მოკლედ, მონჩის კომენტარმა დაბნეულობა გამოიწვია, თუმცა ჟურნალისტებს ჯერჯერობით, არავითარი ინფორმაცია არ აქვთ - ესეც ერთობ გასაკვირი ამბავია, რადგან, როგორც წესი, იტალიაში არაფერი იმალება. მოვუსმინოთ მონჩის...
ლუჩანო სპალეტი
ჩვენ გვინდოდა ლუჩანო სპალეტის შენარჩუნება, მაგრამ ვიცოდით, რომ მოლაპარაკება რთულად წარიმართებოდა და ამიტომ, პარალელურად, სხვა მწვრთნელს ვეძებდით. სპალეტი შესანიშნავი მწვრთნელი და კარგი ადამიანია, თუმცა ვერ მოვახერხეთ შეთანხმება. აზრთა სხვადასხვაობა ძირითადად ფინანსურ საკითხებს ეხებოდა, თუმცა არ დავკონკრეტდები. არ ვიცი, სად გააგრძელებს კარიერას ლუჩანო, მაგრამ მინდა მას წარმატება ვუსურვო, რადგან ამას იმსახურებს.
ახალი მწვრთნელი
ჩვენ უკვე შევარჩიეთ მწვრთნელი, რომელთანაც მოლაპარაკება აქტიურად მიმდინარეობს. გუნდს სჭირდება სპეციალისტი, რომელსაც გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს და რომელმაც იცის, როგორ მოიგოს დიდი თამაშები. მოლაპარაკება წარმატებით მიმდინარეობს და ყველა კითხვას მალე გაეცემა პასუხი. თუმცა, წინასწარ ვერაფერს მათქმევინებთ.
ფრანჩესკო ტოტი
გავრცელდა ხმები, რომ ფრანჩესკო ტოტი კარიერის დასრულებას არ აპირებს და თუ ეს მართლაც ასეა, დიდი წარმატება მინდა ვუსურვო. შესაძლოა, ამერიკაში გადაბარგდეს, სადაც ვეტერანებისთვის იდეალური გარემოა. ნებისმიერ შემთხვევაში, ტოტისთვის "რომას" კარი ღიაა და ყოველთვის ღია იქნება. ადრე თუ გვიან, მან აუცილებლად უნდა იმუშაოს მშობლიური კლუბის საკეთილდღეოდ.
რომაული მიზნები
"სევილია" იმიტომ დავტოვე, რომ ახალი გამოწვევა მჭირდებოდა. რომი დიდებული ქალაქია და ბედნიერი ვარ, რომ მოვხვდი იქ, სადაც ფეხბურთი სიგიჟემდე უყვართ. ჩვენ დიდი გეგმები გვაქვს და ვპირდები გულშემატკივრებს, რომ "ჯალოროსი" განვითარების ახალ ეტაპზე ავა - ჩვენი გულშემატკივრები იმსახურებენ "რომას", რომელიც მხოლოდ უმაღლესი მიზნებისთვის იბრძვის არა მარტო იტალიაში, ევროპაშიც.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"