"იუვეს" ჰუმელსი მოსწონს

AutoSharing Option
"იუვენტუსმა" სეზონი კარგად დაიწყო. ერთი კვირის წინ კი, ტურინელებმა სულაც იტალიის მოქმედი ჩემპიონი "მილანი" დაამარცხეს და პირველ ადგილზე პოზიციები გაიმყარეს.

მიუხედავად ამისა, "ბებერი ქალბატონის" მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე თავისი შეგირდების თამაშით ბოლომდე კმაყოფილი მაინც არაა და ზამთრის სატრანსფერო პერიოდში გუნდის კიდევ უფრო გაძლიერებაზე ფიქრობს.

კონტე არ მალავს, რომ მისი აზრით გაძლიერებას პირველ რიგში "იუვეს" დაცვის ხაზი საჭიროებს. "მილანთან" შეხვედრაში კონტემ ჯორჯო კიელინი დაცვის მარცხენა ფლანგზე ათამაშა, რითაც ფაქტობრივად დაადასტურა, რომ ურჩევნია, ეს უკანასკნელი ყოველთვის მარცხენა მცველად ათამაშოს.

შესაბამისად, დაცვის ცენტრისთვის
მას მხოლოდ ორი ფეხბურთელი, ანრეა ბარძალი და ლეონარდო ბონუჩი რჩება, რაც იმას ნიშნავს, რომ ზამთარში ტურინელებს ახალი ცენტრალური მცველი დასჭირდებათ.

დღემდე, "იუვენტუსში" გადასვლის კანდიდატად "სან პაულოს" უკანახაზელი ლუის როდოლფო განიხილებოდა და იტალიური პრესის მტკიცებით, ტურინელები მზად იყვნენ, 25 წლის ბრაზილიელში 9 მილიონი ევრო გადაეხადათ.

ახლა კი, "გაძეტა დელო სპორტი" იუწყება, რომ "იუვენტუსის" სასურველ მცველთა სიაში პირველი დორტმუნდის "ბორუსიას" და გერმანიის ნაკრების 22 წლის მცველი მატს ჰუმელსი წერია.

ახალგაზრდა და ნიჭიერ უკანახაზელს, რომელსაც "ბორუსიასთან" კონტრაქტი 2014 წლამდე აქვს გაფორმებული, ტურინელები რამდენჯერმე დააკვირდნენ და ჩვენი იტალიელი კოლეგების ცნობით, სკაუტებმა კონტე დაარწმუნეს, რომ ჰუმელსის ყიდვა ღირს. "გაძეტას" ინფორმაციით, "იუვეს" ერთ-ერთი მენეჯერი ფაბიო პარატიჩი პარასკევს სტამბულში იმყოფებოდა, რათა თურქეთისა და გერმანიის ნაკრების მატჩში ჰუმელსს კიდევ ერთხელ დაკვირვებოდა, მაგრამ კოვზი ნაცარში ჩაუვარდა, რადგან ბუნდესგუნდის თავკაცმა იოახიმ ლიოვმა მატსი არ ათამაშა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული