მასიმო ალეგრი: გადამწყვეტი "ლაციოსთან" თამაში იყო, როცა გუნდი ახლებურად გადავაწყვე

AutoSharing Option
"იუვენტუსი" იტალიის ჩემპიონია - ტურინულმა გრანდმა ზედიზედ მე-6, სულ კი 33-ე სკუდეტო მოიგო. აქვე ვთქვათ, რომ თვითონ ტურინელები 35-ე სკუდეტოს ზეიმობენ, თუმცა ორი საჩემპიონო ტიტული კალჩოპოლის პროცესების გამო მათ ჩამორთმეული აქვთ. ამასთან, "ვეკია სენიორა" პირველი გუნდია ევროპის წამყვან საფეხბურთო ქვეყნებში, რომელმაც ზედიზედ სამჯერ მოიგო როგორც ჩემპიონატი, ისე თასი. "იუვეს" ბრწყინვალე დროება უდგას - ამ გუნდმა ახალი ფურცელი ჩაწერა თავის მდიდარ ისტორიაში...

"იუვეს" შემადგენლობაში 6 ფეხბურთელია, რომლებმაც 6-ვე ტრიუმფალურ სეზონში მიიღეს მონაწილეობა: შტეფან ლიხტშტაინერი, ანდრეა ბარძალი, ლეონარდო ბონუჩი, ჯორჯო კიელინი, კლაუდიო
მარკიზიო და ჯანლუიჯი ბუფონი. ჯიჯისთვის რიგით მე-8 საჩემპიონო ტიტულია - ლეგენდარული მეკარე 2002 და 2003 წლებშიც გაპირველდა - ამასთან, ისევე, როგორც "იუვენტუსს", ჯიჯისაც ჩამოერთვა ორი საჩემპიონო მედალი და რომ არა კალჩოპოლი, ის 10-გზის ჩემპიონი იქნებოდა.

იტალიური სპორტული მედიის მთავარი თემა "იუვენტუსის" მორიგი ტრიუმფია - ბუნებრივია, რომ მედიაში არაერთი კომენტარი გავრცელდა, ყურადღების ცენტრში კი ტურინული გრანდის მწვრთნელ-ფეხბურთელები არიან...

მასიმილიანო ალეგრი ("იუვენტუსის" მწვრთნელი): "პირველ რიგში, მინდა ფეხბურთელებს მივულოცო, რომლებმაც საოცარი სეზონი ჩაატარეს და გუნდის ისტორიაში ახალი ფურცელი ჩაწერეს. მათ კიდევ ერთხელ მოიგეს სკუდეტო და ეს საოცარი განცდაა. სეზონის გადამწყვეტი მომენტი? - "ლაციოსთან" მატჩი, როდესაც ახალ სქემაზე გადავედით და ახლებურად ავთამაშდით. ვხედავდი, რომ გავიჭედეთ და ქულების მოპოვება სულ უფრო გვირთულდებოდა - თითქოს, ჩიხში შევედით და გამოსავალი უნდა მოგვეძებნა - რამდენიმე დღე ვიფიქრე და ბოლოს, გუნდი 4-2-3-1-ზე გადავაწყვე, რამაც სრულად გაამართლა; ჩვენ ვნახეთ ახალი "იუვენტუსი", რომელიც მზად იყო ნებისმიერი ამოცანის გადასაჭრელად.

ამიტომ ვამბობ, რომ მწვრთნელს არსენალში ყოველთვის უნდა ჰქონდეს რამდენიმე ტაქტიკური მონახაზი. მოტივაციის გარეშე წარმატების მიღწევა შეუძლებელია - მესამე სეზონია, რაც ერთბაშად სამ ფრონტზე ვიბრძვით და თითოეული მატჩი დიდ ძალისხმევად გვიჯდება. ასეთ დროს, უდიდესი მოტივაცია და მოგების ჟინი უნდა გამოძრავებდეს. თუ ჩემპიონატის მეორე გუნდი 87 ქულას აგროვებს, ხოლო მესამე 86-ს, ეს იმას ნიშნავს, რომ შეცდომის უფლება არ გაქვს და მთელი სეზონი ჩავარდნის გარეშე უნდა განვლო - წინააღმდეგ შემთხვევაში, ფიასკო გარდაუვალია. საბედნიეროდ, დასახულ მიზანს მივაღწიეთ და ჩვენ ჩემპიონები ვართ".

ჯანლუიჯი ბუფონი (იუვენტუსი): "ზედიზედ 6-ჯერ მოგებული სკუდეტო მართლაც გასაოცარ ემოციებს იწვევს. ეს ფენომენალური მიღწევაა, რომლითაც შეგვიძლია ვიამაყოთ. მადლობა გულშემატკივრებს, რომლებიც ყოველთვის ჩვენ გვერდით არიან. ბევრი ფიქრობს, რომ სკუდეტოს ადვილად ვიგებთ, მაგრამ ასე ნამდვილად არაა - უბრძოლველად არავინ არაფერს თმობს და პირიქით, ჩვენ წინააღმდეგ ყველა გაორმაგებული ძალით თამაშობს. ჩემპიონატის დაწყებამდე ყველა გუნდი თანაბარ პირობებშია, გამარჯვება კი უძლიერესს რჩება.

ბევრს არ უყვარს "იუვენტუსი", ბევრს არ სურდა ჩვენი ჩემპიონობა, მაგრამ ეს ნორმალურია და ამაში გასაკვირი არაფერია - ძლიერებს ყოველთვის ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავთ. ბედნიერი ვარ, რომ ამ დიდი ისტორიის ნაწილი ვარ და იმედია, არანაკლებ მნიშვნელოვანი გამარჯვება წინ გველოდება. მოვიგეთ იტალიის თასი, მოვიგეთ ჩემპიონატი, წინ კი ჩემპიონთა ლიგის ფინალია. ველოდები თუ არა "ოქროს ბურთს"? - სიმართლე გითხრათ, ამაზე არ ვფიქრობ. ჩემთვის მთავარი სეზონის ტრიპლეტით დასრულებაა, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს - თუ "ოქროს ბურთს" დავიმსახურებ, ეს ძალიან გამახარებს, მაგრამ საჩუქარი არ მჭირდება".

ჯორჯო კიელინი (იუვენტუსი): "ჩვენ ისტორია დავწერეთ, რომლითაც შეგვიძლია ვიამაყოთ. "იუვენტუსის" მიმართ თითოეული გუნდი განსაკუთრებულად მონდომებულია, მაგრამ ჩვენ ამისთვის მზად აღმოვჩნდით.

მადლობა თანაგუნდელებს, მწვრთნელს და რა თქმა უნდა, გულშემატკივრებს. ბედნიერი ვარ და რთულია, არ იზეიმო, როდესაც მოგებული გაქვს როგორც იტალიის თასი, ისე ჩემპიონატი - თუმცა, თავშეკავება გვმართებს, რადგან სეზონი ჯერ არ დამთავრებულა - წინ ყველაზე მთავარი მატჩია, რომელშიც აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ. ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა - ტიფოზები ამას იმსახურებენ".

გონსალო იგუაინი (იუვენტუსი): "არასდროს მინანია, რომ "იუვენტუსში" გადმოვედი - ტურინში ბრწყინვალე გარემო დამხვდა და ერთ მუშტად შეკრული გუნდი, რომელსაც ნებისმიერი ამოცანის გადაჭრა შეუძლია. ჩვენ უკვე დუბლი შევასრულეთ და მესამე ტიტულს ვუმიზნებთ - სწორედ ამისთვის გადმოვედი ტურინულ გრანდში. უკან ბევრი თამაში მოვიტოვეთ, მაგრამ დაღლის უფლება არ გვაქვს - წინ კიდევ ერთი და უმნიშვნელოვანესი თამაშია. გვაქვს ოცნება და მიზანი, რომელსაც უნდა მივაღწიოთ".

ანდრეა ანიელი ("იუვენტუსის" პრეზიდენტი): "ეს არის გზა, რომელიც წლების წინ დავიწყეთ და რომელმაც უკვე დიდი სიხარული მოგვანიჭა. ზედიზედ 6 სკუდეტო და მიჯრით მოპოვებული იტალიური დუბლი - ეს საოცარი მიღწევაა, რომელიც ძალას და ენერგიას გვმატებს, რომ კიდევ უკეთესად გავაგრძელოთ. დიახ, ჩვენ გვჭირდება საერთაშორისო ტიტული და ამიტომ 3 ივნისის მატჩს განსაკუთრებულად ველოდებით".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
აი ბიჭო რატომღაც მგონია რო რეალი მოიგებს...აი რატო მგონია არ ვიცი...ისე ეს იუვე მზადაა ყველაფრის მოსაგებად (აშკარად "პიკი" სეზონი აქვთ).
demetre
16:17 23-05-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული