როდესაც ანდრეა პირლო მოედანზეა, "იუვენტუსი" 12 ფეხბურთელით თამაშობს

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსმა" "ჩელსისთან" მოგებით ჩემპიონთა ლიგაზეც გამოისწორა მდგომარეობა და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ევროპის უპრესტიჟულესი საკლუბო ტურნირის ჯგუფურ ბარიერს გადალახავს.

საერთოდ, "ვეკია სენიორას" შესანიშნავი ასპარეზობა აპენინური სპორტული პრესის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური განხილვის საგანია...

ტურინული გრანდი თითქოს ამოვარდნილია იტალიური საკლუბო ფეხბურთის საერთო დონიდან და განვითარების სხვა ეტაპზე იმყოფება. "იუვე" ისევე გამოირჩევა სერია A-ს სხვა გუნდებისგან, როგორც მისი ახალი არენა სხვა იტალიური სტადიონებისგან. მაინც რამ განაპირობა ტურინული გრანდის ასეთი პროგრესი?

ქვემოთ ამ თემაზე სამი ცნობილი პერსონა თავის მოსაზრებებს გაგვიზიარებს...

ჯანლუკა ვიალი
(იუვენტუსის ყოფილი ფეხბურთელი): "რაში მდგომარეობს "იუვენტუსის" წარმატების ფორმულა? - ეს გუნდი შექმნილია იმისთვის, რომ გაიმარჯვოს.

ეს, ზოგადად, და რაც შეეხება ანტონიო კონტეს "იუვეს", აქ გაცილებით მეტი მაქვს სათქმელი. ჩემი აზრით, "იუვენტუსი" თითქმის იდეალურად დაკომპლექტებული გუნდია და წარმატების ფორმულაც სწორედ აქ უნდა ვეძებოთ. თუ რატომ თითქმის, ამაზეც შემიძლია საუბარი.

ტურინულ გრანდს ერთი სუპერფორვარდი აკლია, რომელიც მოედანს უგოლოდ იშვიათად დატოვებს. ასეთი შესაძლოა ედინსონ კავანი ყოფილიყო, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ტრანსფერი არ შედგა.

"ბიანკონერის" თავდამსხმელთა საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ ისინი დაახლოებით თანაბარი დონის არიან და მიუხედავად მაღალი კლასისა, სტაბილურობა აკლიათ. დღეს შეიძლება ფაბიო კვალიარელამ გაიბრწყინოს, ხვალ კი მირკო ვუჩინიჩს ჰქონდეს ბენეფისი; მწვრთნელი კი მუდმივ მარჩიელობაშია.

რაც შეეხება სხვა რგოლებს, ყველაფერი იდეალურადაა. განსაკუთრებით ანდრეა პირლო უნდა გამოვარჩიო, რომელიც ჩამშლელიც გახლავთ და შემქმნელიც. როდესაც ანდრეა მოედანზეა, ჩათვალეთ, რომ "იუვე" მეტო
ქეს 12 ფეხბურთელით ეთამაშება. ნამდვილად არ ვაჭარბებ - "იუვეს" წარმატებაში პირლოს ლომის წილი მიუძღვის".

მარჩელო ლიპი (იუვენტუსის ყოფილი მწვრთნელი): "იუვენტუსის" წარმატების ფორმულა იმ სატრანსფერო პოლიტიკაშია, რომელიც კლუბის მესვეურებმა ბოლო პერიოდში გაატარეს. მიზანმიმართულად დაიმატეს ფეხბურთელები და სუსტი პოზიციები წარმატებით გააძლიერეს.

ავიღოთ ნახევარდაცვა, სადაც ანდრეა პირლო, არტურო ვიდალი და კვადვო ასამოა შესანიშნავად მოქმედებენ - ამ სამეულის დამატება ანტონიო კონტეს ინიციატივა იყო, რომელიც ფეხბურთელებში ბრწყინვალედ ერკვევა.

დაუმატეთ ამათ კლაუდიო მარკიზიო, შტეფან ლიხტშტაინერი, ან გნებავთ, პოლ პოგბა და ვიღებთ მეტად მობილურ, იდეალურ შუახაზს.

ერთი სიტყვით, წარმატების ფორმულა სწორ სატრანსფერო პოლიტიკაშია და ეს დიდწილად ანტონიო კონტეს დამსახურებაა. მან შექმნა კონცეფცია და ამის მიხედვით დაგეგმა სატრანსფერო პოლიტიკა. სხვები კი ხშირად პირიქით აკეთებენ: ჯერ მილიონებს ხარჯავენ ვარსკვლავებში და შემდეგ ფიქრობენ კონცეფციაზე. "იუვენტუსი" იტალიის ეროვნული ნაკრებისთვის საბაზო გუნდად იქცა, ეს კი კიდევ ერთი დიდი პლუსია. ისღა დაგვრჩენია, რომ ანტონიო კონტეს, ისევე, როგორც ანიელების ოჯახს, მადლობა გადავუხადოთ".


ანჯელო პერუცი (იუვენტუსის ყოფილი მეკარე): "არ მიკვირს, რომ "იუვენტუსი" კონკურენტებზე ორი თავით მაღლა დგას. "მილანმა" ბოლო პერიოდში არაერთი ექსტრა-კლასის ფეხბურთელი გაყიდა, რაც დღემდე ვერ ამიხსნია.

როგორ შეიძლება ჯერ ანდრეა პირლო გაუშვა გუნდიდან, შემდეგ ზლატან იბრაჰიმოვიჩი და ტიაგო სილვა მიაყოლო და ბოლოს ანტონიო კასანოსაც გამოეთხოვო?!

"ინტერი" ჯერ კიდევ არასტაბილურია და ეს ამბავი ჟოზე მოურინიოს წასვლის დღიდან დაიწყო. თუმცა, ამით იმის თქმა არ მსურს, რომ "იუვე" კონკურენტთა სისუსტის გამო ჩანს ძლიერი - ტურინელებმა სწორი სატრანსფერო პოლიტიკა გაატარეს და შედეგსაც შესაბამისს იმკიან.

ძალიან მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურის განვითარება - ახალ სტადიონზე ბურთიც უკეთესად გორავს და "იუვეც" უფრო სწრაფ ფეხბურთს ეჩვევა, ვიდრე მისი კონკურენტები.

ამად არის, რომ დღეს ერთადერთი იტალიური გუნდი უწევს კონკურენციას ევროპულ გრანდებს. ერთი სიტყვით, "იუვენტუსი" ყოველმხრივ მისაბაძია და ამიტომაც ვითარდება სწრაფი ტემპებით".


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული