[ფანკლუბები] გაიცანით "მილანის" ქართული ფანკლუბი

AutoSharing Option
Sportall.ge აგრძელებს რუბრიკა "ფანკლუბებს", რომლის მიზანია, მორიგეობით გაგაცნოთ საქართველოში არსებული ქართული და უცხოური კლუბების ფანკლუბები - რას საქმიანობენ, როგორ ხდება გაწევრიანება, რა პრივილეგიები აქვთ წევრებს და ა.შ.

დღეს "მილანის" ქართულ ფან-კლუბს წარმოგიდგენთ. მის დაარსებაზე, განვითარებაზე, სამომავლო გეგმებსა და სხვა საინტერესო საკითხებზე მის ლიდერ ვაჟა ხეცურიანს ვესაუბრეთ.

- როდის და რა მიზნით დაფუძნდა ფანკლუბი?
- სამწუხაროდ, საქართველოში არ ვართ განებივრებული მაღალი დონის ფეხბურთით, კლუბები ვერ გადიან საერთაშორისო ტურნირებზე და სხვა მრავალი ფაქტორია აღსანიშნავი.
ამიტომ, ბავშვობიდან, პარალელურ რეჟიმში, გვიწევს უცხოური კლუბების გულშემატკივრობაც.

ამ მიზნით საქართველოში არაერთი საფეხბურთო საიტი შეიქმნა. სწორედ ერთ-ერთი ასეთი საიტიდან დაიწყო ჩვენი ფან-კლუბის მოღვაწეობაც. პირველად, acm.ge-ს დამაარსებელმა, ნიკოლოზ ქშუტაშვილმა გამოიჩინა ინიციატივა, რომ სოციალურ სივრცეში დაწყებული მეგობრობა, რეალურ ურთიერთობებში გადაზრდილიყო და დაგეგმა შეკრება "ინტერის" წინააღმდეგ თამაშის დროს. ეს დაახლოებით, 2010-11 წლების სეზონი იყო. ნიკოლოზის პირველივე ინიციატივა საკმაოდ წარმატებული გამოდგა, მოვიდა დაახლოებით 20-მდე გულშემატკივარი და აქედან დაიწყო ყველაფერი.

- როგორ ვითარდებოდა ფანკლუბი, როგორ იზრდებოდა წევრთა რაოდენობა?
- პირველი შეკრების ვიდეოები და ფოტოები მალე გავრცელდა როგორც საიტზე, ისე სხვადასხვა სოციალურ ქსელში, გაიზარდა დაინტერესება და მეორე შეკრებაზე კიდევ უფრო მეტი ადამიანი მოვიდა, შეკრებებს სისტემატიური ხასიათი მიეცა. ჩვენც ნელ-ნელა ვვითარდებოდით, ვიზრდებოდით და ველოდით რაიმე განსაკუთრებულ შემთხვევას.
Sportall.Ge

საიტის პარალელურად, "ფეისბუკის" აქტიური ჯგუფიც გვქონდა, რომელიც დღემდე განაგრძობს მუშაობას. დროთა განმავლობაში, ფანკლუბის საზღვრები დედაქალაქსაც გასცდა და შეკრებები ქუთაისსა და ბათუმშიც გაიმართა.

გარდა ამისა, სანდრო თორდიას ინიციატივით, ჩამოყალიბდა ფანკლუბის საფეხბურთო გუნდი, რომელიც სისტემატიურად, ყოველკვირეულ რეჟიმში, იკრიბებოდა და ამხანაგურ შეხვედრებს მართავდა საქართველოში არსებულ სხდადასხვა ფან-კლუბებთან, ვმონაწილეობდით სხვადასხვა ტურნირებში. გუნდი დღესაც ფუნქციონირებს.

რაც შეეხება ხსენებულ განსაკუთრებულ მოვლენას, იგი 2013 წლის 31 მაისს დადგა. 2013 წლამდე იმდენად გავითქვით სახელი, რომ კახა კალაძის გაცილებაზე, უკვე ორგანიზებული ფან-კლუბის სახელით მიგვიწვიეს, ბილეთები გადმოგვცეს და ორი სექტორი დაგვითმეს.
Sportall.Ge

ეს ჩვენი ფან-კლუბის ისტორიაში ყველაზე გამოსარჩევი დღე იყო: ისინი, ვისაც ამდენი ხნის განმავლობაში ტელევიზორიდან ვგულშემატკივრობდით, 31-ში ჩვენთან ერთად, "დინამო არანაზე" იმყოფებოდნენ და მათი თამაშის ხილვის საშუალება ჩვენივე სტადიონიდან გვიწევდა. ფანკლუბი აღნიშნულ შეხვედრას იმდენად ორგანიზებულად შეხვდა, რომ ჩვენი კადრები იტალიის რამდენიმე ტელევიზიამაც კი გაუშვა.

31 მაისის საღამოსთვის ფანკლუბის ინტერესების დაცვისა და სხვადასხვა საკითხების ორგანიზებაში უდიდესი წვლილი შეიტანა ჩვენმა ერთ-ერთმა გამორჩეულმა წევრმა, ნანიკო ჯოლოგუამ და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მას.0

კალაძის გაცილების შემდეგ, ფან-კლუბისადმი დაინტერესება კიდევ უფრო გაიზარდა, შემოგვიერთდა უამრავი ახალი წევრი და გულშემატკივართა საერთო რაოდენობამ 2013 წლის ბოლოს, "ფეისბუკის" ჯგუფში 1000-ს გადააჭარბა. იმ დღის შემდეგ, ჩვენი ფანკლუბი ოფიციალურად დარეგისტრირდა საქართველოს იუსტიციის სახლში.

ჩვენი ისტორიის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დღე 2015-16 წლების სეზონის გახსნა იყო, რომელიც ქუთაისში განვახორციელეთ და ამ შეკრებისათვის გულშემატკივრები საქართველოს თითქმის ყველა კუთხიდან ჩამოვიდნენ. გარდა ამისა, 2013 წლიდან მოყოლებული, ყოველი წლის დეკემბერში ვიკრიბებით და "მილანის" დაარსების დღეს აღვნიშნავთ, სადაც ვაჯილდოებთ იმ წელს ფანკლუბის ყველაზე გამორჩეულ წევრებს სხვადასხვა ნომინაციებში.
Sportall.Ge

Sportall.Ge

- დღეს რამდენი ხართ?

- ჩვენს საიტს ყოველდღიურად დაახლოებით 2000 მნახველი ჰყავს, ხოლო "ფეისბუკის" ჯგუფში ამ მომენტისთვის, ზუსტად 2422 ადამიანია. ჩვენთან აქტიურობით მანდილოსნებიც გამოირჩევიან და ამ მხრივ, შემიძლია ჟანა ჩაკვეტაძე და სოფო ერქვანია აღვნიშნო, რომლებიც დაარსების დღიდან მოყოლებული აქტიურად მონაწილეობენ ჩვენი ყველა ღონისძიების დაგეგმვაში.
Sportall.Ge

- კლუბთან, ფეხბურთელებთან და ადგილობრივ ფანკლუბთან უშუალო კონტაქტი თუ გაქვთ?
- კლუბის მოთამაშეებთან პირველი კონტაქტი კალაძის გაცილების დროს მოხდა. სამწუხაროდ, ამ მიმართულებით განსაკუთრებული ამ ეტაპზე არაფერია, თუმცა აღნიშნულ საკითხზე აქტიურად ვმუშაობთ.

სამწუხაროდ, "მილანს", სხვა კლუბებისაგან განსხვავებით, არ აქვს საერთაშორისო ფანკლუბების გაერთიანება, თუმცა აქტიური კონტაქტი გვაქვს თითქმის ყველა ცნობილი უცხოური (არაიტალიური) ფანკლუბების წარმომადგენლებთან, განსაკუთრებით ჩვენი ქვეყნის მეზობლებთან და იმედი გვაქვს, ძალიან მალე ერთობლივ ვიზიტსაც განვახორციელებთ "სან სიროზე".

- კლუბის შედეგები ბოლო რამდენიმე წელია მთლად კარგი ვერ არის. ეს ფანკლუბზე რაიმე ფორმით მოქმედებს?
- ცხადია, მოქმედებს. ფანკლუბის აქტიურობის პიკი "მილანის" დაღმასვლას დაემთხვა და, გარკვეულწილად. უარყოფითი შედეგებიც გამოიღო. მაგალითად, შემცირდა შეკრებათა რაოდენობა, რადგან ვეღარ ვხვდებით ჩემპიონთა ლიგაზე. გარდა ამისა, პრობლემატურია მომავალი თაობის დაინტერესება "მილანისადმი", რადგან ვერ ხედავენ მის რიგებში სუპერვარსკვლავს, რომელიც საჭიროა ისეთი ბავშვების მოსაზიდად, რომელთაც ფეხბურთის ყურება ახლახანს დაიწყეს.

პირადი გამოცდილებიდან, კლუბის გულშემატკივრობა პაოლო მალდინის გამო დავიწყე, დღეს კი ამგვარი მოთამაშეები "მილანში" აღარ არიან, თუმცა ჩინელების მოსვლამ ახალი იმედები გააჩინა.

მიუხედავად რთული სიტუაციისა, ფან-კლუბის მაინც განაგრძობს შეკრებებს სამივე ქალაში, კვლავაც აქტიურია საიტი და ჯგუფი.

- თქვენთან გაწევრიანება ფასიანია თუ უფასო?
- ჩვენთან გაწევრიანება უფასოა და არც სხვა ბარიერი არსებობს. არც ასაკობრივი ზღვარია დაწესებული. ერთადერთი პირობა "მილანისა" და ფეხბურთის სიყვარულია. ისე კი, ყოველთვიურ შემონატანზე ვფიქრობთ. ჯერჯერობით არც ეს გვაქვს, თუმცა უახლოეს მომავალში ვაპირებთ, რადგან ვფიქრობთ, რომ აღნიშნული ინიციატივა დაეხმარება ფან-კლუბს განვითარებაში.

- სამომავლო გეგმები როგორია? ხომ არ გეგმავთ კლუბისთვის თხოვნას, რომ ფანკლუბს ოფიციალური სტატუსი მიანიჭონ?
- ვიზალიბერალიზაციის წყალობით, უახლოეს მომავალში "დერბიზე" ჩასვლას ვგეგმავთ. იქვე მოხდება შეხვედრა "მილანის" ოფიციალური ფანკლუბის წარმომადგენლებთან, ვისთანაც განხილული იქნება სამომავლო ურთიერთობების საკითხები, მათ შორის, ჩვენთვის ოფიციალური სტატუსის მინიჭების თემაც.

აგრეთვე, ვაპირებთ ფანკლუბის სამკერდე ნიშნების დამზადებასა და ახალი მაისურების შეკვეთას, რადგან პირველად ისინი 2013 წელს დავამზადეთ და დღეისათვის ბევრი ახალი წევრი გვთხოვს განმეორებას.

- ქართულ ფეხბურთთან თუ გაქვთ შეხება?
- ოფიციალურად, ქართული გუნდის არცერთ ფანკლუბთან არ ვთანამშრომლობთ, თუმცა ჩვენი ზოგიერთი წევრი, აქტიურადაა ჩართული ქართული კლუბების ფანკლუბების მოღვაწეობაში.

ასევე ვთანამშრომლობთ იტალიის ნაკრების ქართულ ფან-კლუბთან. ერთობლივ შეკრებებს ვმართავთ არაერთ უცხოური კლუბის ქართულ ფანკლუბებთან.
Sportall.Ge

აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ფანკლუბი სისტემატიურად და ორგანიზებულად ვესწრებით საქართველოს ეროვნული ნაკრების (რაგბი, ფეხბურთი, კალათბურთი) თითქმის ყველა მატჩს.
მკითხველის კომენტარები / 14 /
მარაზმია აბა რა ქართულ გუნდებს არ ყავთ ფანკლუბი თუ ეგრე გიყვარს ფებურთი რამე აქციები მოიფფიქრეთ ქართული ფეხბურთის დასახმარებლად.....ეს ყველაფერი არის უსაქმურობის და უმუშევრობის შედეგი, ხალხი საკუთარი ცხოვრებით და საკუთარი ქვეყნის ცხოვრებით არ ცხოვრობს!
dato
11:22 15-05-2017
0
აქციებზე და მიტინგებზე რომ გადის აზროვნება, იმიტომაა აყვავებული ქვეყანა. უსაქმურობას რაც შეეხება, სტატის წაკითხვის შემდეგ მე პირიქით დამრჩა შთაბეჭდილება.
პასუხი dato-ს
13:33 15-05-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული