აურელიო დე ლაურენტისი: "ნაპოლისთვის" სკუდეტოს დროა

AutoSharing Option
სატრანსფერო ბაზარზე "ნაპოლი" პასიურობს, რაც, რა თქმა უნდა იტალიელ სპორტულ ჟურნალისტებს არ გამოპარვიათ. ამ და სხვა საინტერესო თემებზე მედიას ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ესაუბრა.

ტრანსფერები
ჩვენი უმთავრესი მიზანი წამყვანი ფეხბურთელების შენარჩუნება იყო, რასაც ვახერხებთ. "ნაპოლი" კარგად დაკომპლექტებული გუნდია და ჩვენს წამყვან ფეხბურთელებზე დიდი მოთხოვნაა.

არ არის ადვილი იტალიის ჩემპონატის საუკეთესო მცველის კალიდუ კულიბალის, ნახევარმცველის მარეკ ჰამშიკის და თავდამსხმელის დრის მერტენსის შენარჩუნება.

მით უმეტეს, ამ ფეხბურთელებს ინგლისური და აზიური კლუბები კოლოსალურ ხელფასებს სთავაზობენ. შევინარჩუნეთ ლორენცო ინსინიე, რომლის მიმათაც ასევე
არაერთი კლუბი იჩენდა ინტერესს - ინსინიე გუნდის სიმბოლოა და მჯერა, რომ კარიერას ნეაპოლში დაასრულებს. ჩვენ კარგად შეთამაშებული გუნდი გვყავს - ესაა მთავარი და მომდევნო სეზონში უმაღლესი მიზნისთვის ვიბრძოლებთ...

სკუდეტო
ვფიქრობ, დადგა დრო, როდესაც სკუდეტოსთვის რეალურად უნდა ვიბრძოლოთ და იტალიის ჩემოიონები გავხდეთ. მაურიციო სარი შესანიშნავად მუშაობს - მასთან ურთიერთობა ფეხბურთელებისთვის კომფორტულია, გუნდი ერთ მუშტადაა შეკრული და ეს ერთობა შედეგს აუცილებლად მოიტანს.

ჩემი აზრით, მომდევნო სეზონში საჩემპიონო გუნდი გვეყოლება და ეს გადაჭარბებული მოლოდინი ნამდვილად არაა. შემადგენლობასაც რომ გადავხედოთ, გვაქვს იმის რესურსი რომ "ნაპოლის" გულშემატკივრებს ოცნება ავუსრულოთ.

მომდევნო სეზონში, ჩვენი უმთავრესი მიზანი სკუდეტოს მოგება იქნება, თუმცა არც ჩემპიონთა ლიგა უნდა დავივიწყოთ - ბევრი ვიბრძოლეთ ევროპის უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირზე მოსახვედრად...

კონკურენტები
უმთავრესი კონკურენტი "იუვენტუსია", რომელმაც შესაძლოა ორ-სამი წამყვანი ფეხბურთელი დაკარგოს, მაგრამ დანაკლისს აუცილებლად შეავსებს. "იუვე" 6 წელია, ჩემპიონი ხდება და ისევ ფავორიტად უნდა მივიჩნიოთ. თუ ჩემპიონთა ლიგის ფინალს არ ჩავთვლით, ტურინელებმა მთელი გასული სეზონი უმაღლეს დონეზე ჩაატარეს და ეს უნდა ვაღიაროთ.

რა შეგვიძლია დავუპირისპიროთ "იუვენტუსს"? - სკუდეტოს ბედი "იუვესთან" ურთიერთშეხვედრები არ გადაწყდება - ჩვენი მიზანი სტაბილურად მაღალ დონეზე ასპარეზობაა მთელი სეზონის განმავლობაში და მხოლოდ ასე შეიძლება უმაღლესი მიზნის მიღწევა.

სერია A
უკვე დიდი ხანია ვიძახი, რომ სერია A-ში ცვლილებებია საჭირო. ჩემი აზრით, აუცილებად უნდა შემცირდეს გუნდების რაოდენობა. ჩემი ნება რომ იყოს, იტალიის ელიტარულ ლიგაში მხოლოდ 16 გუნდს დავტოვებდი.

ასე ბევრად უფრო დაძაბული ჩემპიონატი გვექნებოდა და საერთო დონე გაცილებით ამაღლდებოდა. თითქმის ყველა ტურში უმაღლესი დონის შეხვედრებს ვნახავდით და ეს მხოლოდ გაზრდიდა ტურნირის მიმართ გულშემატკივართა ინტერესს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული