"ინტერი" სატრანსფერო თამაშგარეში

AutoSharing Option
"იუვენტუსთან" გასვლითი მოგება "ინტერის" წარმატებული სვლის პიკი გახლდათ, რასაც მცირე ჩავარდნა მოჰყვა.

ანდრეა სტრამაჩონის გუნდმა ჯერ ბერგამოში წააგო "ატალანტასთან", შემდეგ კი "კალიარის" გაუყო ქულები და თანაც, საკუთარ მოედანზე.

ამან კიდევ ერთხელ დაგვანახვა, რომ მილანურ გრანდს სტაბილურობა აკლია და თუ ასე გაგრძელდა, გუნდს არათუ სკუდეტოსთვის ბრძოლა, ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაც კი გაუჭირდება.

იტალიურ სპორტულ პრესაში გავრცელდა ცნობები იმის შესახებ, რომ "ინტერის" მესვეურები აღნიშნული პრობლემის გადაჭრას ზამთრის სატრანსფერო პერიოდის გამოყენებით აპირებენ.

დასახელდა რამდენიმე გვარიც, რომელთა მომავალიც "ნერაძურის" დაუკავშირეს. განსაკუთრებით საინტერესო იყო ინფორმაცია
რადამელ ფალკაოსთან დაკავშირებით, რომელიც მადრიდის "ატლეტიკოს" ღირსებას იცავს.

სატრანსფერო საკითხებზე პრესას "ინტერის" სპორტული დირექტორი მარკო ბრანკა გაესაუბრა და გავრცელებული ცნობები კატეგორიულად უარყო:

"ზამთრის სატრანსფერო ბაზარზე არათუ ვიაქტიურებთ, საერთოდ არ ჩავერთვებით. საკმაოდ ძლიერი შემადგენლობა გვყავს საიმისოდ, რომ ყველა ფრონტზე უმაღლესი მიზნებისთვის ვიბრძოლოთ.

ამ საკითხზე ანდრეა სტრამაჩონისთან მქონდა საუბარი და ისიც იმავე აზრზეა. არ დავმალავ, ეკონომიკური კრიზისის პირობებში დიდი თანხების ხარჯვას ვერიდებით და ამ გადაწყვეტილების უმთავრესი მოტივი სწორედ ეს გახლავთ".


მარკო ბრანკას ვესლი სნეიდერის შესაძლო გასხვისების შესახებაც მოუხდა საუბარი:

"ვესლის ტრავმა ჰქონდა. პრაქტიკულად, გამოჯანმრთელდა და ძალიან მალე დაუბრუნდება მოედანს. ბევრმა ჩათვალა, რომ მისი ადგილი გუნდში აღარაა, მაგრამ რეალურად, ეს საკითხი არა ბევრმა, არამედ ერთმა ადამიანმა უნდა გადაწყვიტოს და ეს ერთი ანდრეა სტრამაჩონი გახლავთ.

მწვრთნელს ამ თემაზეც ვესაუბრე და ხაზგასმით თქვა, რომ ჰოლანდიელის დიდი იმედი აქვს. სნეიდერი ექსტრა-კლასის ფეხბურთელია და მისი გასხვისების არავითარი სურვილი არ გვაქვს. როდესაც ვამბობ, რომ სატრანსფერო ბაზარზე საერთოდ არ გავალთ, ეს არა მარტო ყიდვას, გაყიდვასაც ეხება".


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული