ეუსებიო დი ფრანჩესკო უკვე "რომას" მწვრთნელია, მაგრამ...

AutoSharing Option
ეუსებიო დი ფრანჩესკო ოფიციალურად გახდა "რომას" მწვრთნელი. 48 წლის სპეციალისტმა "ჯალოროსისთან" 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, თუმცა კუდი მაინც დარჩა - "რომა" და "სასუოლო", ჯერჯერობით, ვერ რიგდებიან კომპენსაციაზე, რომელიც "ნეროვერდისა" (მწვანე და შავი ხომ "სასუოლოს" ფერებია) და მწვრთნელს შორის გაფორმებული კონტრაქტის მიხედვით... 10 მილიონ ევროს შეადგენს.

ზოგიერთი ვერსიით, შესაძლოა, ამ პრობლემამ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს "რომასა" და მის ყოფილ ნახევარმცველს შორის მიღწეული შეთანხმება, მაგრამ "გაძეტა დელო სპორტს" ამის არ სჯერა.

პოპულარული გამოცემის მტკიცებით, გარიგების ჩაშლა წარმოუდგენელია, რადგან დი ფრანჩესკო და "ჯალოროსის" ახალი
სპორტული დირექტორი მონჩი (იგივე რამონ როდრიგეს ვერდეხო, რომელმაც "სევილიაში" ნაყოფიერი მუშაობით გაითქვა სახელი) უკვე ხაზავენ ახალი სეზონის კონტურებს, განიხილავენ შესაძლო ტრანსფერებს და ასე შემდეგ...

ესეც არ იყოს, სინიორ ეუსებიოს უკვე შეგულებული ჰყავს ის ხალხი, ვინც მის შტაბში იმუშავებს - ასისტენტი ფრანჩესკო ტომეი, ტექნიკური მწვრთნელი დანილო პიერინი და ფიზმომზადების სპეციალისტი ნიკანდრო ვიცოკო.

შეგახსენებთ, რომ დი ფრანჩესკო "რომაში" 1997-2001 წლებში თამაშობდა (168, 14 გოლი) და ფაბიო კაპელოს თავკაცობით სკუდეტოც მოიგო 2000/01 წლების სეზონში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული