ადრიანო გალიანი: ვარსკვლავებს აღარ გავყიდით

AutoSharing Option
"მილანის" მესვეურებმა რომ გასულ ზაფხულს ბევრი "საგმირო საქმე" ჩაიდინეს, ყველამ კარგად ვიცით. ეს თემა იტალიურ სპორტულ პრესაში დღემდე აქტიური განხილვის საგანია, მაგრამ მთავარი კითხვები აქამდე პასუხგაუცემელი იყო - რატომ გაასხვისეს ლომბარდიელებმა წამყვანი ფეხბურთელები, რატომ გაუშვეს თითქმის ნახევარი გუნდი და რატომ არ გადაიბირეს მათი ღირსეული შემცვლელები? - რა მოხდა ასეთი გასულ ზაფხულს? - ამ ყველაფერზე ადრიანო გალიანიმ "რაი სპორტთან" გულახდილად ისაუბრა...

ფინანსური კრიზისი

ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რომ იტალიურ საკლუბო ფეხბურთში ფინანსურმა კრიზისმა დაისადგურა, რომელიც დღემდე გრძელდება.

ამის გამო არაერთი გუნდი
გაკოტრდა და გახსოვთ, ქვედა ლიგაშიც კი დაქვეითდა. მაგალითად, "ლაციო", "ფიორენტინა" და "პარმა" მნიშვნელოვნად დასუსტდნენ და სრულფასოვანი გრანდებიდან საშუალო სიძლიერის გუნდებად იქცნენ.

ჩვენც ვიყავით ამ საფრთხის წინაშე, მაგრამ უდიდესი ძალისხმევა გავიღეთ იმისთვის, რომ ამას ავცდენოდით. თუმცა საამისოდ დიდი მსხვერპლის გაღება გვიწევდა და მათ შორის სატრანსფერო კუთხით.

ყოველ ზაფხულს თითო ვარსკვლავის გასხვისება იყო საჭირო, რომ ფინანსური პრობლემები თავიდან აგვეცილებინა.

ასე გავუშვით ანდრეი შევჩენკო, რიკარდო კაკა და ა.შ. ეს ტრანსფერები ფინანსური კრიზისის თავიდან აცილებაში გვეხმარებოდა, მაგრამ ყოველთვის ასე ვერ გაგრძელდებოდა.

გადავწყვიტეთ, რომ ერთ ზაფხულს მთლიანად ჩაგვეგდო სატრანსფერო კამპანია, სოლიდური თანხები დაგვეზოგა და ვითარება ერთხელ და სამუდამოდ დაგვესტაბილურებინა. დღეს უკვე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ყველაფერი რიგზეა და კლუბს ფინანსური პრობლემები აღარ ემუქრება.

მომავალი
დასამალი არაა, რომ გასულ ზაფხულს დიდი ფული დავზოგეთ, რამაც ფინანსური პრობლემები საბოლოოდ მოგვიხსნა.

ამიერიდან, ჩვენ აღარ მოგვიწევს ვარსკვლავების გაყიდვა იმის გამო, რომ კლუბი გადავარჩინოთ. ამ ნაბიჯმა საბოლოოდ ამოგვასუნთქა და მშვიდად ყოფნის საშუალება მოგვცა. ჯობდა, ერთხელ მომხდარიყო ასე, ვიდრე ყოველ ზაფხულს ვარსკვლავის გაყიდვაზე გვეფიქრა.

დღეს უკვე ყველაფერი რიგზეა - მაგალითად, რამდენი მილიონიც არ უნდა შემოგვთავაზონ სტეფან ელ შაარავიში - მისი გასხვისების ალბათობა ნულია.

ამიერიდან ზამთრის და ზაფხულის სატრანსფერო კამპანიებს მხოლოდ გაძლიერებისთვის გამოვიყენებთ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ისე, რომ ფინანსური ფეარ პლეის პრინციპები არ დავარღვიოთ.

"მილანი" აუცილებლად დაიბრუნებს ძველ პოზიციებს და რაც შეიძლება მალე. ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული