"რომა": შემდგარი და მოსალოდნელი ტრანსფერები

AutoSharing Option
"რომას" მიზანი მომავალ სეზონში იტალიის ჩემპიონობა იქნება. ამის თაობაზე კლუბის ხელმძღვანელობა უკვე დაუფარავად აცხადებს. რა თქმა უნდა, ამას შესაბამისი საკადრო გაძლიერება სჭირდება. გარდა ამისა, კლუბის ხელმძღვანელობამ უნდა შეძლოს ძირითადი ბირთვის შენარჩუნება.

მოჰამედ სალაჰი უკვე წავიდა, თუმცა საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ იტალიური გრანდი სხვა ლიდერებს შეინარჩუნებს. ამასთან, რომაელები კვალიფიციური კადრებითაც ძლიერდებიან. პროცესი უკვე დაიწყო.

შემდგარი ტრანსფერები
მომავალი სეზონიდან გუნდის ღირსებას დაიცავს ჰოლანდიის ნაკრების 22 წლის მარჯვენა მცველი რიკ კარსდორფი. ვინც "ფეიენოორდის" საჩემპიონო სეზონს ადევნა თვალი, დაგვეთანხმება, რომ ეს ახალგაზრდა ფეხბურთელი
შესანიშნავად გამოიყურებოდა. ის საუცხოოდ ასრულებდა თავის უშუალო ფუნქციებს და ამასთან ერთად, აქტიურად ერთვებოდა შეტევებში. ის ისეთი ყაიდის მოთამაშეა, რომ ბოლომდე უნდა მოერგოს რომაულ კლუბს. მას რომში ადაპტაციას თანამემამულე კევინ სტროტმანი გაუადვილებს.

კიდევ ერთი სოლიდური ნაბიჯი დაცვის გაძლიერებისაკენ: "რომაში" ჩაირიცხა "ეინდჰოვენის" ცენტრალური მცველი, 29 წლის ექტორ მორენო. ბოლო წლებში ამ ფეხბურთელის გარეშე მექსიკის ნაკრების წარმოდგენა უბრალოდ შეუძლებელია. მას აქვს ესპანურ პრიმერაში ასპარეზობის გამოცდილება, სადაც "ესპანიოლის" ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი გახლდათ.

მოსალოდნელი ტრანსფერები
მას შემდეგ, რაც კარიერა დაასრულა ფრანჩესკო ტოტიმ და "ლივერპულში" წავიდა მოჰამედ სალაჰი, გუნდის წინა ხაზს აუცილებლად სჭირდება ახალი და კვალიფიციური ფეხბურთელები. იტალიური საინფორმაციო საშუალებები იტყობინებიან, რომ "რომა" კონტრაქტს სთავაზობს "აიაქსის" ვუნდერკინდს, 19 წლის კასპერ დოლბერგს. დანიელი ფენომენის აგენტი შეთავაზებას უარყოფს, მაგრამ იმასაც დასძენს, რომ მისი კლიენტისათვის "რომაში" კარიერის გაგრძელება ძალიან კარგი იქნება.

დოლბერგს დიდებული სეზონი ჰქონდა. მან შესანიშნავად ითამაშა როგორც ჰოლანდიის ჩემპიონატში, ისე ევროპალიგაზე. მისი დიდი დამსახურება იყო, ყველასათვის მოულოდნელად, ჰოლანდიური კლუბი ევროპის რანგით მეორე ტურნირის ფინალამდე რომ მივიდა.

რიგში დგას ასევე 28 წლის გამოცდილი ცენტრალური ნახევარმცველი მაქსიმ გონალონი. ის "ლიონის" ერთ-ერთი ლიდერთაგანია. თითქოს, "რომას" მინდვრის ცენტრში არ აკლია კვალიფიციური შემსრულებლები, მაგრამ თუ დე როსის ასაკს გავითვალისწინებთ, "ახალი სისხლი" აუცილებლად საჭიროა.

ამასთან ერთად, რომაელებს 27 წლის სტევან იოვეტიჩის გადაბირება სურთ. იოვეტიჩმა დასრულებული სეზონი იჯარის წესით "სევილიაში" გაატარა. მართალია, ის მთელ რიგ მატჩებში კარგი იყო, მაგრამ ბოლომდე ვერ გაიხსნა.

ფეხბურთელი კონტრაქტით "ინტერის" კუთვნილებაა. "სევილიაში" კი უკვე შეეგუენ იმას, რომ მომავალ სეზონში მონტენეგროელი მათთან აღარ ითამაშებს. ამის დასტური უნდა იყოს გუნდში "ინტერიდან" არგენტინელი ევერ ბანეგას დაბრუნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული