიკი
მარეკ ჰამშიკი გუნდის ნამდვილი ლიდერი და კაპიტანია. სხვები წავიდნენ, უკეთესი პირობები და უფრო მეტი შემოსავალი აირჩიეს, ჰამშიკი კი დარჩა და დღემდე "ნაპოლისთვის" თამაშობს. დარწმუნებული ვარ, მარეკს არაერთი წინადადება ჰქონდა და გაცილებით უკეთეს პირობებს სთავაზობდნენ. ამ პერიოდში, "ნაპოლი" დატოვეს ლავეციმ, კავანიმ, იგუაინმა და კიდევ არაერთმა მოთამაშემ, მარეკი კი რჩება - სწორედ ეს არის ჩემთვის ერთგულების და თავდადების მაგალითი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
არ არის შენი საქმე მწვრთნელობა და სახელს მაინც ნუ იფუჭებ.
მიხო
14:27 06-05-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული