ესეკიელ ლავეცი მაფიოზებთან მეგობრობაში ამხილეს

AutoSharing Option
იტალიურმა სამართალდამცავმა ორგანოებმა მაფიოზური დაჯგუფების წევრები დააკავეს, რომლებზეც წლების განმავლობაში ძებნა იყო გამოცხადებული.

ჯგუფის ლიდერი გავლენიანი მაფიოზი სალვატორე ლო რუსო გახლავთ, რომელიც დღემდე იძებნება.

სამაგიეროდ, დაკავებულია მისი შვილი ანტონიო, რომლის გვარიც მრავალ დანაშაულთანაა დაკავშირებული.

და რა შუაშია აქ ფეხბურთი? - საქმე იმაშია, რომ ანტონიო ლო რუსოსა და სხვა მაფიოზების დაკავებასთან დაკავშირებით, იტალიაში დაკითხვაზე, არც მეტი, არც ნაკლები, ესეკიელ ლავეცი დაიბარეს.

27 წლის არგენტინელი მყისვე ჩავიდა ნეაპოლში და ჩვენებაც მისცა. საქმე იმაშია, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა ლავეცისა და ანტონიო ლო რუსოს ახლო
მეგობრობის ამბავი დაადგინეს და ისიც გაიგეს, რომ კრიმინალური ავტორიტეტი ხშირად სტუმრობდა ფეხბურთელს სახლში.

ასევე დადგინდა, რომ ესეკიელს ახლო ურთიერთობა ჰქონდა მაფიოზური დაჯგუფების კიდევ ერთ წარმომადგენელ მარკო იორიოსთან, რომელიც ნეაპოლში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს.

საერთოდ, ლო რუსოების ოჯახი, რომელიც სათავეში უდგას დაჯგუფებას, ნეაპოლიდან გახლავთ და მათი გავლენებიც ძირითადად ამ ქალაქზე ვრცელდება. აი, რა განაცხადა დაკითხვაზე ლავეციმ:

"ანტონიო ლო რუსოსთან მართლაც მქონდა მეგობრული ურთიერთობა, მაგრამ ნამდვილად არ ვიცოდი, თუ მას ამდენი დანაშაული ჰქონდა ჩადენილი.

ვიცოდი, რომ რაღაც დაჯგუფების წევრი იყო, მაგრამ სიმართლე გითხრათ, დეტალებით არასდროს დავინტერესებულვარ. ანტონიო გავიცანი, როგორც "ნაპოლის" თავგადაკლული გულშემატკივარი და მასთან სწორედ ამიტომ დავმეგობრდი.

დიახ, ამაში არაფერია გასაკვირი, რადგან ქომაგებთან არგენტინაშიც ახლო ურთიერთობა მქონდა. ანტონიო რამდენჯერმე მესტუმრა სახლში. ძირითადად, კომპიუტერული თამაშებით ვერთობოდით და მუდმივად იმაზე გვქონდა კამათი, თუ ვინ აირჩევდა "ნაპოლის".

მასზე კარგის მეტს ვერაფერს ვიტყვი, რადგან შესანიშნავი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა".


ლავეცის მეორე კრიმინალური ავტორიტეტის, მარიო იორიოს შესახებაც დაეკითხნენ:

"მარიო ანტონიომ გამაცნო და მასთანაც ახლო ურთიერთობა ჩამომიყალიბდა. ნეაპოლში ქურდობა ხშირია და სახლის უპატრონოდ დატოვება საკმაოდ სახიფათოა...

ამიტომ, როდესაც გასვლით თამაშებზე მივდიოდი, ყველაზე ძვირფას ნივთებს სწორედ მარიო იორიოს ვუტოვებდი.

მეგობრული ურთიერთობა გვქონდა და ამას ვადასტურებ, თუმცა მისი კრიმინალური საქმიანობის შესახებ ნამდვილად არაფერი ვიცოდი".


ეს თემა იტალიურ სპორტულ და არა მარტო სპორტულ პრესაში აქტიური განხილვის საგანია... ესეკიელ ლავეცის არც ჟურნალისტებს სჯერათ და არც უბრალო გულშემატკივრებს - ისმის მოწოდებებიც, რომ "ნაპოლის" ფეხბურთელებმა აღარ დააფარონ ხელი მაფიოზური დაჯგუფების წევრებს და პირიქით, ხელი შეუწყონ სამართალდამცავ ორგანოებს.

საქმე იმაშია, რომ ძალოვანი უწყებების წარმომადგენელთა განცხადებით, ნეაპოლელი მაფიოზები ხშირ შემთხვევაში "ნაპოლის" თავგადაკლული ტიფოზები არიან და ფეხბურთელებთან ახლო ურთიერთობებს ამყარებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული