მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთმა ყველაზე გამორჩეულმა ფორვარდმა კარიერა ევროპის ჩემპიონატის დასრულებისთანავე დაამთავრა და როგორც განაცხადა, მწვრთნელობაზე აუცილებლად იფიქრებს.
ფიქრი არც აცალეს, უმალ შესთავაზეს ეროვნული გუნდის გაძღოლა, მაგრამ როგორც თვითონ თქვა, ამ ეტაპზე ეს მისთვის მეტად მძიმე ტვირთი იქნებოდა.
36 წლის ანდრეი რამდენიმე დღის წინ მილანში ჩავიდა და კლუბის ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრა გამართა.
იტალიურ სპორტულ პრესაში უმალ დაირხა ხმები, რომ შესაძლოა შევჩენკო "მილანის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ვიხილოთ.
მართალია,
- რა არის თქვენი მილანში ჩამოსვლის მიზეზი?
- მილანი ჩემი მეორე მშობლიური ქალაქია და აქ ჩამოსვლისთვის მიზეზები ნამდვილად არ მჭირდება.
საკუთარ სახლში მისასვლელად საბაბი გჭირდებათ? - მგონი, ყველაფერი გასაგებია. ისე კი, ბოლო ორი დღე მეტად ნაყოფიერად გავატარე, შევხვდი ძველ მეგობრებს და მათ შორის, ადრიანო გალიანის, რამაც დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია.
- ამბობენ, რომ "მილანის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ერთ-ერთი კანდიდატი ხართ...
- "მილანის" მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრია და ჩემი ინფორმაციით, მის გათავისუფლებას არ აპირებენ. "მილანი" ჩემი მეორე ოჯახია, აქ სიამოვნებით ვიმუშავებდი, მაგრამ ახლო მომავალში ეს გამორიცხულია.
სიმართლე გითხრათ, უახლოესი ორი წლის გეგმები უკვე დასახული მაქვს და იქ სამწვრთნელო საქმიანობის ადგილი, უბრალოდ, არ არის. ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეს გახლდათ, რის გამოც უკრაინის ნაკრების გაწვრთნაზე უარი განვაცხადე.
- საინტერესოა, რას აპირებთ უახლოეს ორ წელიწადში?
- ჯერ მხოლოდ ვეგუები იმ აზრს, რომ ფეხბურთს აღარ ვთამაშობ და ყოველდღიურ საწვრთნელ რეჟიმში აღარ მიწევს ცხოვრება. ეს ცოტა უსიამოვნო პროცესია, რომელიც უნდა გადავლახო. თუმცა, დასვენება მჭირდება და სექტემბრამდე ძირითადად უკრაინაში, კიევში ვაპირებ ყოფნას.
კარგად უნდა დავისვენო და ძალები სრულად აღვიდგინო. მომდევნო სეზონთან ერთად, ჩემი ახალი თავგადასავლებიც დაიწყება - ვაპირებ მოვიარო მთელი მსოფლიო და დავესწრო რაც შეიძლება ბევრ საფეხბურთო მატჩს.
მინდა ტრიბუნებიდან დავაკვირდე სპორტის უპირველეს სახეობას, უფრო კარგად შევისწავლო და გავაანალიზო.
ამასთან, დავათვალიერო მსოფლიო, რაც ყოველთვის მინდოდა. მართალია, უამრავ ქვეყანაში ვარ ნამყოფი, მაგრამ საწვრთნელი ბაზების და სტადიონების მეტი არაფერი მინახავს. აი, ეს არის ჩემი გეგმები და სამწვრთნელო საქმიანობის შესახებ მხოლოდ ამ ყველაფრის შემდეგ თუ ვიფიქრებ.
- კი, მაგრამ იმ პერიოდში თუ გექნებათ ასეთი შემოთავაზებები?
- ჯერჯერობით მხოლოდ უკრაინის ფეხბურთის ფედერაციიდან მქონდა შემოთავაზება, რაზეც ნებისმიერ შემთხვევაში უარს ვიტყოდი.
არანაირი სამწვრთნელო გამოცდილება არ მაქვს და ასეთ საპასუხისმგებლო საქმეს ვერ შევეჭიდებოდი. წარუმატებელი ნაბიჯით სამწვრთნელო საქმიანობის დაწყება არ მსურს და შესაბამისად, ფედერაციის წინადადებაზე დათანხმება მეტისმეტად გაუაზრებელი ქმედება იქნებოდა.
- კიდევ ვის შეხვდით ამ დღეებში?
- ძალიან ბევრ მეგობარს, მათ შორის, ყოფილ თანაგუნდელებს. ერთ-ერთ რესტორანში ძალიან სასიამოვნო საღამო გავატარეთ და ბევრი რამ გავიხსენეთ.
ჩემთან ერთად იყვნენ პაოლო მალდინი, ფილიპო ინძაგი და იბრაჰიმ ბა. მათთან განსაკუთრებულად ახლო მეგობრობა მაკავშირებს. მილანი ის ქალაქია, სადაც არასდროს მოიწყენ. მალე "მილანელოს" ვესტუმრები, სადაც ასევე ბევრი მეგობარი დამხვდება.
- "მილანის" თამაშს თუ ადევნებთ თვალს?
- მიმდინარე სეზონში "მილანის" არაერთი მატჩი ვნახე და ხშირ შემთხვევაში გაწბილებული დავრჩი. ძალიან საწყენია, რომ მსოფლიოს ყველაზე ტიტულოვანი გუნდი კრიზისშია, თუმცა დიდხანს ეს ვერ გაგრძელდება. ადრიანო გალიანის დიდწილად სწორედ არსებულ კრიზისზე ვესაუბრე და ჩემი აზრები გავაცანი.
ვფიქრობ, არაა საჭირო რევოლუციური ნაბიჯების გადადგმა, ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ზედმეტი აქტიურობა გუნდს კიდევ უფრო აჭრის. ამ "მილანს" აქვს პოტენციალი და დრო სჭირდება, რომ ეს დაგვანახვოს.
- ამბობენ, რომ სტეფან ელ შაარავი ანდრეი შევჩენკოს ჰგავსო...
- ასეთ შედარებებს ყოველთვის ვერიდებოდი, რადგან ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის ეს უფრო ტვირთი შეიძლება იყოს, ვიდრე სტიმული. როდესაც "მილანში" მივედი, მარკო ვან ბასტენს მადარებდნენ, რაც უფრო მთრგუნავდა, ვიდრე პირიქით.
ახალგაზრდა მოთამაშეს მშვიდად განვითარების საშუალება უნდა მივცეთ. ამას ჩემი გამოცდილებით ვამბობ. რაც შეეხება ელ შაარავის, ბრწყინვალე ფეხბურთელია, "მილანს" ნამდვილი ვარსკვლავი მოევლინა.
- გახდება ელ შაარავი ჩემპიონატის ბომბარდირი?
- მთავარია, რომ გოლები გააქვს და ბომბარდირობისთვის იბრძვის, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს. მე 23 წლის ასაკში გავხდი სერია A-ს მთავარი გოლეადორი, სტეფანი კი ჯერ მხოლოდ 20 წლისაა. ვფიქრობ, მას ყველაფერი წინ აქვს და ბომბარდირიც არაერთხელ გახდება.
სამწუხაროდ, მისი თამაშისთვის ტრიბუნებიდან არ მიდევნებია თვალი და ამის გამოსწორებას უახლოეს მომავალში ვაპირებ. "ნაპოლი"-"მილანის" პაექრობას ტელევიზიით ვუყურე და ელ შაარავის თამაშით ძალიან ვისიამოვნე. მისი პირველი გოლი პატარა შედევრი გახლდათ.
- ვინ არის ფავორიტი სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში?
- ორიგინალური არ ვიქნები, თუ ვიტყვი, რომ "იუვენტუსი". ტურინული გრანდი ყველა რგოლში ძალიან ძლიერია და ბუნებრივია, რომ ნომერ პირველ ფავორიტად ითვლება. ბევრი ამბობს, რომ "ვეკია სენიორას" თავდასხმაში უჭირს, მაგრამ მე ასე არ ვიტყოდი.
სებასტინ ჯოვინკოს და მირკო ვუჩინიჩს სიღრმიდან შესანიშნავად გამოსდით თამაში, დამაგვირგვინებელ ფაზაში კი ფაბიო კვალიარელა, ალესანდრო მატრი და ნიკლას ბენდტნერი თანაბრად სახიფათონი არიან. აღარაფერს ვამბობ მეკარეზე - ჯიჯი ბუფონი მსოფლიოში საუკეთესოა.
- როგორ ხედავთ იტალიური ფეხბურთის მომავალს?
- მიიჩნევენ, რომ იტალიური ფეხბურთი კრიზისშია, მაგრამ ასე მარტივად არ არის საქმე. "სკუადრა აძურა" ახლო წარსულში მსოფლიოს ჩემპიონი იყო, ევროპის უკანასკნელ ჩემპიონატზე კი ფინალში გავიდა.
იტალიის ნაკრები, ძირითადად, სერია A-ს გუნდებიდან ივსება, რაც იმას ნიშნავს, რომ არც იტალიურ საკლუბო ფეხბურთს აქვს პატარა რესურსი.
კარგია, რომ გუნდებში სულ უფრო მეტად ენდობიან ახალგაზრდა ფეხბურთელებს და ეს სტეფან ელ შაარავის მაგალითზეც მტკიცდება. ამ მიდგომით კალჩო მალე დაბრუნდება მწვერვალზე.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"