ედინსონ კავანი რომ კარგად ირჯება და გოლს გოლზე იტანს, ეს ნამდვილად არ გვიკვირს, მაგრამ აი, სტეფან ელ შაარავი რომ "მილანის" ლიდერია, ეს ნამდვილად გამოსარჩევი ამბავია. მოკლედ, ქვემოთ იმ ხუთ ფეხბურთელს წარმოგიდგენთ, რომელთა თამაში ნამდვილი აღმოჩენა, გნებავთ, სიურპრიზია...
1. სტეფან ელ შაარავი (მილანი, 19)
მიმდინარე სეზონში სტეფან ელ შაარავიმ უდიდესი ნაბიჯი გადადგა წინ და "მილანის" მთავარ
მართალია, "როსონერი" კრიზისშია და საუკეთესო დროება არ უდგას, მაგრამ ‘მილანი" მაინც "მილანია" და ამ გუნდის ლიდერობა სახუმარო ამბავი ნამდვილად არ გახლავთ. დღეს თუ რამით ამაყობენ ლომბარდიული გრანდის მესვეურები, სწორედ ის გახლავთ, რომ თავის დროზე, ელ შაარავი "ინტერთან" და "იუვენტუსთან" კონკურენციაში გადაიბირეს.
ადრიანო გალიანის თქმით, სტეფანი მას ანდრეი შევჩენკოს აგონებს, რადგან უკრაინელის მსგავსად, თანაბარი წარმატებით თამაშობს როგორც სიღრმიდან, იერიშების დაწყების დროს, ისე დამაგვირგვინებელ ფაზაში.
ერთადერთ მის მინუსად თავით თამაში დაასახელა და იმედი გამოთქვა, რომ ახალგაზრდა შემტევი ამ კომპონენტშიც მოუმატებს. აღსანიშნავია, რომ ელ შაარავიმ იტალიის ეროვნულ ნაკრებშიც მიიღო მიწვევა და თუ ასე გააგრძელა, "სკუადრა აძურაშიც" დაიმკვიდრებს ადგილს.
2. ბორხა ვალერო (ფიორენტინა, 27)
ხუთეულში კიდევ ერთი ფლორენციელი მოხვდა, რომელიც ფაკუნდო რონკალიას მსგავსად, "ფიორენტინაში" გასულ ზაფხულს გადავიდა.
მართალია, ბორხა ვალეროსგან კარგი თამაში არავის უკვირს, მაგრამ ასე მალე თუ აუღებდა ალღოს იტალიურ ფეხბურთს, ნამდვილად არავის ეგონა. მით უმეტეს, არაერთი მაგალითის მოყვანა შეგვიძლია, თუ როგორ ჩაიკარგნენ სერია A-ში კიდევ უფრო გამოჩენილი და ცნობილი ესპანელი ვარსკვლავები...
მარტო გაისკა მენდიეტას მაგალითი რად ღირს, რომელიც "ლაციოში" დიდი ზარზეიმით გადაიბირეს, მასში კოლოსალური თანხა გადაიხადეს, მაგრამ სამაგიერო არაფერი მიუღიათ. მოკლედ, ბორხა ვალერო სტერეოტიპებს ამსხვრევს და ამტკიცებს, რომ ესპანელებს იტალიაშიც შეუძლიათ თამაში.
სერია A-ს მიმდინარე სეზონის დაწყებიდან შვიდი ტურია გასული და ბირხამ უკლებლივ ყველა შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მართალია, გოლი არ გაუტანია, მაგრამ საგოლე პასები უკვე დაარიგა და მთლიანობაში, გუნდის თამაშს სწორედ ის დირიჟორობს.
იტალიურ საფეხბურთო წრეებში ღიად აცხადებენ, რომ ბორხა ვალეროსა და დავიდ პისაროსგან შემდგარი საყრდენ ნახევარმცველთა ტანდემი ერთ-ერთი საუკეთესოა იტალიაში.
3. ალესანდრო ფლორენცი (რომა, 21 წლის)
ალესანდრო ფლორენცი "რომას" აღზრდილია და ამ გუნდის ყველა ასაკობრივი გუნდი აქვს გამოვლილი. უნიჭიერესი ნახევარმცველი გასულ სეზონში "კროტონეში" იყო განათხოვრებული და თავი შესანიშნავად წარმოაჩინა.
სერია B-ში 35 შეხვედრა ჩაატარა და 11 გოლი გაიტანა, რაც შუახაზელისთვის შესაშური შედეგია. სწორედ ამიტომ რომაელებმა მისი დაბრუნება და მთავარ გუნდში დაწინაურება განიზრახეს. მოკლედ, ფლორენციზე გარკვეული ავანსები ზაფხულშივე გაიცა, მაგრამ სეზონს თუ ასე წარმატებულად დაიწყებდა, ნამდვილად არავის ეგონა.
21 წლის შუახაზელმა ძირითად შემადგენლობაში დაიმკვიდრა ადგილი და თუ ასე გააგრძელა, შესაძლოა, გუნდის ერთ-ერთ ლიდერადაც კი მოგვევლინოს. ფლორენცი ისეთ ფეხბურთელებს უწევს კონკურენციას, რომლებიც "რომას" მესვეურებმა მილიონებად გადაიბირეს, რაც თავისთავად ბევრ რამეზე მეტყველებს.
ალესანდრო იტალიის ახალგაზრდულ ნაკრებშიც წარმატებით ასპარეზობს და ეროვნული გუნდის კანდიდატად ითვლება. ჩეზარე პრანდელიმ უკვე განაცხადა, რომ ახალგაზრდა რომაელს ყურადღებით აკვირდება და მასზე დიდ იმედებს ამყარებს.
4. ჟუან ჟესუსი (ინტერი, 21)
"ინტერის" მესვეურებმა 21 წლის ჟუან ჟესუსი "ინტერნასიონალიდან" გადაიბირეს და თავიდან იმასაც ამბობდნენ, ერთი სეზონი მას "კატანიაში" ან "ჯენოაში" იჯარის წესით მოუწევდა ასპარეზობა.
მილანურ გრანდს მოიჯარეებთან ერთი მოთხოვნა ჰქონდა: ჟულიოს სტაბილურად უნდა ეთამაშა, მაგრამ სიცილიელებმა და გენუელებმა ამ პირობის აუცილებელ შესრულებაზე კატეგორიული უარი განაცხადეს.
სხვაგან თადარიგში ჯდომას ისევ ჩვენთან იყოსო, იფიქრეს მილანელებმა და ბრაზილიელი თავისთან დაიტოვეს.
დღეს ისეთი რეალობაა, როგორსაც ალბათ თვითონ ფეხბურთელიც კი არ ელოდა - ჟულიო ჟესუსი "ინტერის" ძირითად შემადგენლობაში სტაბილურად ასპარეზობს და ისეთ გამოცდილ მოთამაშეებს უწევს კონკურენციას, როგორებიც ვალტერ სამუელი, კრისტიან კივუ და მატიას სილვესტრი არიან.
"ინტერის" მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა სტრამაჩონიმ უკვე განაცხადა, რომ ანდრეა რანოკიასა და ჟესუსისგან შემდგარი დაცვის ცენტრი "ინტერში" უკანა ხაზის პრობლემას მთლიანად აღმოფხვრის. მოკლედ, ახალგაზრდა ბრაზილიელს გუშინ განათხოვრებას უპირებდნენ, დღეს კი მასზე დიდი იმედები მყარდება.
5. ფაკუნდო რონკალია (ფიორენტინა, 25)
ფაკუნდო რონკალია "ბოკა ხუნიორსის" აღზრდილია, ყველაზე დიდი დრო ამ გუნდში აქვს გატარებული და გარკვეული წარმატებითაც დაიკვეხნის. შემდეგ ერთი სეზონი "ესტუდიანტესში" გაატარა და კარიერა იტალიაში, კერძოდ კი, "ფიორენტინაში" გაააგრძელა.
ბევრისთვის მოულოდნელად, ფაკუნდომ სეზონის სტარტზევე გაიბრწყინა და რამდენიმე შესანიშნავი მატჩი ჩაატარა. ფლორენციული გუნდი სამი მცველით ასპარეზობს, რონკალიას კი მარჯვენა ფრთა უკავია და გარდა უშუალო მოვალეობის შესრულებისა, შეტევაშიც კარგად ერთვება.
ვინჩენცო მონტელა მას ბოლომდე ენდობა და ასე ახასიათებს: "ასეთი სწრაფი, ტექნიკური და მოაზროვნე მცველი ჯერ არ მინახავს. რონკალიას უდიდესი შესაძლებლობები აქვს და "ფიორენტინამ" მისი გადაბირებით საშური საქმე გააკეთა".
აღსანიშნავია, რომ ფაკუნდო რონკალიას არგენტინის ნაკრებში არასდროს უთამაშია და როგორც თავად აცხადებს, იტალიის უმთავრეს გუნდში სურს ასპარეზობა.
რონკალიას თქმით, მისი წინაპრები ნეაპოლიდან არიან და თუ ოდესმე "სკუადრა აძურას" ფორმას მოირგებს, ამით წინაპართა სულებს გაახარებს. რაც მთავარია, ფაკუნდოს კომენტარს ჩეზარე პრანდელი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ 25 წლის უკანახაზელს ყურადღებით აკვირდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"