კაპიტნის ბოლო მილანური სეზონი - მასიმო ამბროზინი ამერიკაში მიდის

AutoSharing Option
გასულ სეზონში "მილანი" არაერთმა ვეტერანმა დატოვა, რომელთა გვარები აქვე შეგვიძლია ჩამოვთვალოთ: ალესანდრო ნესტა, ჯენარო გატუზო, ჯანლუკა ძამბროტა, მარკ ვან ბომელი, კლარენს ზეედორფი, ფილიპო ინძაგი...

ძველი გვარდიიდან გუნდში მხოლოდ კაპიტანი მასიმო ამბროზინი დარჩა, რომელიც პრაქტიკულად ვეღარ ხვდება ძირითად შემადგენლობაში.

სწორედ ამიტომ მასიმომ მისთვის მეტად მძიმე გადაწყვეტილება მიიღო, რის შესახებაც "რაი სპორტთან" ისაუბრა. მის ნააზრევს თემების მიხედვით გთავაზობთ...

ბოლო სეზონი მილანში
ერთი მხრივ, მინდოდა "მილანი" სხვა ვეტერან ფეხბურთელებთან ერთად დამეტოვებინა, მაგრამ ვფიქრობდი, რომ მშობლიურ გუნდში საკუთარი შესაძლებლობები ჯერ ამოწურული არ მქონდა -
ამიტომ კონტრაქტის გახანგრძლივების გადაწყვეტილება მივიღე.

თუმცა, როგორც მიმდინარე სეზონი გვიჩვენებს, ამის აუცილებლობა არ იყო. ფაქტია, რომ პრაქტიკულად არ მიწევს თამაში და რაც დრო გავა, ვითარება კიდევ უფრო დამძიმდება.

ამიტომ ჩემთვის მეტად მძიმე გადაწყვეტილება მივიღე, რომლის მიხედვითაც ეს იქნება ჩემი ბოლო სეზონი "მილანის" შემადგენლობაში.

კარიერის დასრულებას ჯერ არ ვაპირებ და სავარაუდოდ, კიდევ ორი წელი ამერიკაში ვითამაშებ. იქ ბევრი მეგობარი მყავს, რომელთა შუამავლობითაც არაერთი გუნდი მთავაზობს თანამშრომლობას.

ოკეანის გაღმა სიამოვნებით ვითამაშებ. ეს ჩემთვის ახალი გამოწვევა იქნება.

ბოლო სეზონის იმედები
ყველაზე ოპტიმისტ გულშემატკივარსაც აღარ სჯერა იმის, რომ სკუდეტოსთვის ვიბრძოლებთ. ამიტომ ჩემი სურვილია, რომ ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში რაც შეიძლება, კარგად გამოვიდეთ.

ამასთან, სამეულში უნდა შევძვრეთ, რომ მომდევნო სეზონში "მილანმა" ისევ ევროპის უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირზე ითამაშოს.

ბედნიერი ვიქნები, თუ ორივე ამოცანას წარმატებით გადავჭრით და გულშემატკივრებს გავახარებთ. მინდა ტიფოზებს მხრებგაშლილი დავემშვიდობო. ამისთვის კი სეზონის ღირსეულად ჩატარებაა საჭირო.

კარიერის შესახებ
"მილანში" 1995 წლიდან ვარ და ჩემი მოგონებების დიდი ნაწილი სწორედ ამ გუნდს უკავშირდება.

"როსონერისთან" ერთად მოვიგე 4 სკუდეტო, 2 ჩემპიონთა ლიგა, 2 ევროპის სუპერთასი, ერთი იტალიის თასი და ორი იტალიის სუპერთასი.

როდესაც ამაზე ვფიქრობ, სიამაყით ვივსები და ღმერთს მადლობას ვწირავ, რომ "მილანს" დამაკავშირა. ყველაფრის თავიდან დაწყება რომ შემეძლოს, ისევ ისე მოვიქცეოდი და ისევ "როსონერის" მივუძღვნიდი მთელ კარიერას.

ყველაზე ემოციური მომენტი? - ეროვნულ ნაკრებში ხშირად არ მიწვევდნენ, მაგრამ მქონდა ბედნიერება, რომ 2000 წლის ევროპის ჩემპიონატზე მეთამაშა. ფინალში ფრანგებს უკანასკნელ წუთამდე ვამარცხებდით, შემდეგ კი მოხდა ის, რაც მოხდა...

არასდროს დამავიწყდება ის იმედგაცრუება, რაც მაშინ განვიცადე, რადგან ჩვენ ასე ახლოს ვიყავით ტრიუმფთან. ბედნიერი ვიქნებოდი უამრავ საკლუბო ტიტულთან ერთად, სანაკრებოც რომ მქონოდა, თუმცა მთლიანობაში, ბედს მაინც არ ვუჩივი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული