"მილანის" ბოლო წლების ისტორია ერთი დიდი წარუმატებლობის ისტორიაა. ერთადერთი ნათელი წერტილი გახლდათ თინეიჯერი გოლკიპერის, ჯანლუიჯი დონარუმას გამობრწყინება. მართლაც ზღაპარს ჰგავდა ისტორია 16 წლის ბიჭის შესახებ, ვინც ძირითად გუნდში დამკვიდრდა.
გაჩნდა შეგრძნება, რომ ახალი, დიდი "მილანი" სწორედ დონარუმას გარეშე უნდა აშენებულიყო. ის გახდა "მილანისტების" ყველაზე თამამი ოცნების
ახლა ეს ყველა ოცნება დაინგრა. ეს მას შემდეგ, რაც კლუბმა გამოაცხადა, რომ მინო რაიოლამ მათ აცნობა: დონარუმას არ სურს კლუბთან ახალი კონტრაქტის გაფორმება. დიდი ალბათობით, დონარუმა 12 თვის შემდეგ დატოვებს "მილანს". ეს ის ვადაა, როცა კლუბსა და მეკარეს შორის კონტრაქტის ვადა იწურება.
მას შემდეგ, რაც ეს ამბავი გაცხადდა, ფანებმა და საზოგადოებამ რაიოლას როლი მიმდინარე პროცესებში ზედმეტად გააბუქა. ეს, ალბათ, ფეხბურთელის ასაკიდან გამომდინარეობდა. დონარუმა ჯერ მხოლოდ 18 წლისაა. რაიოლა კი სუპერაგენტია, რომელიც სხვადასხვა დროს წარმატებით თანამშრომლობდა და თანამშრომლობს ისეთ ვარსკვლავებთან, როგორებიც არიან ზლატან იბრაჰიმოვიჩი, მარიო ბალოტელი, პოლ პოგბა და ჰენრიხ მხითარიანი. მისი კავშირებიც დიდია და გავლენაც.
არადა, რაიოლა სინამდვილეში ყოველთვის კარგს აკეთებს ფეხბურთელებისათვის და იცავს მათ კლუბის ადმინისტრაციის მიერ დაშვებული შეცდომებისაგან. მან დიდი ფული იშოვა ტრანსფერებიდან, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ის განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ტალანტების აღმოჩენას და მერე ყველაფერს აკეთებს მათი სწორი განვითარებისათვის.
რა თქმა უნდა, მორალური თვალსაზრისით, შეიძლება გაჩნდეს კითხვები რაიოლას მიმართ, მაგრამ ასეთი კითხვები შეიძლება გაჩნდეს ნებისმიერი აგენტის მიმართ. თანაც, ყველა ფეხბურთელს ურჩევნია, მინოსნაირი აგენტი ჰყავდეს. ის ყოველთვის ითვალისწინებს ფეხბურთელის აზრს და მხოლოდ კლუბების დონეზე მოლაპარაკებით არ ადგამს თავს გარიგებას.
ეს ერთი მხარეა, მაგრამ "მილანის" იმ ფანებისათვის, რომლებიც კლუბის მომავალზე ზრუნავენ, ეს ტრანსფერი გულში დანის ჩარტყმის ტოლფასი გახლდათ. რა თქმა უნდა, ისეთი მონსტრები, როგორებიც არიან "პარი სენ-ჟერმენი", "მანჩესტერი"და "რეალი", ყველაფერს გააკეთებენ ტალანტის გადასაბირებლად. ასეთ შემთხვევაში "მილანს" აშკარად გაუჭირდება სახის შენარჩუნება.
სამწუხაროდ, იტალიის ჩემპიონატის რეპუტაცია ბოლო დროს იმანაც დასცა, რომ აღარ დარჩნენ ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც იყვნენ პაოლო მალდინი, ფრანკო ბარეზი, ალესანდრო კოსტაკურტა, ხავიერ ძანეტი და ბოლოს წასული ფრანჩესკო ტოტი. დარჩა მხოლოდ ჯიჯი ბუფონი. წესით, ის 12 თვეში უნდა წავიდეს და მისი წასვლით დიდი და განსაკუთრებული წიგნი დაიხურება.
დონარუმას ყველა პირობა ჰქონდა, რომ ფეხბურთის ისტორიაში შესულიყო, როგორც ერთგული ლეგენდა, მაგრამ ალბათ ის ისე დარჩება ისტორიას, როგორც კლასიკური თანამედროვე ფეხბურთელი. ამავე დროს, მას თავისუფლად შეუძლია, თავისი თაობის ლიდერი იყოს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"