"მილანის" საიდუმლო სერობა პეპ გვარდიოლასთან

AutoSharing Option
"გაძეტა დელო სპორტმა" მოულოდნელი ინფორმაცია გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, "მილანის" მესვეურები ხოსებ გვარდიოლას შეხვდნენ და შესაძლო თანამშრომლობაზე ჩამოუგდეს სიტყვა.

ცნობილია, რომ პეპი ერთი წელი დასვენებას აპირებს და როგორც ჩანს, ლაპარაკია 2013 წლის ზაფხულიდან თანამშრომლობაზე. სხვაგვარად არც შეიძლება იყოს, რადგან მასიმილიანო ალეგრის სულ ახლახანს გაუხანგრძლივეს ხელშეკრულება და მინიმუმ ერთი სეზონი აუცილებლად დარჩება დაკავებულ პოსტზე.

ავტორიტეტული გამოცემის მტკიცებით, შეხვედრამ ძალიან თბილ ვითარებაში ჩაიარა და გვარდიოლას არ დაუმალავს, რომ შეთავაზების შემთხვევაში, "მილანს" დიდი სიამოვნებით ჩაიბარებდა.

აქვე ვთქვათ, რომ ესპანელი სპეციალისტის სამსახურით ლონდონის "ჩელსის" და
მიუნხენის "ბაიერნის" მესვეურები არიან დაინტერესებულნი, რაც თავად მწვრთნელმაც დაადასტურა.

გვარდიოლას და "მილანის" მესვეურთა შეხვედრის ამბავი ჟურნალისტებმა მასიმილანო ალეგრიმდე მიიტანეს და კომენტარის გაკეთება თხოვეს - აქვე, მისი პოზიცია:

"კლუბთან ხანგრძლივვადიანი ხელშეკრულება მაკავშირებს და ზუსტად ვიცი, რომ ხელძღვანელთა დიდი ნდობით ვსარგებლობ...

გამომდინარე აქედან, წარმოდგენა არ მაქვს რაზე ისაუბრეს "მილანის" მესვეურებმა ხოსებ გვარდიოლასთან. ან საერთოდ შედგა კი ეს შეხვედრა? - პირველ რიგში, ესაა გასარკვევი.

ნებისმიერ შემთხვევაში, მე მშვიდად განვაგრძობ მუშაობას, რადგან წინ უამრავი საქმე მაქვს, მათ შორის, მოსამზადებელი შეკრების დაგეგვმა.

ისე, ვიცი, რომ სილვიო ბერლუსკონი გვარდიოლას კარგად იცნობს და თუ მათი გზები სადმე გადაიკვეთა, დალაპარაკების შანსს ხელიდან ნამდვილად არ გაუშვებდა. ასე რომ, ძალიან გთხოვთ, არაფრისგან პრობლემას ნუ შექმნით"
.

ამასობაში, "მილანის" ვიცე-პრეზიდენტი ადრიანო გალიანი გამოჩნდა პრესასთან და ჟულიო სეზარის შესაძლო გადაბირების თაობაზე გააკეთა კომენტარი:

"როგორც უკვე განვაცხადე, სატრანსფერო ბაზარზე საქმიანობას მოვრჩით და ამ საკითხს მხოლოდ საგანგებო შემთხვევაში მივუბრუნდებით.

ჟულიო სეზარი შესანიშნავი მეკარეა, მაგრამ მის გადაბირებას ნამდვილად არ ვაპირებთ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, კრისტიან აბიატი გვყავს, რომელსაც ბოლომდე ვენდობით.

საერთოდ, კარგი იქნება თუ ერთი და იგივეს ოცჯერ არ გამამეორებინებთ - სატრანსფერო ბაზარი ჩვენთვის უკვე დახურულია"
.

ამასობაში, ოფიციალურად დადასტურდა, რომ ალესანდრო ნესტა კარიერას კანადურ "მონრეალში" გააგრძელებს და ალბათ, იქვე დაასრულებს კიდეც.

ცნობისთვის, ამავე გუნდში გადავიდა კიდევ ერთი ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი მარკო დი ვაიო;

მოკლედ, კალჩოს მოყვარულებს თავისუფლად შეუძლიათ უგულშემატკივრონ ამ კანადურ გუნდს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ხოსეპ გვარდიოლა რუსეთის ნაკრებში იმუშავებს?
ხოსეპ გვარდიოლა: მაცდური წინადადების შემთხვევაში შეიძლება დავბრუნდე
ხოსეპ გვარდიოლა 2013 წლიდან მიუნხენის "ბაიერნს" გაწვრთნის?
ხოსეპ გვარდიოლამ მილიონნახევარი ევროს საფასურად ევრო 2012-ის მატჩების კომენტირებაზე უარი თქვა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული