მილანი: ალეგრი ოფიციალურად

AutoSharing Option
"მილანს" ახალი მწვრთნელი ჰყავს. როგორც მოსალოდნელი იყო, ვაკანტურ პოსტზე დაინიშნა მასიმილიანო ალეგრი, რომელმაც ლეონარდო შეცვალა. ეს გახლავთ ახალი თაობის სპეციალისტი, რომელმაც ერთი წლის წინ "ოქროს სკამი" (სერია A-ს საუკეთესო მწვრთნელისთვის დაწესებული ჯილდო) გადაეცა.
42 წლის ალეგრი გასულ სეზონში "კალიარის" წვრთნიდა. სარდინიულ კლუბში ის 2008 წლის ზაფხულში დაინიშნა. ეს იყო მისი პირველი სეზონი უმაღლეს დონეზე. მიუხედავად გამოცდილების დეფიციტისა, ალეგრიმ "კალიარი" მე-7 ადგილზე გაიყვანა, მაშინ, როცა პირველ წრეში გუნდი უმძიმეს მდგომარეობაში იყო და გავარდნის უპირველეს კანდიდატად ითვლებოდა. ისიც უნდა ითქვას, რომ ბოლო
სეზონში ის ჩემპიონატის დასრულებამდე 5 ტურით ადრე გაათავისუფლეს. ერთი მხრივ, ამის მიზეზი იყო 9 მატჩში განცდილი 7 მარცხი, ხოლო მეორე მხრივ, ფარული მოლაპარაკების მცდელობა "მილანთან", რამაც "კალიარის" ხელმძღვანელობა უკიდურესად აღაშფოთა.
ალეგრიმ "როსონერისთან" 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ფათიჰ თერიმის შემდეგ (2001) ის "მილანის" პირველი მწვრთნელია, რომელსაც ფეხბურთელობის ჟამს ამ კლუბში არ უთამაშია.
ლაწა წიკლაური


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული